სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 61 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
პაგანალიები პაგანალიები - (paganus ლათ. - გლეხი) სერვიუს ტულიუსის მიერ დაწესებული რელიგიური დღესასწაული; აღინიშნებოდა 24 იანვარს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პანთეიზმი პანთეიზმი - არის თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთესა და ბოროტებას მიღმაა. ამ აზრს იზიარებდა უდიდესი პრუსიელი ფილოსოფოსი ჰეგელი. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ - თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია; რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის სურათს ან თხზავს მელოდიას. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
პაპის უცდომელობა პაპის უცდომელობა - დოგმატი პაპის უცდომელობის ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის) შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე სამქადაგებლო კათედრიდან (ექს-კათედრა) გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას. პაპი გამოცხადებულია წუთისოფელში ქრისტეს მოსაყდრედ და, ამდენად, ხილული ეკლესიის წინამძღვრად. ყველა სხვა ეპისკოპოსი (პატრიარქებიც) მოციქულთა მოსაყდრენი არიან, პაპი ქრისტეს მოსაყდრეა. ეს თვალსაზრისი დოგმატის რანგში 1870 წელს ვატიკანის პირველ საეკესიო კრებაზე აიყვანეს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
პარლამენტი პარლამენტი - (ფრანგ. parlement) - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, კანონი, პარლამენტის რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილებები. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პარლამენტის ნორმატიული აქტები პარლამენტის ნორმატიული აქტები - პარლამენტის ნორმატიული აქტებია კანონი და პარლამენტის რეგლამენტი, //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
პარლამენტის წევრი პარლამენტის წევრი - სრულიად საქართველოს წარმომადგენელი პარლამენტში, არჩეული პროპორციული ან მაჟორიტარული საარჩევნო წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პარტნიორობა პარტნიორობა - იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთ მიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას. პარტნიორობა ეფუძნება: საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს, მიზნებს, ამოცანებს, მოგებას და კონტროლს. იგივე ითქმის ერთობლივი რესურსების გაზიარებაზეც. თანამშრომლობის დონეები ერთმანეთისგან განსხვავდება ურთიერთობათა ინტენსიურობით და აქედან გამომდინარე - განვითარების ტემპით. თანამშრომლობის დროს ინტენსივობის საზღვარი უნდა იდოს იქ, სადამდეც თითოეული პარტნიორი თავს მოხერხებულად გრძნობს. პარტნიორები ერთმანეთზე ზეწოლას არ უნდა ახდენდნენ. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
პასიური პერსონალობის დაცვის პრინციპი პასიური პერსონალობის დაცვის პრინციპი - ანუ ინდივიდუალური ინტერესების დაცვის პრინციპი (passives Personalprizip oder Individualschutzprincip). პასიური პერსონალობის პრინციპი გამოიყენება იმ უცხოელების მიმართ, რომლებმაც უცხოეთში მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინეს. ყველა მეცნიერი არ მიიჩნევდა ამ პრინციპს დამოუკიდებლად; ზოგიერთები აერთიანებდნენ მას რეალობის პრინციპთან, რომელიც მათი აზრით იცავდა როგორც სახელმწიფოს, ისე მისი მოქალაქეების ინტერესებს. ზოგიერთები დაცვის ერთიან პრინციპს ყოფდნენ ორ ქვეპრინციპად: სახელმწიფოს დაცვისა (Real – oder Staaschutzprinzip) და ინდივიდუალური დაცვის ქვეპრინციპებად (Individualschutzprinzip). XIX საუკუნის ბოლოსათვის ამ პრინციპმა საყოველთაო მოწონება ვერ მოიპოვა; მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ პრინციპს, მისი კანონმდებლობაში განმტკიცების შემდეგაც კი ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეროვნული სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების ფარგლების უზომოდ გაფართოებისაკენ იყო მიმართული. //ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
პასპორტი პასპორტი - სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის იმ წვეყნის მოქალაქეობას, რომელმაც გასცა ეს დოკუმენტი და ამოწმებს მფლობელის უფლებას დაბრუნდეს ამ სახელმწიფოში. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
პასქა პასქა - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ტანჯვას“, ,,წამებას“, ,,ვნებას“. აღდგომას (არაკომბინირებულს) ებრაულის გავლენით პასექსაც (ებრ. ფესახ) უწოდებენ. ვინაიდან ორივე სახელწოდება - პასექი და პასქა - ფონეტიკურად ერთმანეთს ჰგავს, კიდევ უფრო მეტად იჩენდა თავს ამ დღესასწაულების ერთმანეთთან გაიგივების საცდური. გარდა ამისა, ქრონოლოგიური პრინციპის გამო, რომ ქრისტე აღდგა პასექის შემდგომ, გაუმართლებელი იყო ამგვარი დამთხვევა. ამიტომ ჯერ მოციქულებმა, შემდეგ ეკლესიის მამებმა იმსჯელეს და 341 წელს ანტიოქიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, რომ ვნება და აღდგომა ქრისტეს გამომსყიდველ მისიაში თვისობრივად სხვადასხვა ფაქტებია და ერთ დღესასწაულად მათი მოაზრება - მძიმე თეოლოგიური შეცდომა. აღდგომა ანუ აღვსება უნდა ვიდღესასწაულოთ ებრაული პასექის სწორ კვირას ანუ ერთი კვირის შემდეგ. იგი არც წინ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს ისრაელიანთა პასექს. თუკი მთვარე აღივსება კვირა დღეს, ე.ი. დადგება ებრაელთა პასექი, აღდგომას ვიზეიმებთ შემდეგ კვირას. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
პატერნი პატერნი - ნიმუში, შაბლონი (მაგ. ქცევა) //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
პაციენტი პაციენტი - ნრბისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი - პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღწურვილი პირი //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
პაციენტის მეურვეობა და მზრუნველობა პაციენტის მეურვეობა და მზრუნველობა - მეურვეობა და მზრუნველობა უწესდება არასრულწლოვან ბავშვს რომელსაც არ ჰყავს მშობლები, ან პირი, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროთ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო. //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
პაციენტის ნათესავი პაციენტის ნათესავი - მეუღლე, მშობლები, ბებია, ბაბუა, პაპა, შვილი, შვილიშვილი, და-ძმა, დისშვილები, ძმისშვილები, მშობლების და-ძმა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, დანათესავებულები (მოყვრები) //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
პენტარქია პენტარქია - ,,ხუთმთავრობა“ IV ს-ის ბოლო წლებში მსოფლიო ეკლესია ხუთ დამოუკიდებელ საეპისკოპოსო კათედრად ანუ ხუთ ეკლესიად იყო დაყოფილი, - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საეპისკოპოსო კათედრებად, უფრო სწორად - საპატრიარქოებად. შემუშავდა თეორია, რომელიც მოცემულ ვითარებას, ე.ი. მთელი ოიკუმენეს ხუთ საპატრიარქოდ დაყოფას, საკრალურ - ეკლესიოლოგიური მოტივებით უმაგრებდა ზურგს. ლაპარაკია აღნიშნული კათედრების აპოსტოლური (მოციქულებრივი) წარმომავლობის რწმენაზე. რომის საყდარი წმ. პეტრემ დააარსა, კონსტანტინოპოლის (ეფესოდან გადმოტანილი) - იოანე ღვთისმეტყველმა, ალექსანდრიის - მარკოზ მახარებელმა, ანტიოქიის - ლუკა მახარებელმა, იერუსალიმის - წმ. იაკობმა, უფლის ძმამ. ცნობილია ამავე თეორიის მეორე ვარიანტიც. ქვეყანაზე ოთხი პატრიარქია, ოთხი მახარებლის კათედრათა მიხედვით. რომის პატრიარქს (პაპს) ლუკა მახარებლის კათედრა უჭირავს, კონსტანტინოპოლისას - იოანესი, ალექსანდრიისას - მარკოზისი, ანტიოქიისას - მათესი. მეხუთე პატრიარქს კი, იერუსალიმისას, ასეთი ტიტული მისი ქალაქის განსაკუთრებული სიწმინდის გამო ერგო. თუკი ქრისტეს მოძღვრებას რომელიმე ,,ბარბაროზი“ ერი ეზიარება, მისი ეპისკოპოსი ხუთიდან ერთ - ერთ პატრიარქს უნდა დაექვემდებაროს, კერძოდ იმას - ვისგანაც რჯული მიიღო. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემები - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
პეტრე დიდი პეტრე დიდი - (1672-1725) რუსეთის მეფე. ევროპაში მოგზაურობის შემდეგ მან სახელმწიფოში მთელი რიგი რეფორმები გაატარა, შექმნა ძლიერი ჯარი, ფლოტი. დაამარცხა შვეციის მეფე კარლოს XII. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პირადი თავდებობა პირადი თავდებობა - პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, ასევე სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იქნა გამოყენებული თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომლებიც თან დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოების) მოქმედებას. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იქნა გამოყენებული თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის მინიმალური ანაზღაურების ასმაგი ოდენობით. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
პირადი საიდუმლოება პირადი საიდუმლოება - საჯარო დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემები, რომელთა გასაიდუმლების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია თვით ამ პირის მიერ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
პირადი უფლება პირადი უფლება - ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი და ინდივიდუალური ხასიათის უფლება, თავისუფლება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პირდაპირი არჩევნები პირდაპირი აჩევნები – ასარჩევი პირები (ხალხის წარმომადგენლები) აირჩევიან ამომრჩეველთა მიერ პირდაპირი ხმის მიცემით (კენჭისყრით) და არა ამომრჩეველთა მიერ არჩეული ე.წ. ამომრჩევი პირების საშუალებით. //ხოფერია მარიამ. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
პირველი აკადემიური ხარისხი პირველი აკადემიური ხარისხი - ბოლონიის დეკლარაციით განსაზღვრული უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციას, რომელიც ენიჭება კურსდამთავრებულს მინიმუმ სამი წლის სწავლის ან 180 კრედიტის დაგროვების შემდეგ, ეწოდება პირველი აკადემიური ხარისხი. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
პირველი ინსტანცია პირველი ინსტანცია - რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1 პირველი ინსტანცია - პირველი ინსტანციის სასამართლოები არსებითად განიხილავენ საქმეს და გამოაქვთ გადაწყვეტილება. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1
პიუს IX პიუს IX - (1792-1878) პაპად იგი აირჩიეს 1846 წელს. პიუს IX-მ ერთი მხრივ მრავალი ლიბერალური ხასიათის რეფორმა ჩაატარა ეკლესიაში, მეორე მხრივ კი სწორედ მისი ინიციატივით იყო მიღებული ვატიკანის პირველ საეკლესიო კრებაზე პაპის შეუცდომელობის დოგმატი. გარდა ამისა, სწორედ პიუს IX-მ დაწერა ეგრეთ წოდებული ,,სილაბუსი“, რომელშიც აღნუსხული იყო იმ დროის ყველა ანტიქრისტიანული ცდომილება. ამ ტექსტში დიდი ადგილი უკავია ლიბერალურ ღირებულებათა კრიტიკას. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
პლატონი პლატონი - (ძვ. წ. 428-348-347) დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოწაფე. პლატონი ბევრს ფიქრობდა სახელმწიფოს პრობლემებზე; იგი ავტორია ოცდაათზე მეტი ფილოსოფიური დიალოგისა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პლინიუსი გაიუს ცეცილიუსი პლინიუსი გაიუს ცეცილიუსი - პლინიუს უფროსი (23-79) - რომაელი მწერალი, მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე, მისი თხზულება „ბუნების ისტორია“ წარმოადგენს ანტიკური ხანის საბუნებისმეტყველო ცოდნათა ენციკლოპედიას. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პლურალიზმის უარყოფა პლურალიზმის უარყოფა – შეზღუდვები, რომლებიც ეხება რელიგიურ, ენობრივ და კულტურულ თვითმყოფადობას. //გორდულაძე იარკლი. უმცირესობები რეგიონალიზაციის ზოდაგ ჭრილში // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
პოლიტიკა პოლიტიკა - (Policy) ორგანიზაციის შიდა წესების კრებული, რომლესაც კომპანიამ ფორმალურად და არაფორმალურად უნდა მისდიოს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას. სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პოლიტიკა არის კომპანიის ფორმალიზებული, განცხადებული და დოკუმენტირებული ვალდებულება. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
პოლიტიკური ელიტა პოლიტიკური ელიტა - პოლიტიკური ლიდერების მიერ შექმნილი გაერთიანებები, რომელთაც გააჩნიათ ელიტისადმი მიკუთვნებულობით გამოწვეული პრივლეგიები და სიამაყე, და რომელიც მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
პოლიტიკური მარკეტინგი პოლიტიკური მარკეტინგი - იკვლევს პოლიტიკური ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პრობლემას. მას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური გეოგრაფია, პოლიტოკური სემანტიკა, პოლიტიკური სოციოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სოციოლოგია და სხვ. პოლიტიკური მარკეტინგი წარმოადგენს თეორიებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ პოლიტიკის სუბიექტებს იმისათვის, რომ განსაზღვრონ თავიანთი მიზნები და პროგრამები და იმავდროულად ზემოქმედება მოახდინონ მოქალაქეთა ქცევაზე. //მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
პოლიტიკური პარტია პოლიტიკური პარტია - საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკური პატიმარი -არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Amnesty International”-ის განსაზღვრის თანახმად, ,,პოლიტიკური პატიმარი“ შეიძლება იყოს პიროვნება, რომელმაც დანაშაული პოლიტიკური მიზეზებით ჩაიდინა. ,,Amnesty International” მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დროულ, საჯარო და თანასწორ გასამართლებას. ამ განსაზღვრის მომხრეთა აზრით, პოლიტპატიმრობა არ გულისხმობს რაიმე პრივილეგიას ან განსაკუთრებულ სტატუსს. პოლიტპატიმრები კრიმინალები არიან; მაგრამ, ვინაიდან მათ დანაშაული პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაიდინეს, სასჯელი, ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების გამო, არ უნდა იყოს შეუფერებლად მკაცრი. //ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998
პოლიტიკური რეკლამა პოლიტიკური რეკლამა - საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ელემენტია. ესაა ტრადიციული პლაკატები, ტრანსფარანტები, ფურცლები თუ სატელევიზიო სარეკლამო რგულები. რეკლამა - ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტია. პოლიტიკური რეკლამის ძირითადი ამოცანებია: - გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი, ემოციური, ლაკონური, ორიგანული და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით; განაწყოს ამომრჩევლები მის მხარდასაჭერად; - ჩამოაყალიბოს მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგოს გარკვეული წარმოდგენა მათი ხასიათის შესახებ; - შექმნას სასურველი ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების, სიმპათიების მიმართულებას და სემდეგ ადამიანის მოქმედებასაც. პოლიტიკური რეკლამა, ბუნებრივია ამარტივებს რთულ პოლიტიკურ პროგრამებს და ის უბრალო ალტერნატივებზე დაჰყავს, მაგრამ სწორედ ამის გამო ის უაღრესად მისაწვდომი და პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი ხდება. //მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
პოლიტიკური ტერორიზმი პოლიტიკური ტერორიზმი - ფართო გაგებით, პოლიტიკურ ტერორიზმში მოისაზრება ქმედებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილის შეცვლისაკენ. //რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003
პოლიცია პოლიცია - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის საგანგებო ორგანოთა სისტემა. პოლიცია აწარმოებს დანაშაულის მოკვლევას, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პომპეუსი გნეუს მაგნუს პომპეუსი გნეუს მაგნუს - (106-48 წ. ძვ. წ.) რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 63 წელს დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე. 60 წელს იულიუს ცეზარსა და კრასუსთან ერთად შექმნა „პირველი ტრიუმვირატი“. მეტოქეობდა იულიუს ცეზარს; დამარცხებული პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი მოკლეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პოპილიუსი მარკუს ლენუსი პოპილიუსი მარკუს ლენუსი - რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, კონსულად მყოფი პოპილიუსი ძვ. წ. 173 წ. ლიგურიაში (თანამედროვე საფრანგეთის სამხრეთი სანაპირო) ბრძოლას წარმატებით მხედართმთავრობდა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
პორტრეტული ინტერვიუ პორტრეტული ინტერვიუ - პორტრეტული, ანუ ასე ვთქვათ, უჰალსტუხო ინტერვიუ რესპოდენტის არაოფიციალურ რაკურსში წარმოჩენას ისახავს მიზნად. ასეთი ინტერვიუ სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო უშუალოა. ჟურნალისტი ამ დროს ყოველთვის ცდილობს ყველაზე გულჩათხრობილი რესპონდენტიც კი “გახსნას” და რაც შეიძლება მეტი ათქმევინოს თავის პირად ცხოვრებაზე. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
პორტფოლიო პორტფოლიო - სტუდენტის ნამუშევრების (ხელოვნების ნიმუშები, საშემსრულებლო პრაქტიკა, პროექტები და ა.შ.) თემატური ნაკრები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
პოსტკოლონიალური ან ფერადკანიან ქალთა ფემინიზმი პოსტკოლონიალური ან ფერადკანიან ქალთა ფემინიზმი - ფერადკანიან ქალთა გამოცდილებიდან წამოიშვა, ცნობილია ასევე, როგორც ანტირასისტული ან ანტიიმპერიალისტური ფემინიზმი. ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს აკრიტიკებს, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს მჩაგრავი ძალების ურთიერთქმედებაზე, კერძოდ, რასობრივ და ეროვნულზე. ამ მიმართულების წარმომადგენლები აანალიზებენ, თუ როგორ არის გადაჯაჭვილი გენდერი, რასა, კლასი, ეროვნული და იმპერიალისტური იერარქიები, რაც განსაკუთრებით უთხრის ძირს მესამე სამყაროს ქალის ცხოვრებას. მისი აზრით, სისტემატური ჩაგვრა ჩართულია გლობალურ სისტემებში, მაგალითად, მესამე სამყაროს ქალების ძლიერი ექსპლოატაცია წარმოებებში, სადაც ოფლმდენი სისტემა არსებოს, განვითარებად ქვეყნებში შექმნილია მრავალეროვანი კორპორაციების მიერ. ეს მიმართულება ორმოციანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, მისმა წარმომადგენლებმა, ძირითადად ფერადკანიანმა ამერიკელმა ქალებმა, გააკრიტიკეს გაბატონებილი ფემინისტური დისკურსი, რომელიც ქალის გამოცდილებას საერთოობასა და ერთიანობაშო, ანუ ქალურ უნივერსალიზმში მდგომარეობდა. გაჩნდა ეროვნული, ლოკალური და ეთნიკური ფემინიზმები. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
პოსტმოდერნისტული ფემინიზმი პოსტმოდერნისტული ფემინიზმი - სერიოზულად უდგება ქალის ძალაუფლებას, ქალის ჩაგვრის და ქალის ბრძოლის საკითხებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ქალის და გენდერის გაგება გამარტივებულია. პოსტმოდერნისტულ ფემინიზმს მიაჩნია, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ქალი და კაცი. ჩვენ ყველას გვაქვს რასა, კლასი, კულტურული მემკვიდრეობა, ასაკი, და სხვა მრავალი თვისება, რომლებითაც აიგება ჩვენი იდენტობა, ქალები და მამაკაცები ამ და სხვა მაჩვენებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამდენად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი დიდი გამარტივებაა, რადგან ქალთა განსხვავებული ჯგუფები არსებობს. ამიტომ, ქალები პოლიტიკაში ერთი ხმით ვერ ილაპარაკებენ, ყველგან უნდა ვაღიაროთ მათი განსხვავება. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
პრაივესი პრაივესი - (Privacy) ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. პრაივესი არის ადამიანის სურვილი თავისუფლად აირჩიოს, თუ რა ვითარებაში და რა ხარისხით არის ის მზად, გახსნას საკუთარი თავი, საკუთარი ჩვევები და საქციელი სხვა ადამიანებისათვის. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორ რუთ გეივისონის (Ruth Gavison) აზრით, პრაივესი 3 ელემენტისაგან შედგება: საიდუმლოება, ანონიმურობა და განმარტოება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაიკარგოს როგორც ადამიანის სურვილით, ასევე გარედან ჩარევით. უფრო ზოგადად, პრაივესი ნიშნავს პირადი ცხოვრების მოწყობას საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, როდესაც უცხოთა ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ეხება პირად, საოჯახო და შინაურ ცხოვრებას, ფიზიკურ და სულიერ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას. დაუშვებელია, ადამიანის არასწორად წარმოჩენა, იმ არასასურველი ფაქტების გამჟღავნება, რომელიც არ არის საქმესთან დაკავშირებული, პირადი ფოტოების არასანქციონირებული გამოქვეყნება. ადამიანი დაცული უნდა იყოს შპიონაჟისაგან და გაუმართლებელი, ან დაუშვებელი უტაქტო ქმედებებისაგან, პირადი მიმოწერის მასალების არასწორი გამოყენებისაგან, იმ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან, რომელიც პიროვნებამ კონფიდენციალურად გაანდო ან მიიღო სხვისგან. პრაივესი პიროვნების ინფორმაციულ სუვერენიტეტსაც ნიშნავს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, აკონტროლოს საკუთარი და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. არავის აქვს ინფორმაციული სუვერენიტეტის შელახვის უფლება. პრაივესის დარღვევა განიხილება როგორც ძალადობა, ისევე, როგორც ფიზიკური ძალადობა თუ ქონების ქურდობა (თუ ქონებას ტრადიციულად განვიხილავთ როგორც ინდივიდის სხეულის გაგრძელებას, მაშინ ინფორმაცია ადამიანის შესახებ მისი სულის გაგრძელებაა). ამიტომ, პრაივესის დარღვევა შესაძლებელია ძალადობის გამოყენების კანონით დადგენილ პირობებში და მხოლოდ როგორც პასუხი ძალადობაზე. პრაივესის კონცეფცია ეყრდნობა ინდივიდუალური ინტერესების პრიმატს საზოგადოებრივ ინტერესებზე (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობენ ე.წ. ,,გამორჩეული ინდივიდები”, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს გამოხატავენ. სხვადასხვა ინდივიდი საზოგადოების სხვადასხვა ინტერესს გამოხატავს, საზოგადოება კი არაანტროპომორფულია, მას არა აქვს ,,საინფორმაციო ღრუ”, რათა საკუთარი ინტერესები გაახმოვანოს). საზოგადოებას არა აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს პირად საქმეებში, თუ ინდივიდი აშკარად არ გამოთქვამს ან გამოხატავს ამგვარ სურვილს. პრაივესის შესახებ მრავალრიცხოვანი მინიშნებაა ბიბლიაში; დიდი ყურადღება ეთმობა პრაივესის დაცვას ასევე ძველებრაულ კულტურაში, ძველ საბერძნეთში და ძველ ჩინეთში. პრაივესთან დაკავშირებული კანონმდებლობა სათავეს 1361 წლიდან იღებს, როდესაც ინგლისელმა მოსამართლეებმა გამოსცეს ,,მშვიდობის აქტი“ (Peace Act), რომელიც გახდა ჯაშუშობის საწინააღმდეგო სამართლებრივი საფუძველი. //საყვარელიძე ფრიდონ. პრაივესი, ანუ განმარტოების სიკეთის შესახებ // თავისუფლება N1(13) [2003იანვარი] თავისუფლების ინს-ტი. თბ.
პრევენცია პრევენცია - წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად (მაგ., კონფლიქტის პრევენცია) //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
პრეზიდენტი პრეზიდენტი - (ლათ. praesidens თავში მჯდომი) - რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში სახელმწიფოს ან სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ამ ფუნქციების შესასრულებლად პრეზიდენტს მინიჭებული აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება, უცხოეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების წარმოება, პარლამენტის თანხმობით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლების დანიშვნა და გათავისუფლება, კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრისათვის მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მთავრობის გადაყენება, საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მსჯავრდებულის შეწყალება და სხვა. ამავე დროს, პრეზიდენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პრეზიდენტის ნორმატიული აქტები პრეზიდენტის ნორმატიული აქტები - პრეზიდენტის ნორმატიული აქტებია დეკრეტი, ბრძანებულება და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
პრეზუმცია პრეზუმცია - [ლათ. Praesumptio] 1) ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება, 2) (სამართლის სფეროში) რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრი - (ფრანგ. premier პირველი) - მთავრობის მეთაური. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პრესკონფერენცია პრესკონფერენცია - პრესკონფერენციის დანიშნულება, ერთის მხრივ, ჟურნალისტების მეშვეობით საჯარო პირებისათვის საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე შეკითხვების დასმაა; მეორეს მხრივ, მედიაციის ეს ფორმა საშუალებას აძლევს თავად საჯარო პირს, თქვას თავისი სათქმელი. პრესკონფერენციების ფორმას ძირითადად ახალი ამბების გაცხადების მიზნით მიმართავენ, ან მაშინ, როცა ჟურნალისტების ინტერესი ცალკეული საკითხების მიმართ იმდენად დიდია, რომ ოფიციალური პირები ცალ-ცალკე ინტერვიუების მიცემას, ერთი პრესკონფერენციის მოწყობას ამჯობინებენ. პრესკონფერენციის ჩატარების მიზანშეწონილობას პრესსამსახურებს თავად სიტუაცია კარნახობს. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
პრესმოხელე პრესმოხელე - პრესმოხელე, რომელსაც სწორად აქვს გააზრებული ინფორმაციის თავისუფლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა, მედიასა და უწყებრივ ინტერესებს თანასწორუფლებიან სუბიექტებად მოიაზრებს და თავის უმთავრეს ამოცანად მედიატორულ ფუნქციას მიიჩნევს, უაღრესად სასარგებლოა როგორც ჟურნალისტთა კორპუსისათვის, ასევე მნიშვნელოვან სამსახურს უწევს საკუთარ უწყებას და შესაბამისად, მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალს, რადგან მედია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ხელისუფლების იმიჯსა და ავტორიტეტს. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
პრესსამსახური პრესსამსახური – თავის საქმიანობას უნდა ათანხმებდეს არა მარტო უწყების ხელმძღვანელთან, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს სხვა უწყებებთან კოორდინირებაც. როგორც ჟურნალისტს მოეთხოვება ნებისმიერი გზით მისთვის საინტერესო თემაზე ინფორმაციის მოპოვება, პრესსამსახურმაც უნდა შესძლოს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. შესაძლოა ამ მიზნის მისაღწევად მას ვიწროუწყებრივი არეალიდან გამოსვლაც კი მოუწიოს და სხვაგან მოუხდეს საჭირო ინფორმაციის მოპოვება. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
პროგრამა პროგრამა - (Program) კომპანიის მიერ თავისი ვალდებულების რეალიზაციისათვის გადადგმული რამდენიმე აქტიური ნაბიჯი. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები შეიძლება მონაცვლეობდეს არაფორმალური და შემთხვევითიდან - ფორმალურ თანმიმდევრულამდე. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
პროგრამის შეფასება პროგრამის შეფასება - (Program Evaluation) გაზომვადი ინდიკატორების შემოღება საპროგრამო საქმიანობების წარმატების შესაფასებლად და კომპანიის საქმიანობაზე თვალყურისდევნება ამ ინდიკატორების მიხედვით. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
პროექცია პროექცია - ფსიქოლოგიაში: საკუთარი გრძნობების, მოსაზრებებისა და განწყობების მიწერა სხვა პიროვნებისათვის. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
პროზელიტიზმი პროზელიტიზმი - პროზელიტი ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან („სეპტუაგინტადან“). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც არ არის მკვიდრი, ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან. ახალ აღთქმაში ნახსენები არიან პროზელიტები ანუ რჯულშეცვლილნი იუდეველთა გვერდით, მათ საპირისპიროდ (საქმე 2:10). პროზელიტად იხსენიება ბიბლიის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე აკვილა პონტოელი (IIს.ახ.წ.), რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაზე იყო მოქცეული. ძველ სამყაროში, ძველი აღთქმის პერიოდში და შემდეგაც ყოველი, ვინც რაღაც მიზეზითა თუ მიზნით შეეხიზნებოდა იუდეველთა ან სხვა აღმსარებლობის მატარებელ თემს, ჩეულებრივ იცვლიდა რჯულს ანუ ხდებოდა პროზელიტი. პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპაპეულ რჯულს და ქრისტიანობა აღიარეს. გარკვეული აზით, პროზელიტი იყო აბიათარი, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს მისი ზედწოდება, რომლითაც ის იხსენიება ისტორიაში: „ჰურიაყოფილი“ სწორედ ამ მოვლენის აღმნიშნველია, ანუ ამ სიტყვაში პროზელიტიზმის შედეგია გამოხატული. პროზელიტები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წმინდანები აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვანი. პროზელიტიზმი - საბერძნეთის კანონში პროზელიტიზმის შესახებ მოცემულია პროზელიტიზმის განმარტება პროზელიტიზმში იგულისხმება, პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნებაის ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრე საშუალებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტისა და გულუბრყვილობის გამოყენებით. პროზელიტიზმი - „პროზელიტიზმში“, კერძოდ, იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.(საბერძნეთის კონსტიტუცია) //აბაშიძე ლევან და სხვ., კიკნაძე ზურაბ, ქალდანი თამარ. რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (პროზელიტიზმი) / [ავტ.: ლევან აბაშიძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ქალდანი ; რედ.: ელგუჯა დადუნაშვილი] ; კავშირი "ჰუმან. საზოგადოებისათვის", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
პროკურატურა პროკურატურა - სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების მაწარმოებელი სახელმწიფო სტრუქტურა. გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლოში. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 პროკურატურა - სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონიერების დაცვის ფუნქციას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. პროკურატურა - 1. ახორციელებს სისხლის სამართლებრივი დევნას; 2. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; 3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას. 4. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; 5. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, თხზულებიღი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; 6. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; 7. კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. პროკურატურის მუშაობას უძღვება გენერალური პროკურორი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე თავად გენერალური პროკურორი ნიშნავს. კანონმა პროკურორებითვის, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის, გაითვალისწინა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭო ატარებს. პროკურატურაზე კონტროლის განხორციელების უფლება, კანონით მინიჭებული ფარგლების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მინიჭებული აქვთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას. ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების წესს, ასევე პროკურატურის უფლებამოსილებას, ორგანიზაციას, საქმიანობის წესსა და ა.შ.. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
პროკურორი პროკურორი - პროკურატურის ორგანოების თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს განსაზღვრულ უფლებამოსილებას. საქართველოს კანონმდებლობით, პროკურორი არის საქართველოს გენერალური პროკურორი, ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი ან მისი მოადგილე და სხვა. ყველა პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება გენერალური პროკურორის მიერ, გენერალურ პროკურორს კი ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. პროკურორად შეიძლება დაინიშნოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იურიდიული განათლებით, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურაში, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები, დადებული აქვს ფიცი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პროსკინეზისი პროსკინეზისი - ეს სიტყვა გამოიყენება ასამაღლებელში, რომლითაც სრულდება დიდი კვერექსი ლიტურგიის დასაწყისში: ,,რამეთუ შენი არს ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა“), ანუ მბრძანებლის წინაშე მიწაზე მთელი სხეულით განრთხმის წესია. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
პროტესტანტობა პროტესტანტობა - თავიდანვე, XVI ს-იდანვე, სამი მიმდინარეობის, სამი დენომინაციის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (იხ. ქვ.), ულრიხ (ჰულრიხ) ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). მათ ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული თეორია ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ, თითქოს, ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიისაგან, რა და როგორ უნდა სწამდეს; ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
პროფესიული კავშირი პროფესიული კავშირი - საქმიანობის მიხედვით საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია მისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პროცესი პროცესი - (ლათ. processus დაწინაურება) - სასამართლოში საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი, სამართალწარმოება. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას ეწოდება სისხლის სამართლის პროცესი, ხოლო სამოქალაქო საქმეზე - სამოქალაქო პროცესი, ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას - ადმინისტრაციული პროცესი და ა. შ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა