სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 18 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
უბიწოება უბიწოება - ქრისტიანული სათნოებაა. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი - ცვალებადი. ლამის შიშველი ქალი წყნარი ოკეანიის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე, დამოუკიდებლად ჩაცმულობისა, ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს უბიწოდ (ან პირიქით). ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, შექსპირის დროის ზნეკეთილი მანდილოსნები რომ იყენებდნენ, მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ თავაშვებული ქალებისაგან შეგეძლოთ მოგესმინათ. როცა ადმიანები მათ საზოგადოებაში მიღებული წესიერების კანონებს არღვევენ, რათა თავიანთ თავში ან სხვაში ავხორცი ვნება აღძრან, მაშინ ისინი უბიწოების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
უდავო წარმოება უდავო წარმოება - სასამართოს მიერ ისეთი საქმეების განხილვა, რომლებიც არ შეიძლება იყოს დავის საგანი ვისიმე მხრიდან, ანუ, ვთქვათ, მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების, საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის, იურიდიული ფაქტების დადგენის, შვილად აყვანის შესახებ. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
უდანაშაულობა უდანაშაულობა - ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
უზბეკეთი უზბეკეთი - ფართობი: 447,400 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ავღანეთი (137კმ), ყაზახეთი (2.203კმ), ყირგიზეთი (1,099კმ), ტაჯიკეთი (1,161კმ), თურქმენეთი (1,621კმ); ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ცინკი, მოლიბდენი; მოსახლეობა: 25,155 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უზბეკები 80%, რუსები 5,5%, ტაჯიკები 5%, ყაზახები 3%, კარაკალპაკები 2,5%, თათრები 1.5%, სხვები 2,5% (1996წ.); რელიგიები: მუსლიმები 88% (ძირითადად სუნიტები), მართლმადიდებლები 9%, სხვები 7,1%. ენები: უზბეკური 74,3%, რუსული 14,2%, ტაჯიკური 4,4%; სხვები 7,1%. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: უზბეკეთი მშრალი ქვეყანაა, ჩაკეტილ ქვეყანაში ინტენსიურად მუშავდება ტერიტორიის 10%. საბჭოთა კავშირის პერიოდში უზბეკეთი უღარიბეს ადგილად ითვლებოდა, სადაც მოსახლეობის 60% მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში ცხოვრობდა. დღეს კი, ქვეყანა მსოფლიოში ბამბის მესამე, ხოლო ოქროსა და გაზის უდიდესი მწარმოებელია, რეგიონში კი ქიმიური და მანქანათმშენებლობის დარგებში ლიდერია. 1994 წლიდან, ინფლაციის მაღალი დონის მიუხედავად, მთავრობამ რეფორმები დაიწყო, შემოიღო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩაატარა ფართო პრივატიზაცია, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი შეკვეცა, გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. თუმცა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში თავისი ძლიერი როლის შენარჩუნებამ სტრუქტურულ რეფორმებს ხელი შეუშალა, რაც ეკონომიკის ჯანსაღი განვითარების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. სამხედრო ხარჯები: 200 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 2% (1999წ.); საერთაშორისო დავები: ისლამისტი ტერორისტების პერიოდული შემოჭრა ავღანეთიდან და ტაჯიკეთიდან. //კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
უზენაესი სასამართლო უზენაესი სასამართლო - ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით იხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მდებარეობს თბილისში. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1 უზენაესი სასამართლო - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, განიხილავს საკასაციო საჩივრებს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. უზენაესი სასამართლო - მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა და ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დიდი პალატა; პლენუმი და სადისციპლინო კოლეგია. უზენაესი სასამართლოს პალატები წარმოადგენენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს და კოლეგიურად სამი წევრის შემადგენლობით განიხილავენ საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006 უზენაესი სასამართლო - მართლმსაჯულების ყველაზე მაღალი ორგანო საქართველოში, რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასევე 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 30 მოსამართლეა. უზენაეს სასამართლოში შექმნილია სამი საკასაციო პალატა და ერთი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. ესენია: 1. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; 2. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 3. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; 4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. თითოეულ პალატას და კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
უზენაესი სასამართლოს აპარატი უზენაესი სასამართლოს აპარატი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის შემადგენლობა და ფუნქციები იგივეა, რაც სხვა სასამართლოებისა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უზენაესი სასამართლოს აპარატი იმავდროულად მუშაობს სასამართლო პრაქტიკის შესწავლის და განზოგადების, ასევე სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მიმართულებით. აპარატის განყოფილებების და ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მის მუშაობას უძღვება აპარატის უფროსი,” რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს უზენაესი სასასართლოს თავმჯდომარე. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
უზენაესი სასამართლოს პლენუმი უზენაესი სასამართლოს პლენუმი - უზენაეს სასამართლოში შექმნილი სტრუქტურა, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების და უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლისაგან. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
უკანონო მიგრანტი უკანონო მიგრანტი - უცხოელი, რომელიც შედის ქვეყანაში არასწორ დროსა და ადგილას, თავს არიდებს საზღვრის დაცვის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებას და ყალბი გზით შედის ქვეყანაში, ან ფიქტიურ ქორწინებაში შედის საიმიგრაციო კანონების თავიდან აცილების მიზნით. ასეთები სხვა დანარცენ შორის შესაძლოა იყოს ის: ა) ვისაც არ გააჩნია ქვეყანაში შესასვლელიკანონიერი დოკუმენტები, მაგრამ ახერხებს შესვლას უკანონოდ და ფარულად; ბ) ვინც შემოდის ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით; გ) ვინც კანონიერი დოკუმენტების გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გადააცილებს მინიჭებულ ყოფნის ვადას ან სხვამხრივ დაარღვევს შემოსვლის პირობებს და რჩება უფლებამოსილების გარეშე. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
უკრაინა უკრაინა - ბუნებრივი რესურსებით მდიდარი უკრაინა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ცენტრი იყო. ქვეყანამ დამოუკიდებლობის საბოლოო მოპოვება მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო. ფართობი: 603,700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ბელარუსი (891კმ), უნგრეთი (103კმ), მოლდავა (939კმ), პოლონეთი (428კმ); რუმინეთი (სამხრეთით 169კმ, დასავლეთით 362კმ), რუსეთი (1,576კმ), სლოვაკეთი (90კმ); ბუნებრივი რესურსები: რკინა, ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, გრაფიტები, ტიტანიუმი, ნიკელი, დასამუშავებელი მიწები. მოსახლეობა: 48,760 მლნ. (2001 წ. ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უკრაინელები 73%, რუსები 22%, ებრაელები 1%, სხვები 4%. რელიგიები: უკრაინული მართლმადიდებლური - მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინული მართლმადიდებლური - კიევის საპატრიარქო, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური, უკრაინის კათოლიკები (უნიატები), პროტესტანტები, ებრაელები. ენები: უკრაინული, რუსული, რუმინული, პოლონური, უნგრული. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: რუსეთის შემდეგ უკრაინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. შავი ზღვისპირეთის ნაყოფიერ მიწებზე მოდიოდა ხორცის, რძის, ხორბლისა და ბოსტნეულის დიდი მარაგი, რომელიც სხვა რესპუბლიკებსაც მიეწოდებოდა. მნიშვნელოვანი იყო მძიმე მრეწველობა და ნედლეულის მოპოვებაც. უკრაინა დამოკიდებულია ენერგოიმპორტზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ რეფორმებს ბევრი ხელისშემშლელი ბარიერი შეხვდა, რამაც მისი წარმატებული მსვლელობა შეაფერხა. შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო რეფორმები წარმატებით ევრ ხორციელდება. სამხედრო ხარჯები: 500 მლნ. აშშ დოლარი (1999წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1,4% (1999წ.); საერთაშორიოს დავები: ანტარქტიკის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნები არა აქვს (თუმცა დაიტოვა ამის გაკეთების უფლება) და არ ცნობს სხვა ქვეყნების მოთხოვნებს. //კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
უკუკავშირი უკუკავშირი - [ინგ. feeddback] ტერმინი შემოსულია კიბერნეტიკის, საინჟინრო და ბიოლოგიური მეცნიერების სფეროდან. ჩვენს შემთხვევაში (ფსიქოლოგია რედ.) იგულისხმება ჯგუფის წევრებისა და წამყვანების მხრიდან ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთის წვლილის, წარმატების, წარუმატებლობის, ემოციების, გაცნობიერების პროცესის, ჯგუფის დინამიკის და სხვა საკითხების შესახებ, რომელიც შეიძლება აქტუალური გახდეს ტრენინგის ან სემინარის დროს. ტრენინგის/სემინარის წამყვანისათვის მონაწილეებთან უკუკაცშირის გაცვლის მექანიზმი არის პროფესიული ზრდის საწინდარი. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ულისე ულისე - კუნძულ ითაკის მითიური მეფის ლაერტესა და ანტიკლეას ვაჟის, ტროას ომის გმირის, ოდისევსის, ლათინური სახელი; ჰომეროსის პოემის „ოდისეა“ და „ილიადა“-ს პერსონაჟი. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსს მრავალი ფათერაკი შეემთხვა. ჯადოქარმა კირკემ კუნძული აიადან მისი თანამგზავრები ღორებად აქცია. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
უნარ-ჩვევები უნარ-ჩვევები - სწავლის პროცესში ფორმირებული შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება დაიყოს ,,საგნობრივად” და ,,ზოგადად”. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
უნებლიე ინტოქსიკაცია უნებლიე ინტოქსიკაცია - შეადგენს სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რადგანაც ამ მდგომარეობის შექმნაში პირს ბრალი არ მიუძღვის. იმისთვის, რათა სახეზე იყოს უნებლიე ინტოქსიკაცია, ასეთი მდგომარეობა წარმოშობილი უნდა იყოს ძალადობის ან მოტყუების შედეგად, ან პირის „შეცდომით ფაქტში”. საერთო გამოცდილება აჩვენებს, რომ პირი იშვიათად ინტოქსიფიცირდება მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუ არა იძულებით ან მოტყუებით. იძულება შეიძლება გამოიხატოს აქტიური ფიზიკური ძალის გამოყენებაში, ან ასეთის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში. რაც შეეხება მოტყუებას, იმისთვის, რათა პირმა სამართლებრივი დაცვის საშუალებით სარგებლობა შეძლოს, მან უნდა დაამტკიცოს (გარემოებების მითითებით) ინტოქსიკაციის შედეგების უცოდინრობა. (ამერიკულ სისხლის სამართალი) //მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
უნია უნია - (ლათ. ,, უნიო’’ - ერთიანობა) და, შესაბამისად, უნიატური ეკლესია, რაც ნიშნავს რწმენით და დაქვემდებარებით კათოლიკობას, პრაქტიკით და ტრადიციით - მართლმადიდებლობას, ე.წ. აღმოსავლური სტილის ქრისტიანობას. უნიატებს, ფერარაფლორენციის კრების კვალად, სწამთ რომაული კათოლიკობის ჭეშმარიტება, მაგრამ წირვა-ლოცვას და სხვა საეკლესიო წესებს ბერძნული ტიბიკონის მიხედვით განაჩენენ. მაშასადამე, ცხოვრების წესით, გარეგნობით ისინი დანარჩენი მართლმადიდებლებისაგან არ განსხვავდებიან, შინაგანი რწმენით - კათოლიკებისაგან. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2002
უნივერსალობის, ანუ მსოფლიო სამართლის პრინციპი უნივერსალობის, ანუ მსოფლიო სამართლის პრინციპი - (universalitqtsprinzip, weltrechtsprinzip, sistem der weltrechtspflege). მისი ძირითადი დებულებანი აისახა ჯერ კიდევ ჰუგო გროციუსის ცნობილ ნაშრომში ,,ომისა და მშვიდობის სამართლის შესახებ“ ყველაზე მკაფიოდ ეს პრინციპი ჩამოყალიბებული იყო XIX საუკუნეში, ა. ბულმერინგის და რ. მოლის შრომებში. უნივერსალური პრინციპის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს დასაჯოს დანაშაულის ნებისმიერი ჩამდენი, მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დამნაშავის მოქალაქეობისა; ე.ი. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია ნებისმიერ დამნაშავეზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და ობიექტისა. ამ თეორიის მომხრეებისათვის ამოსავალი დებულება იმის აღიარებაა რომ მართლწესრიგი ყველა ქვეყნისათვის საერთო სიკეთეა; პირმა, რომელმაც ხელყო ერთ-ერთი ქვეყნის ინტერესები, ყველა ქვეყნის ინტერესების სოლიდარობის გამო, წარმოიშვა სახელმწიფოების უფლება მართლწესრიგის სოლიდარულ დაცვაზე, ვინაიდან ყველა ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ერთნაირად არის დაინტერესებული უნივერსალური მასშტაბით მართლწესრიგის დაცვით. თუმცა, უნივერსალური პრინციპის მომხრეთა უმრავლესობა ცდილობდა გარკვეულად მაინც შეეზღუდა მისი განხორციელება. //ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
უორბერტონი უილიამ უორბერტონი უილიამ - (1698-1779) გლოჩესტერის ეპისკოპოსი; ავტორი ტრაქტატებისა: „ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირი“, „მოსეს საღვთო კანონმდებლობა“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
უფლება უფლება - ფიზიკური და იურიდიული პირისათვის კანონითა თუ სხვა ნორმატიული აქტით მინიჭებული და გარანტირებული გარკვეული ქცევის შესაძლებლობა, უფლებამოსილება. უფლებას, როგორც წესი, შეესაბამება სხვა პირთა გარკვეული ქცევის მოვალეობა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
უწყების პრესცენტრი უწყების პრესცენტრი - უწყების პრესცენტრის დანიშნულებაა მასმედიისათვის ინფორმაციის მიწოდება, რითაც საზოგადოების ინფორმირების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას ქმნის. იგი საინფორმაციო სააგენტოს ტიპის განყოფილებას წარმოადგენს. ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ მუდმივად უნდა ვრცელდებოდეს, რაც უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით უნდა ხდებოდეს. ინფორმაციის გავრცელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ინფორმაციის გაცემის ფორმას უნდა მიექცეს. იგი უნდა იყოს თანამედროვე ჟურნალისტიკის ფორმატის შესაბამისი: აქტუალური, ლაკონური, პუბლიკაზე ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დროულობას უნდა დაეთმოს. უწყების სპეციფიკისა და გასაშუქებელი ინფორმაციის თავისებურების გათვალისწინებით, პრესცენტრი შესაძლებელია მედიასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას იყენებდეს (პრეს-რელიზი, ბრიფინგი, პრეს-კონფერენცია, რეკლამა...). პრესცენტრი დროულად უნდა იყოს ინფორმირებული და უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდეს. სასურველია, პრესცენტრის ხელმძღვანელი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ადგენდეს დღის, კვირის ან, შესაძლებლობის შემთხვევაში - თვის მედია-გეგმებს. //აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან / საქ. გაეროს ასოციაცია - თბ., 2001
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა