სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 14 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ქალაქი ქალაქი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული. საქართველოში ქალაქი შედის რაიონის შემადგენლობაში. არის ქალაქები, რომლებიც ასეთ შემადგენლობაში არ შედის. ესენია: თბილისი, ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ცხინვალი. ზოგი ქალაქი დაყოფილია რაიონებად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ქალის დისკრიმინაცია ქალის დისკრიმინაცია - (ლათ. discriminatio - განსხვავება) საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სქესობრივი ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, კერძოდ: შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერსა თუ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. სოციალურ დისკრიმინაციას მივყავართ ქალის სოციალური სტატუსის დაქვეითებისაკენ, ამასთან, იგი წარმოადგენს პიროვნებაზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას. კონვენციის მიხედვით, ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას, რაც ქალების მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული. //მეტონიძე ვერონიკა. ქალის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–1998
ქალის მიმართ ძალადობა ქალის მიმართ ძალადობა - მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქიკურ ძალადობას, რომელსაც ადგილი აქვს ოჯახში ცემის, სექსუალური იძულების ჩათვლით. ძალადობას, რომელიც აზიანებს ქალის სასქესო ორგანოებს და სხვა ტრადიციული ძალადობის სახეებს, რომლებიც მორალურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებენ ქალებს. ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია ექსპლუატაციასთან. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 ქალის მიმართ ძალადობა - მოიცავს ნებისმიერი ძალადობის აქტს, ჩადენილს სქესობრივი ნიშნის საფუძველზე, რომელიც ქალს აყენებს ან რომელმაც შეიძლება მიაყენოს ფიზიკური, სექსუალური ან მორალური ზარალი და ტანჯვა, ანდა მუქარას, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ აქტებს, იძულება ან თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. 1993 წელს გაერომ მიიღო სპეციალური დეკლარაცია ,,ქალის წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრის შესახებ”; 1994 წელს გაერომ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი ქალის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე (ფაქტების შეგროვება და ინფორმაციის დამუშავება); //ყიფშიძე ლალი. ძალადობა ოჯახში და ქალთა სოციალური პრობლემები // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
ქამოსი ქამოსი - ამონიტელების ღმერთი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ქანაანელები ქანაანელები - პალესტინისა და ფინიკიის მოსაზღვრე მხარის მაცხოვრებელნი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირი ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირი - პირი, რომელიც იძულებულ იქნა მოულოდნელად დაეტოვებინა საკუთარი სახლი ან საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, შიდა წინააღმდეგობის, ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევის ან ბუნებრივი თუ სხვა კატასტროფის გამო, საერთაშორისოდ ცნობილი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გარეშე. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
ქმედუნარიანობა ქმედუნარიანობა - პირის უნარი თვისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ყიდვა-გაყიდვა და ა. შ.) //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002 ქმედუნარიანობა - ქმედუნარიანობა შეგნებული, ნებელობითი მოქმედებით გამოიხატება. ამიტომ, უფლება-უნარიანობისაგან განსხვავებით, იგი ყველა მოქალაქეს შეიძლება არ გააჩნდეს. ქმედუნარიანად ითვლებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც თავისი ასაკობრივი და გონებრივი მდგომარეობის გამო, შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და შედეგები. ქმედუნარიანობა სრული მოცულობით 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე ქალი ან მამაკაცი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა. ამდენად, კანონმდებელი ქორწინებას მიიჩნევს ისეთი მნიშვნელობის ქმედებად, რომელსაც ძალუძს წარმოშვას ქმედუნარიანობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დააჩქაროს პირის ქმედუნარიანად აღიარება და ეს პირი შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ისე ქალი. //გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
ქმედუუნარო ქმედუუნარო - ფიზიკური პირის უუნარობა, თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნა აღიარებული. ქმედუუნაროა აგრეთვე 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი). ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე). //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ქმედუუნარო - პირი რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად არის აღიარებული. //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
ქონება ქონება - სამოქალაქო სამართალში ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომლის შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ქორწინება ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ქორწინება - განსაზღვრებით, რომელიც რომაელ იურისტს მოდესტინფსს (IIIს.) ეკუთვნის: „ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, მათი ცხოვრების ერთობას, მათ თანამონაწილეობას ღვთაებრივ კაცობრივ სამართალში“ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქორწინების განმარტება რომაული კანონებიდან ისესხა და მას წმინდა წერილზე დაყრდნობით, ქრისტიანული გააზრება მისცა. ბუნებრივია, დადგინდა კიდეც ის აუცილებელი წესები რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც ქორწინება ქმედითუნარიანად ითვლებოდა. ასევე დაწესდა გარკვეული აკრძალვებიც. ქორწინების ამკრძალავი გარემოებები შეიძლება ყოფილიყო აფსოლუტური და პირობითი. აბსოლუტური აკრძალვაა: როცა პიროვნებას ეკრძალება ქორწინება სხვა ნებისმიერ ადამიანთან. პირობითი აკრძალვა კი კრძალავს ორი კონკრეტული პიროვნების ქორწინებას. //ტარყაშვილი ნინო, ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ქორწინების დაბრკოლებები გარემოებები და განქორწინებულთა უფლება-მოვალეობები დეკანოზ ციპინის წიგნის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, –თბ.,– 2002 ქორწინება - ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომლის აუცილებელ პირობას მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს. სამოქალაქო კანონმდებლობით, ქორწინებისას მეუღლეები იძენენ სრულიად ახალ უფლებებს. ეს უფლებებია პირადი უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ გვარის არჩევის; საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის; საქმიანობის არჩევის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებები. //გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
ქრისტიანი ქრისტიანი - პირველად „ქრისტიანები“ უწოდეს ანტიოქიაში მოწაფეებს (საქმენი XI, 26), მათ, ვინც მოციქულთა მოძღვრება აღიარეს. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
ქრისტიანობა ქრისტიანობა - სიყვარულის, სიბრალულის, სინანულის, თანაგრძნობისა და თანალმობის რელიგია, რომლის ბირთვი თავად იესო ქრისტე, - მისი ცხოვრება, პირადი მაგალითი და მის ბაგეთაგან გამოთქმული მოძღვრებაა. ქრისტე ამ მოძღვრების კაცთა შორის დასანერგად მოვიდა. თანამოსაგრეებად თორმეტი მოციქული გამოირჩია (მათე 10:2-4). მოციქულებმა და მოციქულთა მოციქულებმა, რიცხვით სამოცდაათმა, ახალი მოძღვრება - ქრისტიანობა - მსოფლიოს მოჰფინეს. ქრისტიანობა არის ხსნისა და გამოსყიდვის რელიგია. ეს მისია, საბოლოო ჯამში, ყველა რელიგიას აკისრია, მაგრამ ქრისტეს მოძღვრებას სპეციფიკური ნიშნები აქვს. ეს, პირველ რიგში, ჯვრისა და ჯვარცმის, როგორც გამოსყიდვის საშუალების, მიმართ ითქმის. ლაპარაკია არა საკუთრივ ჯვარზე, როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე, არც ჯვარცმაზე - დასჯის ფორმაზე, არამედ შინაარსზე, რასაც მოიცავს ცნებები: ჯვარი და, მისგან განუყოფელი, გამოსყიდვის დოგმატი. იესო ქრისტემ ადამიანი და, მასთან ერთად, წუთისოფელი გამოისყიდა ჯვარცმამდე დამდაბლების გზით. მან მიატოვა ,,თავისი მამული’’, შეიმოსა მონის ხატი და ჯვარს ეცვა როგორც დამნაშავე, განწირული და მიუსაფარი. ახალი აღთქმის მთავარი ნიშანი ანუ სასწაული თავმდაბლობის შედეგად დაღვრილი და შეწირული სისხლია. მისი მოძღვრებისათვის ნიშანდობლივია ძველი ფასეულობების გადაფასება და ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების დამკვიდრება. მაგალითად, სიმდიდრე, სილაღე, თვალტანადობა, რასაც ელტვოდა წარმართთა ცნობიერება, ქრისტიანთა მიერ ჩათვლილია არაარსებით კატეგორიებად. გამოცლილი აქვს საფუძველი პრინციპს - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ამქვეყნიური დიდება, რაც ებრაელთა რჯულშიც თვალსაჩინოდ ფიგურირებდა, სახარების თანახმად სანუკვარი ფაქტი არაა. ადამიანს ადიადებს არა ძლიერი მკლავი, ანდა სავსე ქისა, არამედ უმანკო გული და სინდისი. ქრისტიანული ეთიკისა და მორალის სპეციფიკური ნიშანია შენდობა, მტერთათვის ლოცვა და ბოროტების სიკეთით გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ძველ აღთქმაში არაერთგზისაა აღნიშნული პირდაპირ თუ ალეგორიულად, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სიმდაბლის, მოთმინებისა და მიტევების პირადი მაგალითი გვიჩვენა. რა თქმა უნდა, ზნეობის ამ რანგამდე ასვლა ადვილი არაა და ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, ზრდა-განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ. ხელოვნურობა ამ სფეროში დამღუპველია. არ შეიძლება, თვალნაკლულებს ვუხმობდეთ სანადიროდ, სმენადახშულებს - სასიმღეროდ, ძალააყრილთ - საასპარეზოდ. ისინი ჯერ უნდა განიკურნონ (თუკი ექვემდებარებიან მკურნალობას). ასევე, სინდისისაგან დაშრეტილნი (თუკი მკვდარნი არ არიან ამ თვალსაზრისით), ჯერ უნდა გამოვაფხიზლოთ, ვაზიაროთ ზნეობის საერთაშორისო ნორმებს - ელინურს, ებრაულს, ვედურს (ე.ი. ძველ ინდურს), თუნდაც - ათეისტურს და შემდეგ მოვთხოვოთ უმაღლესი ეთიკა - მტერთათვის ლოცვა. საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, ჯერ უნდა შეასრულოს ძველი აღთქმის ნორმატივი, რომ ახალი აღთქმის სამანებს ეზიაროს, გაუსწოროს თვალი ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გონებით და ცოდნით, არამედ ცხოვრებით - სულით და გულით. ეს ნიშნავს შემდეგს: ჯერ ათ მცნებას უნდა დავეუფლოთ და აღვასრულოთ, რომ მივეახლოთ სახარების ცხრა ნეტარებას; ჯერ კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი, რომ გავთავისუფლდეთ მისი მარწუხებისაგან. დაბალგანვითარებულნი ვერა და ვერ გათავისუფლდებიან კანონის ზეგავლენისაგან. თუ დააპირებენ, გაცილებით მძიმე სასჯელს დაიტეხენ თავს... ახალი აღთქმის სიღრმე და სიდიადე, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, მისი პირადი მაგალითის გარდა, აღბეჭდილია შეგონებებში, ლოცვებში, სასწაულებსა და იგავებში. ესენია, მაგალითად, ცხრა ნეტარება (მათე 5:4-12), მამაო ჩვენო (მათე 6:9-13; ლუკა 11:2-4), იგავი შეცდომილ ძეზე ანუ, ძველი ქართული ტრადიციით, უძღებ შვილზე (ლუკა 15:11- 32), ათ ქალწულზე (მათე 25:1-13), ლაზარეს აღდგინებაზე (იოანე 11:1-45) და სხვა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ქრონიკული ალკოჰოლიკი ქრონიკული ალკოჰოლიკი - ფსიქიკური ჯანმრთელობის, საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, ქრონიკული ალკოჰოლიკი არის პირი, რომელსაც სმისთვის თავის დანებება არ ძალუძს და რომლის ცხოვრების წესზეც სმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გადაჭარბებული და უკონტროლო სმა ქმნის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რაც ფსიქიკური და აზრობრივი ფუნქციების შესამჩნევ მოშლას იწვევს. ქრონიკული ალკოჰოლიზმი უნდა განვასხვავოთ გადაჭარბებული სმისაგან, რაც ნებსით ქმედებად რჩება და სამართლებრივი დაცვის საშუალებას არ წარმოადგენს. ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ეს არის მუდმივი მდგომარეობა, როდესაც პირი ინტოქსიკაციის გარკვეული ხარისხის ან მისი გარკვეული შედეგის ქვეშ იმყოფება. ამრიგად, ეს დაავადებაა. სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, იურიდიული მეცნიერება ასკვნის, რომ ქრონიკულ ალკოჰოლიკს ნორმალური ქმედება და ადექვატური რეაგირება აღარ ძალუძს და, ვინაიდან მას არ შეუძლია არ დალიოს, აღნიშნული მდგომარეობა მის კონტროლს გარეშეა. თუ ვაღიარებთ, რომ ეს მდგომარეობა დაავადებაა, კანონით, ასეთ პირებს მკურნალობა უნდა დაენიშნოთ. უპრეცედენტო შემთხვევაში, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 1966 წელს დაადგინა, რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმი თუნდაც ნებით გამოწვეული, სამართლებრივი დაცვის საშუალებაა, თუმცა, 1968 წელს უზენაესმა სასამართლომ ეს თეორია უარჰყო. (ამერიკულ სისხლის სამართალი) //მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ქრონოსი ქრონოსი - დროის ღვთვება ძველ საბერძნეთში. რომში ქრონოსი სატურნთან გაიგივდა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა