სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 19 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ობლიგაცია ობლიგაცია - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ობლიგაციის გამცემის მიერ სესხის აღების ფაქტსა და ობლიგაციის მფლობელის უფლებას დაიბრუნოს მიცემული ვალი დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებში. //გიორგიძე გოჩა, საწესდებო კაპიტალის სამართლებრივი ბუნება // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)],–საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
ოთონი, მარკუს სალვიუს ოთონი, მარკუს სალვიუს - (32-69) მცირე ხნით რომის იმპერატორი. ვიტელიუსის ჯარებთან დამარცხებულმა თავი მოიკლა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ოიდიპოსის კომპლექსი ოიდიპოსის კომპლექსი - ბავშვისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება მშობლებისადმი, რომელიც ყალიბდება სექსუალური განვითარების ფალიკურ ფაზაზე (3-4 წ.). ბიჭებში ესაა დედისადმი სიყვარული და ინცესტის სურვილი, ამავე დროს მამისადმი ეჭვიანობა და ზიზღი, ვითარდება მამის, როგორც მოწინააღმდეგის მოშორების სურვილი. როგორც წესი, ოიდიპოსის კომპლექსი პოზიტიურად ახასიათებთ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს აგრეთვე ნეგატიურიც - სიყვარული მამისადმი და სიძულვილი დედისადმი. ხანდახან, ორივე ფორმა შერწყმულია და მშობლებისადმი აღმოცენდება ამბივალენტური დამოკიდებულება. გოგონებთან ანალოგიური კომპლექსი - მამის სიყვარული და სიძულვილი დედისადმი, ისევე, როგორც შებრუნებული ვარიანტი იწოდება ელექტრას კომპლექსად. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ოიკუმენე ოიკუმენე - ცივილიზებული მსოფლიოს ის ნაწილი, სადამდეც რომის კულტურულ-პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ოლიგარქია ოლიგარქია - არისტოტელეს თანახმად, სახელმწიფო, რომელშიც ძალაუფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამდენიმე გვარს ეკუთვნის. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ომბუდსმენი ომბუდსმენი - (სახალხო დამცველი) - ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 ომბუდსმენი - (სახალხო დამცველი) - საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს 1996 წლის 16 მაისის ორგანული კანონით „სახალხო დამცველის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ომბუდსმენი - ,,ომბუდსმენი” შვედური სიტყვაა და ,,ინტერესების დამცველს” ნიშნავს. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაა. ომბუდსმენდს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ომბუდსმენი მმართველობის აპარატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანებს ადმინისტრაციის არასამართლებრივი, უკანონო მოქმედებისაგან იცავს. იგი რეგულირებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ის განიხილავს საჩივრებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების მიმართ და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. უფლება აქვს აწარმოოს გამოძიება, გასცეს რეკომენდაციები და გამოაქვეყნოს საანგარიშო მოხსენებები. საქართველოში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში ომბუდსმენის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და ალბათ მრავალი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ ქმედით და ეფექტურ სისტემას დაემსგავსოს, როგორიც დღეს მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუმცა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მას ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია. //ბაქაქური ნინო. ომბუდცმენის ინსტიტუტი და მისი ქართული სახესხვაობა //ალმანახი ¹6,–[ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (1)].–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998.
ომი ომი - სამხედრო მოქმედებები სახელმწიფოებს შორის, აგრეთვე სახელმწიფოებსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს შორის, რასაც თან სდევს მათ შორის არსებული ყველა სამშვიდობო ურთიერთობის სრული გაწყვეტა. სახელმწიფოებს შორის ომის შემთხვევაში წყდება დიპლომატიური, საკონსულო, სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა ურთიერთობები, ირღვევა შესაბამისი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ომი – ა) სამართლიანი, არამტაცებლური, განმათავისუფლებელი, თავდაცვითი, რომელიც მიზნად ისახავს ან ხალხის დაცვას გარეშე თავდასხმისაგან და დამონების ცდისაგან, ან კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების, დაპყრობილი ერების (ხალხების) ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას კოლონიური ჩაგვრისაგან. ასევე, ამგვარი ომი გულისხმობს საერთაშორისო შეიარაღებული ძალების გამოყენებას აგრესორებისა და ასევე, სხვა საერთაშორისო სამართალდამრღვევების წინააღმდეგ’‘; ბ) ომი - უსამართლო, აგრესიული, მტაცებლური, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების დაპყრობასა და დამონებას და რაც მიმართულია სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, მათი ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. //ჩუბინიძე ედიშერ. ომის სერთაშორისო-დანაშაულებრივი ხასიათი // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
ომის იარღები ომის იარღები - რომაელთა ჯარში ასე უწოდებდნენ მესანგრეებს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ოპერატიული ლიზინგი ოპერატიული ლიზინგი - საიჯარო ურთიერთობა, რომლის დროსაც ლიზინგის გამცემის ხარჯები, დაკავშირებული იჯარით გასაცემის საგნების მოპოვებასთან და შენახვასთან, ერთი ლიზინგური კონტრაქტის განმავლობაში არ იფარება საჯარო გადასახადით. //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი ¹ 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
ორგანული კანონი ორგანული კანონი - „ჩვეულებრივი“ კანონისაგან იმით განსხავდება, რომ იგი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული და პარლამენტის მისე მისი მიღებისთვის ხმათა მეტი რაოდენობაა საჭირო, ვიდრე „ჩვეულებრივი“ კანონისთვის. ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს „ჩვეულებრივ“ კანონთან შედარებით. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
ორდალიები ორდალიები - გამოცდა ცეცხლით, წყლით და ა.შ. ასეთ დროს დამნაშავე განისაზღვრებოდა დასახიჩრების ხარისხის მიხედვით. ორდალიები ტარდებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლის ზედამხედველობით. ორდალიების განხილვა არ შეიძლება როგორც სასჯელის სახე. ეს იყო ერთგვარად ჭეშმარიტების დადგენის პროცესი, რაც ემყარებოდა იმის რწმენას, რომ ღმერთი თავის ნიშანს დაასვამდა ჭეშმარიტ დამნაშავეს. //გოთუა ზურაბ. ანგლო-ამერიკული სისხლის სამართლის ზოგადი დახასიათება // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
ორიგე ორიგე - ორიგენიზმის დამაარსებელი. იგი დაიბადა 185 წლის ახლო ხანს ქ. ალექსანდრიაში ბერძნისა თუ ელინიზებული ეგვიპტელის ოჯახში. მიიღო შესანიშნავი განათლება მამის - ლეონიდეს - წყალობით. მის მასწავლებლებად ასახელებენ სახელგანთქმულ კლიმენტი ალექსანდრიელს და ფილოსოფოს ამონიოს საკას - ქრისტიანყოფილ წარმართს. დევნილების ჟამს მამამისი გაასამართლეს და ქონება ჩამოართვეს. სახლი გაპარტახდა. დედა და ექვსი უმცროსი ძმა ორიგენეს კმაყოფაზე აღმოჩნდა. იგი ასწავლიდა გრამატიკას და რიტორიკას ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იგი 17 თუ 18 წლის ასაკში. გავრცელდა ხმა - ჭაბუკმა მოძღვარმა, ლამაზმან მოწაფე გოგონებთან ცდუნების შიშით, თავი დაიკოდა, თუმცა ამ ცნობას ეკლესიის ძველი ისტორიკოსები საეჭვოდ მიიჩნევენ. სიმართლე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ორიგენემ ადრევე მოიხვეჭა ჩინებული მასწავლებლისა და ღვთისმეტყველის სახელი. მისი შრომები ხელიდან ხელში გადადიოდა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ორიგენიზმი ორიგენიზმი - მოძღვრება, რომლის ბურჯადაც ითვლება მღვდელი ორიგენე. ორიგენიზმის არსებით ნიშანს შეადგენს: 1. სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა ანუ სუბორდინიზმი, რაც, ცხადია, არღვევს ერთარსება-სამების დოგმატს; აღიარებს მასში იერარქიას და თვლის, რომ მამა აღემატება ძეს, ძე - სულს; 2. სულების წინასწარ არსებობის და გარდასხეულების ანუ რეინკარნაციის თეორია. მის თანახმად (როგორც აღმოსავლურ რელიგიებშია) სული არსებობს ხორცის უწინარეს და სახლდება ერთი სხეულიდან მეორეში: განიცდის მეტემფსიქოზს (აქ საგრძნობია პლატონის გავლენა); 3. რწმენა ეშმაკის გამოსწორების, ჯოჯოხეთის მოსპობის და საყოველთაო ცხონების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, ორიგენეს დამსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უდავოა. შეიძლება ითქვას, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანული დოგმატების მეცნიერულ-ფილოსოფიურ ენაზე გამოთქმას და გაამდიდრა საეკლესიო მწერლობა. აღზარდა ღვთისმეტყველთა დასი, რომელთა შორის ბრწყინავენ დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველმოქმედი. მას დიდად აფასებდნენ კაბადუკიელი მამები. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ორმაგი ეფექტის პრინციპი ორმაგი ეფექტის პრინციპი - პრინციპი, რომელიც მორალურად გამართლებულად მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც ორგვარი შედეგი მოსდევს, დადებითი და უარყოფითი. ქმედება მორალურად გამართლებულად ჩაითვლება, თუ დადებითი შედეგის სახით დაცული სიკეთე აღემატება უარყოფითი შედეგის სახით დამდგარ ზიანს. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ორმოცდაათიანელი ორმოცდაათიანელი - ბერძნულად, პენტეკოსტელი არის იმ ქრისტიანთა საერთო სახელწოდება, რომელთა თავისებურებას ქარიზმატული განწყობილება ანუ რელიგიური ანთებულობა (სიშმაგე, ტრანსი) და ,,უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი’’ (გლოსალალია) წარმოადგენს. ისინი დღეს თავიანთ თავს ევანგელისტებად, ანდა სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებად მოიხსენიებენ. ამ მიმდინარეობის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1906 წელი ითვლება, როდესაც ქ. ლოსანჟელესში პირველად შედგა ,,სულით ნათლობა’’ ,,უცხო ენებზე ლაპარაკითურთ’’. თუმცა ,,უცხო ენებზე ლაპარაკის’’ რიტუალი ამერიკელ ულტრაპროტესტანტებს ადრეც ჩაუტარებიათ. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ორმოცდაათიანელთა ისტორიას 1892 წლიდან იწყებს, ზოგიერთი - 1901 წლიდან. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ორჰუსის კონვენცია ორჰუსის კონვენცია - 2001 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შევიდა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება: 1998 წლის ორჰუსის კონვენცია რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით სფეროში ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის საკითხებს. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹ 3[ჰორიზონტი], თბ. 2003
ოქლოკრატია ოქლოკრატია - ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა; ნიშნავს მდაბიოთა, ბრბოს მმართველობას. ფიქრობენ, რომ ეს ტერმინი პირველად ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის (ძვ. წ. 200-12) მიერ უნდა ყოფილიფო გამოყენებული. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ოჯახი ოჯახი - საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო სამართლის 1152-ე მუხლით აღიარებულია მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა და განმარტებულია, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. სხვა უფლებებთან ერთად, მათ აქვთ საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის (თუ ამით არ ილახება ოჯახის საერთო ინტერესი) თავისუფლად არჩევის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სოციალური ან ქონებრივი მდგომარეობით ან სქესის ნიშნით წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია და იკრძალება კანონით. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
ოჯახური ძალადობა ოჯახური ძალადობა - ძალადობა, რომელიც ოჯახურ გარემოში შეიძლება მოხდეს. ვგულისხმობთ მეუღლეზე ძალადობის, ბავშვებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, მოხუცებულებზე ძალადობას, და ისეთ ძალადობასაც დასავლური ქვეყნების პრაქტიკაში, რომელიც ერთი სქესის ადამიანებს შორის ხდება. //სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹2 [ჰორიზონტი], თბ. 2003
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა