სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 


შედეგი: ნაპოვნია 53 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი - ბენ ლადენისა და ალ-ქაიდას საქმიანობის პიკად შეიძლება მივიჩნიოთ 1998 წლის თებერვალში შექმნილი საერთაშორისო გაერთიანება: ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი.” მასში გაერთიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ,,ალ-ქაიდა”, ,,ალ-გამაა ალ-ისლამი” (ეგვიპტე), ,,ალ-ჯიჰადი” (ეგვიპტე), ,,ხარაკატ ულ-ანსარი” (კაშმირი), ,,ჯიჰადი” (ბანგლადეში), ,,რჩევა და რეფორმის” სამხედრო ფრთა (ავღანეთი) და ,,ღვთისმსახურთა საზოგადეობა” (პაკისტანი). აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ფაქტიურად მოახდინეს თავიანთი ურთიერთობების ლეგალიზაცია. ,,ფრონტის” საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭო (შურა) ბენ ლადენის თაოსნობით (მის მოადგილეებად ითვლებიან აიმან ალ ზავაჰირი და ჯუმა ნამანგანი). ყველა შეიარაღებული ფორმირებანი ცენტრალიზებული მართვის პრინციპით მას ემორჩილებიან უსიტყვოდ. ,,ფრონტის” ეგიდით შექმნილია და მოქმედებს ე.წ. ,,ერთიანი საკოორდინაციო დაზვერვის ცენტრი-მუჰაბარატი”, რომლის რეზიდენტურები მოქმედებენ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. სწორედ 11 სექტემბერს ტერაქტი შედეგია ალ-ქაიდას ,,ფრონტის” დასავლეთ ევროპის და აშშ-ს რეზიდენტურების ერთობლივი საქმიანობისა. ,,ცენტრი” იყენებს თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებსაც: ფაქსებს, ინტერნეტს, კოსმოსური და ფიჭური კავშირის საშუალებებს. ,,ფრონტის” ძირითად მიზნებს შეადგენს: ა) აშშ-ს დემორალიზება იმდენად, რომ ვერ შეძლოს მუსულმანური ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა; ბ) სპარსეთის ყურის ქვეყნების, საუდის არაბეთის, ეგვიპტის მთავრობებზე ზემოქმედება პროამერიკულ პოლიტიკურ კურსზე უარის თქმის მიზნით; გ) ისლამური ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერის აღმოჩენა მათი ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით; დ) ავღანეთის, სუდანის და პაკისტანის ხელისუფლების მხარდაჭერა საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გატარების საქმეში; ე) ერთიანი ე.წ. ,,მწვანე ინტერნაციონალის” დაარსება (ხელმძღვანელი ალჟირელი ისლამისტი ჰასან ალ-ტურაბი), საერთო ,,ისლამური სახელწმიფოს” შექმნის მიზნის მიღწევით. ,,ფრონტის” მიერ განხორციელებული საერთო ღონისძიება იყო 1998 წლის 7 აგვისტოს დარ-ეს-სალმსა (ტანზანიის დედაქალაქი) და ნაირობიში (კენიის დედაქალაქი) აფეთქებების მოწყობა, რის შედეგადაც დაიღუპა 242 ადამიანი და 5 ათასი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. თუმცა მანამდე ,,ფრონტის” მებრძოლებმა საუდის არაბეთში ააფეთქეს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელმაც იმსხვერპლა 19 ამერიკელის სიცოცხლე და 300 კაცი დაიჭრა. ამიტომაც ავღანეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია - ,,უსაზღვრო სამართლიანობა” მიმართულია სწორედ ,,ფრონტის” და მის უკან მდგარი ძალების განადგურებისაკენ. აღნიშნული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს პრინციპით ,,სახელმწიფო გაერთიანების” წინააღმდეგ კლასიკური ომის ჩარჩოების გამოყენებით, რაც ერთგავრ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს გეოსტრატეგიაში. ,,ფრონტის” სამხედრო ბირთვს შეადგენს 15-20 ათასი მებრძოლი, ე.წ. ,,მუდმივი მზადყოფნის ძალები.” სამობილიზაციო რეზერვები არსებობენ ,,ფრონტის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სამხედრო ფორმირებები პირობითად იყოფიან: ფრონტებად (სავარაუდოდ 5 000-10 000-ზე მეტი მებრძოლი), ბრიგადებად (2 000-2 500 მერძოლი), ლეგიონებად (1 000 - 2 500 მებრძოლი), ბატალიონებად (საშუალოდ 3 00-500 მებრძოლი), რაზმებად (სავარაუდოდ 100-200 მებრძოლი), ოცეულებად (20-30 ადამიანი) და ჯგუფებად (5-10 მებრძოლი). აღნიშნული ფორმირებანი ეფუძნებიან მანევრიან და მობილური შენაერთების პრინციპს და მოქმედებენ ძირითადად ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საბრძოლო მოქმედებების საფუძველზე. სამხედრო წოდებებიც დაახლოებით შეესაბამება რელიგიური წოდებების პრინციპს: ამირა, ნაიბ ალ-ამირა, ემირი, შეიჰი (თუმცაღა რელიგიური წოდებები აქ დაქვემდებარებულია სამხედრო წოდებების იერარქიას). //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია - წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას. თავისი მნიშვნელობით ეს უპრეცედენტო დოკუმენტი, მიღებული 1950 წელს, 1953 წელს შევიდა ძალაში. კონვენცია ითვალისწინებს ყველა მოქალაქის ადამიანის განუყოფელ უფლებებსა და თავისუფლებებს და ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს შექმნას ამ უფლებების განხორციელების გარანტიები, რომლებიც გავრცელდება მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე. კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა შორის აღსანიშნავია სიცოცხლის უფლება, დაცვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან, პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ა.შ. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი - ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, დაფუძნებულია 1994 წელს. მან შეცვალა მანამდე არსებული ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მუდმივმოქმედი კონფერენცია. კონგრესი პრაქტიკულად ეხმარება ახალ წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, კონგრესი: - გამოხატავს ევროპის რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებს; - წარმოადგენს ფორუმს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ განიხილონ პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მთავრობებთან მიმართებაში; - გამოთქვამს რეკომენდაციებს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მისამართით, ადგილობრივი და რეგიონალური პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით; - მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას; - აწყობს მოსმენებს და კონფერენციებს, საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით; - ამზადებს რეგულარულ მოხსენებებს ქვეყნების მიხედვით, სადაც აღწერილია ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში და ამ ორგანიზაციაში შესვლის მსურველ სახელმწიფოებში; - ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის განხორციელების მონიტორინგს ადგილობრივ დონეზე. ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა ისეთ სახელმწიფოთა ხარჯზე, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური ბაზა საკმაოდ განსხვავდება. ამის გამო, გარკვეული ცვლილებები მოხდა კონგრესის მიზნებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი: - ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ქმედით ორგანოთა შექმნის მხარდაჭერა; - იმ ინიციატივების განვითარება, რომელთა მიზანია მოქალაქეთა მისწრაფების მხარდაჭერა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი და რეგიონალურ დემოკრატიაში; - რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის თანამშრომლობის მხარდაჭერა, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასიკეთოდ; - ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნების მონიტორინგი. კონგრესის შემადგენლობაში შედის ორი პალატა: ადგილობრივი ხელისუფლების პალატა და რეგიონების პალატა. ორივე პალატაში წარმოდგენილია 301 წევრი და 301 მათი მოადგილე. კონგრესის თავმჯდომარე აირჩევა ორ წელიწადში ერთხელ, რიგრიგობით თითოეული პალატეს შემადგენლობიდან. ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს არის: - ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისათვის კადრების მომზადების ევროპის ცენტრთა ქსელი; - ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე დემოკრატიის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის); - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) - ევროპის საბჭოს ორგანოა და მის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მისი მიზანია ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ პან-ევროპულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ამ კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია ,,მიდგომა ქვეყნების მიხედვით”, რომლის მეშვეობით იგი აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, და წარმოადგენს თავის წინადადებებს გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ - ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვას ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში, აგრეთვე პაციენტთა დაცვას მათი აქტუალიზირებული კოდის შექმნის გზით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ კონვენციის 1998წ. დამატებითი ოქმი, რომელიც კრძალავს ადამიანის კლონირებას. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის კონვენცია პირადი ხასიათის მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპის კონვენცია პირადი ხასიათის მონაცემთა დაცვის შესახებ - შეიცავს პრინციპებს, რომელთა შესაბამისად განისაზღვრება მოქალაქეთა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების კანონიერი და სამართლიანი საფუძვლები. აღნიშნული კონვენცია პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლთან და განსაკუთრებით აქტუალურია ,,ინტერნეტის” გავრცელების გათვალისწინებით. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ - მიღებულია 1987 წელს, ძალაში შევიდა 1989 წელს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დებულებათა შესაბამისად, კონვენციის გამოყენება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დამატებით დაცვას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მექანიზმის მეშვეობით. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის კულტურული კონვენცია ევროპის კულტურული კონვენცია - ადგენს ევროსაბჭოს საქმიანობის ჩარჩოებს განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში. სადღეისოდ ამ კონვენციის წევრია 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ამ ხელშეკრულებას 1997წ. 25 აპრილს, ევროსაბჭოში შესვლამდე ორი წლით ადრე. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის საბჭო ევროპის საბჭო - წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას. ევროპის საბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს და ამჟამად მის შემადგენლობაში შედის 43 ქვეყანა. საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი 1999 წლის 27 აპრილს. ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ევროპის საბჭოს წევრი, თუ იგი აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე. ევროსაბჭო იხილავს ევროპული საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან პრობლემას. მისი საქმიანობის პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლის დარგში, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემო და ტერიტორიების კეთილმოწყობა. ევროსაბჭოს ყოველდღიური საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება, რომელთა საფუძველზე შემდგომში ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის უნიფიცირება და შეცვლა. გარდა ამისა, ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ღიაა ხელმოწერისათვის იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც არ შედიან ევროსაბჭოს შემადგენლობაში. ევროპის საბჭოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ,,ნაწილობრივი შეთანხმებები”, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ,,ცვალებადი გეომეტრიის” ფორმით. ეს კი ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, დანარჩენი ქვეყნების თანხმობით, შეუძლია განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები საერთო ინტერესების სასარგებლოდ. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტი შემოღებულია 1999 წელს. კომისრის კომპეტენციაში შედის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის წახალისება და ამ სფეროში მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი. კომისარი აგრეთვე ახორციელებს პრევენციის ფუნქციებს, ასრულებს რა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და ორგანიზაციის სხვა სტრუქტურების ცალკეულ დავალებებს. ევროსაბჭოს სხვა ორგანოებთან მუშაობისას კომისარს შეუძლია წარადგინოს მოხსენებები, რეკომენდაციები და სხვა კონკრეტული ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტს და საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროპის სოციალური ქარტია ევროპის სოციალური ქარტია - (1961წ.) და მისი დამატებითი ოქმი (1988წ.) ითვალისწინებს მთელი რიგი ძირითადი უფლებების გარანტიებს. ეს უფლებები განაწილებულია ორ ჯგუფად: დასაქმების პირობების მარეგულირებელი უფლებები და სოციალურ შემჭიდროებულობასთან დაკავშირებული უფლებები. დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებები ითვალისწინებს შრომის უფლების სხვადასხვა ასპექტებს - გადამზადებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ა.შ. სოციალური დაცვის უფლება ითვალისწინებს შრომის დაცვისა და სოციალური დაზღვევის სისტემის უფლებას. დღესდღეობით ქარტია რატიფიცირებულია 28 სახელმწიფოს 1995წ. მიღებულ იქნა ქარტიის კიდევ ერთი დამატებითი ოქმი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების შეტანის სისტემას, რითაც დამსაქმებელთა და დაქირავებულ მუშაკთა გაერთიანებებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიტანონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში კოლექტიური საჩივრები სავარაუდო დარღვევების შესახებ. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი - ევროსაბჭოს ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის რეკომენდაციების, სხვადასხვა სამთავრობათაშორისო კომიტეტებისა და დარგობრივი მინისტრების წინადადებების შესასრულებლად. დაბოლოს, მინისტრთა კომიტეტი ამტკიცებს ევროპის საბჭოს საქმიანობის პროგრამასა და ბიუჯეტს. საგარეო საქმეთა მინისტრები აწყობენ შეხვედრებს წელიწადში ორჯერ მაინც, რათა შეაფასონ პოლიტიკური სიტუაცია და განიხილონ ევროპული თანამშრომლობის საკითხები. ევროპის საბჭოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრები ახდენენ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას თავიანთ მოადგილეებზე (პრაქტიკულად კი - მუდმივ წარმომადგენლებზე). მათი შეხვედრები ტარდება თვეში ორჯერ მაინც, ელჩების დონეზე. აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყნის მინისტრი რიგრიგობით, ექვსი თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კომიტეტს. ევროსაბჭოს წესდების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერიოზულად არღვევს საკუთარ ვალდებულებებს, მინისტრთა კომიტეტი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოცემული სახელმწიფოს წევრობის შეჩერების, მისი გამოწვევის და, უკიდურეს შემთხვევაში, ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებაც კი. მინისტრთა კომიტეტი აგრეთვე აკონტროლებს იმას, თუ როგორ სრულდება მოცემულ წევრ სახელმწიფოში მიღებული კონვენციებისა და შეთანხმებების მოთხოვნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში არსებულ კონვენციებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ძირითადი დოკუმენტები (ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, წამების საწინააღმდეგო კონვენცია და ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) ითვალისწინებენ შესრულების კონტროლის მექანიზმს. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - წარმოადგენს ევროპის საბჭოს მეორე მთავარ საწესდებო ორგანოს და გამოხატავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ძირითადი პოლიტიკური ძალების ინტერესებს. ამავე დროს, ასამბლეა ევროსაბჭოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას ჩვენი კონტინენტის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული საპარლამენტო ფორუმი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. თავისუფლად განსაზღვრავს რა საკუთარი დღის წესრიგს, ასამბლეა იხილავს აქტუალური და პერსპექტიული საკითხების ფართო წრეს, რომელიც მოიცავს თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის განსხვავებულ ასპექტებს. ასამბლეა იხილავს დარგობრივი კომისიების მიერ მომზადებულ მასალებს შემდეგი მიმართულებებით: - პოლიტიკური საკითხები; - იურიდიული საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვა; - სოციალური საკითხები; - ჯანდაცვისა და ოჯახის საკითხები; - კულტურის, მეცნიერებისა და განათლების საკითხები; - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხები; - ტერიტორიების მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა; - ეკონომიკისა და განვითარების საკითხები; - მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის საკითხები; - თანაბარი შესაძლებლობები ქალებისა და მამაკაცებისათვის; - წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. ასამბლეის მუშაობის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს მინისტრთა კომიტეტის საქმიანობისა და ორგანიზაციის ჩარჩოებში არსებული მთავრობათა შორის თანამშრომლობის მიმართულებათა განსაზღვრაში. გარდა ამისა, ასამბლეის წევრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას საკუთარ ეროვნულ პარლამენტებს და ამგვარად ახდენენენ ზეგავლენას საკუთარ მთავრობებზე. ასამბლეის 301 წევრის და 301 მისი მოადგილის არჩევა ან დანიშვნა ხდება ეროვნული პარლამენტების მიერ საკუთარი შემადგენლობიდან. კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პარლამენტართა რაოდენობა (2-დან 18-დე) დამოკიდებულია ამ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაზე. მაგალითად, 18-18 პარლამენტარით არიან წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, ხოლო ლიხტენშტეინს და სან-მარინოს წარმოადგენს სულ 2-2 პარლამენტარი. რაც შეეხება საქართველოს, მის ინტერესებს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოადგენს 7 დეპუტატი. ასამბლეის თავმჯდომარის არჩევა ხდება მისი წევრების რიცხვიდან. თავმჯდომარე და მისი 18 (დღესდღეობით) მოადგილე, აგრეთვე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შეადგენენ ასამბლეის ბიუროს. საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლეებს და ადამიანის უფლებათა კომისარს. საპარლამენტო ასამბლეის სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ სტრასბურგში (ქალაქი, სადაც განლაგებულია ევროპის საბჭოს შტაბ-ბინა). ეს სხდომები ღიაა ფართო საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, ერთი საგაზაფხულო სესია ტარდება ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ევქარისტია ევქარისტია - ანუ ლიტურგია (ჟამისწირვა). იგულისხმება სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის ძღვნა. ამის გამო ევქარისტიას ,,უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც“ უწოდებენ, რაც აღესრულება საზოგადო მსახურების ანუ ლიტურგიის შედეგად. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, - პური და ღვინო, რომელიც მოაქვთ მორწმუნეებს განწმენდილ სინდისთან და ლოცვასთან ერთად. ამ პურს, საგანგებოდ გამომცხვარს, უწოდებენ სეფისკვერს, ე.ი. სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს -ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი მართლმადიდებელი ქრისტიანები წყალს შეურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რაც უდრის ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ - წინადაგებას. იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე (მაგიდაზე) და იწყება წირვა ანუ უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ეთიკა ეთიკა - ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ჩვეულებას, ზნე-ჩვეულებას. ეთიკა არის მოძღვრება ზნეობის, მორალის შესახებ. //კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე / [მოამზადა მარიკა ცისკაძემ] - თბ. : Alpe, 2001.
ეთიკის კოდექსი ეთიკის კოდექსი - განსაზღვრავს მოქმედების წესებს და მოსამართლეთა მოვალეობებს საზოგადოების, საქმის მხარეებისა და ადვოკატების წინაშე, და მიანიშნებს, რომელი ქმედებები და აქტები არის პატივის, ღირსებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევა. (იურისპოდენცია რედ.) //მოსამართლეთა ასოციაციის სასამართლო ეთიკის კომისია (კალიფორნია), – თარგ. ბაქაქური ნინო. // ალმანახი ¹3, [მართლმსაჯულების სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.– 1998
ეთნიკური ეთნიკური - (ბერძ. ethnikos ტომი, ხალხის) - ამა თუ იმ ტომთან, ხალხთან დაკავშირებული. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ეთნიკური დისკრიმინაცია ეთნიკური დისკრიმინაცია – როცა განსაზღვრული ჯგუფები განიცდიან სოციალურ ექსპლუატაციას ან წარმოადგენენ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ობიექტს. ამის მაგალითია, ბოშათა ბედი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ანალოგიურ პრობლემას, ხშირად დაკავშირებულს რასისტულ ასპექტებთან, აწყდებიან მკვიდრი მცხოვრებლებიც, რაზეც მოწმობს აბორიგენების მდგომარეობა გვატემალასა და ავსტრალიაში. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება, დამცავი მექანიზმებისა და ხელისუფლების განაწილების სისტემის შექმნა; //გორდულაძე ირაკლი. უმცირესობები რეგიონალიზაციის ზოგად ჭრილში // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
ეთნიკური წმენდა ეთნიკური წმენდა - ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის დეპორტაცია ან მისი სხვაგვარი იძულებითი გასახლება მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან. რასაც მოჰყვება ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის წევრთა მკვლელობა ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება.” //გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ეთნიკური ჯგუფი ეთნიკური ჯგუფი - ადამიანთა პოპულაცია, რომლის წევრები ერთმანეთთან აიგივებენ თავის საერთო წარმომავლობის ან წინაპრების, საერთო კულტურის, ქცევების, ენის ან რელიგიის საფუძველზე.რომ განვაზოგადოთ, ეთნიკური ჯგუფის საერთო იდენტობა დაფუძნებულია რასობრივ, ეროვნულ, ან რელიგიურ კუთვნილებაზე. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. ეთნიკური ჯგუფი – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია ტომის, ეროვნების, ერისა და სხვა წარმონაქმნის სახით. თავის მხრივ, ეს სახელწოდება უთანაბრდება ტერმინს “ხალხის” ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას. //ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
ეთნოგრაფიული ტურიზმი ეთნოგრაფიული ტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის, რათა გაეცნოს ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, კულტურას, სიმღერებს, ცეკვებს, ტრადიციულ შიდარეწვას, მეწარმეობას და ა.შ. //კირვალიძე ნ. ტურიზმი და ეკოლოგია, [საოჯახო ტურისტული ბიზნესი],–მთის მოყვარულთა კავშირი,– თბ,–2005
ეთნოსი ეთნოსი - განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, რომელსაც გააჩნია საერთო, შედარებით სტაბილური ენობრივი, კულტურული, ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა ერთობებისაგან განსხვავებულობის განცდა, აღბეჭდილი მის ცნობიერებაში. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ეკლესია ეკლესია - ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი. ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე, ეკლესია გულისხმობს მორწმუნეთა და (და მხოლოდ მორწმუნეთა) კრებულს, საზოგადოებას, გაერთიანებას. ჩვენ სწორედ მეორე შინაარსი გვაინტერესებს. ეკლესიის წევრები არიან როგორც მართალი, ისე ცოდვილი მორწმუნეები. მაშასადამე, ეკლესია ფაქტობრივად და რეალურად შესაბამისი ქვეყნისა და საზოგადოების ყველა უბანს მოიცავს. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საზოგადოების ფართო ფენებთან და მის წიაღში მოქმედებს. ეკლესიის არსებითი ნიშანი არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოს კულტურასთან და ტრადიციებთან. მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად რა სტატუსი ექნება მას მინიჭებული. ეკლესია, როგორც წესი, ამა თუ იმ მხარის, ერისა თუ ეთნოსის ძირითადი სარწმუნოებრივი გაერთიანებაა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 ეკლესია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,კრებულს”, ,,საზოგადოებას’’, ,,ერს” (არა ნაციის გაგებით). მაშასადამე, ყოფითი აზრით, ეკლესიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. არის მორწმუნეთა საზოგადოება და 2. სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან. თეოლოგიური თვალთახედვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი: ზეციური და ამქვეყნიური ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა. ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს. აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზემოესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას. ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ეკონომიკის გლობალიზაცია ეკონომიკის გლობალიზაცია - ობიექტური მსოფლიო პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. იგი პლანეტას ერთიან ორგანიზმად აყალიბებს და ხელს უწყობს მისი ყველაზე დაშორებული კუთხეების განვითარებას. ეკონომიკის გლობალიზაცია - არის სისტემა შემქმნელი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისა და ქვეყნების ეკონომიკის მზარდი ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც იქმნება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარების, უამრავი ტრანსნაციონალური კორპორაციების, საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობებისა და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული გლობალური საზოგადოების შექმნის შედეგად. //ჭალაგანიძე შოთა, ჭალაგანიძე ეკა,– სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაცია,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ეკონომიკური საფრთხე ეკონომიკური საფრთხე - ქვეყნის შიდა და გარე ეკონომიკური პრობლემების (არსებულის და მოსალოდნელის) გართულების შედეგად წარმოქმნილი პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური მოვლენების და პროცესების ერთობლიობა, რომლებიც ხელს უშლიან პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს მიმდინარე და პერსპექტიულ განვითარებას. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეკონომიკური უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოება - წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004 ეკონომიკური უსაფრთხოება - მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიან სისტემასთან. მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია. წარმოუდგენელია, ქვეყნის ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების არსებობა არაეფექტური და სუსტი ეკონომიკის პირობებში და პირიქით. ფუნქციური თვალსაზრისით ეკონომიკური უსაფრთხოება არის სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის უნარი უზრუნველყოს საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა შიდა და გარე საფრთხეების პირობებში, რესურსების ეფექტური გამოყენება და განაწილება, ასევე სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება. სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური უსაფრთხოება არის იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, სტაბილურობას და მუდმივი განახლების უნარს. //ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, ¹8 (14),– დეკემბერი
ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია - ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ზოგად შეხედულებათა სისტემა, სადაც ჩამოყალიბებულია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მიზნის მიღწევის ძირითადი გზები კონცეპტუალურ (დოქტრინალურ) დონეზე. მის საფუძველზე მუშავდება ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პროგრამები - ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველზე მუშავდება ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივი პრო¬¬გრა¬მები (მაგ. ,,ენერგეტიკული უსაფრთხოება”, ,,სასურსათო უსაფრთხოება”, ,,კომუნიკაციების საფრთხოება”, ,,სტრატეგი¬ული რესურსებით უზრუნველყოფის უსაფრთხოება” და ა.შ.), რომლებიც, თავის მხრივ, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საფუძვე¬ლს წარმოადგენს. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა - წარმოადგენს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით გატარებულ კონკრეტულ ღონისძიებებს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად. ამ დროს, ხორცი ესხმევა ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარეობს მათი შესრულების მართვა, კონტროლი და კორექტირება. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია - ანვითარებს და აკონკრეტებს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს ცალკეული უმნიშვნელოვანესი ინდიკატორებისა და პარამეტრების მიხედვით, გამოყოფს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი (5-15 წ.) და საშუალოვადიანი (3-5 წ.) ¬ამო¬ცანებიდან გამომდინარე. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეკოტურიზმი ეკოტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის რომ გაეცნოს ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული როლი ენიჭება ბუნების დაცვის იდეის პოპულარიზაციაში, ტურისტთა ფართო მასებში ეკოლოგიის საკითხთა შესახებ ცოდნის გავრცელებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში. //კირვალიძე ნ. ტურიზმი და ეკოლოგია, [საოჯახო ტურისტული ბიზნესი],–მთის მოყვარულთა კავშირი,– თბ,–2005
ელჩი ელჩი - უმაღლესი დიპლომატიური რანგი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ემიგრაცია ემიგრაცია - (ლათ. emigrare გადასახლება) - სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტით -,,სამოქალაქო და პოლიციური უფლებების შესახებ“, ყველა ადამიანს აქვს თავისი თუ სხვა ქვეყნის დატოვების უფლება, რომლის შეზღუდვაც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, სხვა პირთა უფლებებისა თუ თავისუფლებების აუცილებლობით. საქართველოში ემიგრაციის სტატუსი, მისი უფლება-მოვალეობანი და ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1993 წლის 20 ივლისის კანონით ,,ემიგრაციის შესახებ,,. ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან; განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად წასვლის (ემიგრაციის) წესი და პირობები, აგრეთვე, მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ემისია ემისია -(ლათ. emissio გამოშვება) - ფასიანი ქაღალდების, ქაღალდის ფულის გამოშვება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ენციკლიკა ენციკლიკა — რომის პაპის მიმართვა, წერილი ყველა კათოლიკესადმი პოლიტიკის, რელიგიის, მორალის და მისთ. საკითხებზე. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ეპარქია ეპარქია - საეკლესიო თემების, ასე ვთქვათ, ოლქობრივ გაერთიანებას ეპარქია ეწოდება. ოლქის შესატყვისია და მის მმართველს ეპისკოპოსი (ზედამხედველი) ჰქვია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ეპისკოპოსი ეპისკოპოსი - ეპარქიის მმართველი (ზედამხედველი). ნებისმიერი საეკლესიო თემი ტერიტორიის მიხედვით შესაბამისი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედის. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევისა და მფარველობის მიღმა მყოფი ეკლესია ეკლესია არაა. ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად ეპისკოპალური ეკლესიაა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ერთობლივი აკადემიური ხარისხი ერთობლივი აკადემიური ხარისხი - ხარისხი, რომელიც ენიჭება მობილურ სტუდენტს ორი (ან მეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
ერი ერი/ნაცია - არის დიდი გაერთიანება ან აგლომერაცია ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათთვის საერთო და სხვებისაგან განსხვავებულ რასობრივ, ენობრივ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს ადამიანებს, აღიქვან თავი მათთვის ღირებულ ბუნებრივ გაერთიანებას მიკუთვნებულად: „ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ და ასე უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ“. ერი ხალხის ერთობა, ვინც მოახდინა თვითგამორკვევა, აქვს საერთო ისტორია, ენა, კულტურა და ქვეყანა. ერი არის ხალხის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მდგრადი ორგანიზაცია. ერი არის შედარებით დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ორგანიზებას უწევს და მართავს ერთი დამოუკიდებელი მთავრობა; აქვთ ტერიტორია, დამოუკიდებელი საელმწიფო, საერთო წეს-ჩვეულებები, წარმომავლობა და ისტორია. ერი არის ერთობა ხალხისა საერთო წარმომავლობით, ისტორიით, ენით, კულტურით და სხვა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს სახელმწიფო ან ტერიტორიული საზღვრები. ერი არის კულტურულად ჰომოგენური ადამიანების ჯგუფი, უფრო დიდი, ვიდრე ტომი ან თემი, რომელიც იზიარებს საერთო ენას, ინსტიტუციებს, რელიგიას და ისტორიულ გამოცდილებას. რომ განვსაზღვროთ ნაცია/ერი, - ეს არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა საერთო იდენტობა ქმნის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და პოლიტიკურ ერთობას //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. ერი - (ნაცია) ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმაა, რომელიც ყალიბდება ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის, ეროვნული კულტურის ძირითად თავისებურებათა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე. //ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
ერი სახელმწიფო ერი სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელშიც დომინირებს ერთი ეროვნული იდენტობა და რომელსაც გაჩნია სუვერენული მთავრობა. ერი-სახელმწიფოების მაგალითს წარმოადგენენ განვითარებული ქვეყნები, მაგ.: საფრანგეთი, გერმანია, აშშ (სადაც დომინანტი ერებია, შესაბამისად, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი); ასევე კანადა და ბელგია, სადაც ერთდროულად ორი დომინანტი ერი არსებობს. ერი-სახელმწიფოები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაგებული მათთან ერის ცნება და როგორ არის ჩამოყალიბებული ეროვნული იდენტობა. გენასხვავებენ ერის გაგების გერმანულ და ფრანგულ მოდელს. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. ერი-სახელმწიფო - პოლიტიკური საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად არსებობენ. ამ პოლიტიკურმა ერთეულებმა თავიანთი მოქალაქეები უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოებით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობით, განათლებით, საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის ფარგლებში ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სამართლის აღსრულება მოხდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით (მაგალითად, გზები). სახელმწიფოს განვითარების კვალობაზე ეს სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ეს ის მინიმუმია, რომელსაც თანამედროვე ერი-სახელმწიფო მეტ-ნაკლებად უნდა აკმაყოფილებდეს. //ბახტაძე რევაზ. არშემდგარი სახელმწიფო // ახალი აზრი,- ¹4 (10), – პოლიტიკური კვლევების ცენტრი- 2003,
ეროვნება ეროვნება - ერის, ხალხის გამაერთიანებელი სახელი. ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა; რომელიმე ერისადმი განკუთვნება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეროვნება და მოქალაქეობა ყოველთვის არ არის იდენტური. ეროვნული კუთვნილება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც აქვთ. არის ქვეყნები, სადაც მოქალაქეობასა და ეროვნებას შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ არის. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ეროვნება - ცნება სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გაიგება. კავკასიურ, კოლექტიურ კულტურაში, ეთნოსისა და ეროვნების ცნებები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა დასავლური კულტურა განასხვავებს ამ ცნებებს. დასავლურ (ევროპულ და ამერიკულ) მეცნიერებაში ეროვნება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ეთნოსი და უახლოვდება ერის გაგებას; ანუ, დასავლური გაგებით, ეროვნება შეიძლება აღნიშნავდეს და მოიცავდეს პიროვნების მოქალაქეობას, ეთნიკურ წარმომავლობას, სახელმწიფოებრიობას, ენას და სხვა ფაქტორებს. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკი - საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ეროვნული ბანკის შესახებ,,, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი მონეტარული და საზედამხედველო ფუნქციები. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა. ეროვნულ ბანკს აფუძნებს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - დირექტორ-განმკარგულებელი და პასუხისმგებელი ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ეროვნული უმცირესობა ეროვნული უმცირესობა - დღესდღეობით საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ტერმინის „ეროვნული უმცირესობა“ ზუსტი განმარტება, თუმცა მეცნიერთა და სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება შემდეგ განსაზღვრებაზე: ეროვნული უნცირესობა არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმძღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ეროვნული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოება - ცნების შინაარსი მოიცავს ერის, როგორც კულტურულ-პოლიტიკური ერთობის, ყველა იმ სასიცოცხლო პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად არსებობასა და განვითარებას. ტრადიციულად, ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმ ისტორიული რეალობის კონტექსტში, რის დროსაც მოხდა ეროვნული უსაფრთხოების, როგორც პოლიტიკური ლექსიკონის ტერმინის ჩამოყალიბება, მისი დამკვიდრებული გაგება ასახავდა მსოფლიოს ერების წინაშე იმ პერიოდში მდგარი უსაფრთხოების პრობლემის ძირითად შინარსს. ისტორიულად, ქვეყნის უსაფრთხოება გულისხმობდა მისი მოსახლეობისა და საარსებო სივრცის დაცვას. მიიჩნეოდა, რომ ქვეყანა არის უსაფრთხოდ, თუ გარეშე მოძალადეთა შემოტევის საფრთხე აცილებულია, ხოლო შინაგანი წესრიგის დამრღვევი დათრგუნვილი. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა წყდებოდა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისა და მათი ეფექტური ორგანიზაციის დონეზე. თანამედროვე პირობებში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება განიხილება არა მხოლოდ სამხედრო-პოლოტიკურ, არამედ ეკონომიკურ სისტემასთან მჭიდრო კავშირში. //ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, ¹8 (14),– დეკემბერი ეროვნული უსაფრთხოება - პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი ,,ეროვნული უსაფრთხოება” აშშ-ის 1901-1909 წლებში პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ს კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით. თ. რუზველტის დამსახურებაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტული გახდა. მას შემდეგ ,,ეროვნული უსაფრთხოების” ცნება უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენტაუმ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ჩართო არა მარტო სამხედრო, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი. აშშ-ი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად მიიღო შესაბამისი კანონი (1947 წ.) და იმავე წელს შექმნა სპეციალური სტრუქტურა - ,,ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო”. შემდგომ პერიოდში აღნიშნული პრობლემების მეცნიერული კვლევა მსოფლიოში კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა აშშ-ი ამ მხრივაც ლიდერად რჩებოდა. გამოქვეყნდა მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები (უ. ლიპმანის, ჯ. რენერის რ. კენანის და სხვ.), სადაც განხილული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ყველა სფეროს სადაც საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის საკითხები წყდება. ის მიიჩნევს, რომ თ. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ასაბუთებდა, რომ აშშ-ს ვალია გაავრცელოს საკუთარი გავლენა მთელს დედამიწაზე და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ააგოს ეროვნული ინტერესების კონცეფციის საფუძველზე. ასევე ცნობილი მეცნიერის და პოლიტიკური მოღვაწის ბჟეზინსკის აზრით კი, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია, არა მარტო სამხედრო ძლიერებაზე არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, მორალურ და სხვა სფეროებში სიძლიერეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს მისი საფუძველია. //ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, ¹ 1 (15), – 2004
ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ეროვნული, ანუ აქტიური პერსონალობის პრინციპი ეროვნული, ანუ აქტიური პერსონალობის პრინციპი - (Heimatsprinzip oder aktives Personalitätatsprinzip, Subditions-und Subjections-oder strafrechtliches Nationalitätsprinzip). ეს პრინციპი გულისხმობს დებულებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული ქვეყნის მოქალაქემ ჩადენილი დანაშაულისათვის ყველა შემთხვევაში, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ქვეყნის კანონებით. თუკი პირის მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული ისჯება მის ქვეყანაში, იგი სამშობლოში აგებს პასუხს (quilibert est subditus legibus patriae suae et exstra territorium). ამ პრინციპის ყველაზე გამოჩენილი დამცველები გერმანიაში იყვნენ ა. ბერნერი და ლ. ბარი, ხოლო საფრანგეთში - ფ. ელი, თუმცა ამ პრინციპის ზოგიერთი დებულება მათამდეც გამოითქვა. ა. ბერნერის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ ქვეყნის ყოველი ქვეშევრდომი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ვალდებულია დაემორჩილოს საკუთარი ქვეყნის კანონებს, ე.ი. ქვეყნის სისხლის სამართლის კანონი ავალდებულებს ყოველ მოქალაქეს პიროვნულად. ამგვარად, პირის ყოფნა ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქედ, წარმოშობდა მის მიმართ საკუთარი ქვეყნის კანონების გამოყენების საფუძველს. ა. ბერნერის მეორე არგუმენტი იყო ის, რომ დანაშაული არის ქმედება, რომელიც ხელყოფს პიროვნების ღირსებასა და პატივს. მოქალაქის ღირსების ხელმყოფმა, პასუხი უნდა აგოს სამშობლოს კანონებით, რომელიც განსაზღვრავს მისი სამოქალაქო მდგომარეობის ყველა პირობას. ა. ბერნერი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ პირი, საზღვარგარეთ წასვლისას, სრულიადაც არ კარგავს ფაქტიურ კავშირს სამშობლოსთან, ვინაიდან იგი სარგებლობს საკუთარი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვითა და მფარველობით, ხოლო დაცვის უფლება გულისხმობს, აგრეთვე, პირის ვალდებულებას დაემორჩილოს სამშობლოს მოთხოვნებს მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ა. ბერნერის თეორიის არსი მდგომარეობდა შემდეგში: პირმა უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი ქვეყნის სამართლებრივი პრინციპებით, დაიცვას მისი კანონმდებლობა და პასუხი აგოს ამ კანონების მიხედვით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. //ნარჩემაძე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
ეროუსმიტის ტესტი ეროუსმიტის ტესტი - ქმედების ,,აუცილებლობის’’ ტესტი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს იმის განსასაზღვრად, ექცევა თუ არა ადამიანის ქმედება ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათთა დაცვის ევროპის კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაცვის ფარგლებში. ეს ტესტი პირველად ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ გამოიყენა საქმეში ეროუსმიტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ტესტის მიხედვით ადამიანის ქმედება მხოლოდ მაშინ ექცევა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რელიგიისა და რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმის, წეს-ჩვეულების დაცვის, ფარგლებში, თუ იგი სავალდებულოა შესაბამისი რელიგიით ან რწმენით. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ესკალაცია ესკალაცია (კონფლიქტის) - გამწვავება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ესქატოლოგია ესქატოლოგია - მოძღვრება საბოლოო დღეზე. ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე ფორმულირებულია ,,მრწამსის’’ მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად. იქ ნათქვამია, რომ იესო ქრისტე კვლავ მოვა დედამიწაზე; აღდგებიან მკვდრები და შევაბიჯებთ მერმის საუკუნეში. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ეფორები ეფორები - ხუთი მაგისტრატი, რომელთაც სპარტაში ერთი წლის ვადით ირჩევდნენ. გადმოცემის თანახმად ეს თანამდებობა ლიკურგეს შემოუღია. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ეჭვიანობა ეჭვიანობა - ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება; //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
ეჭვმიტანილი ეჭვმიტანილი - დანაშაულის ჩადენაში საეჭვოდ მიჩნეული პირი, რომელიც დაკავებულია კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა