სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 17 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
თავისუფალი მანდატი თავისუფალი მანდატი - დეპუტატის დამოუკიდებლობა ამომრჩევლებისაგან, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლებს უფლება არა აქვთ, ვადამდე გაიწვიონ მათ მიერ არჩეული დეპუტატი. ასეთი პრინციპი მოქმედებს, ფაქტობრივად, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა - თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება 6 თვიდან ოც წლამდე ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას - 30 წელს. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია 18 წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა 60 წელი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
თავისუფლების ინსტიტუტი "თავისუფლების ინსტიტუტი" 1996 წლის 26 აგვისტოს დაფუძნდა. მისი ჩამოყალიბების იდეა დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი-2-ის ირგვლივ გახმაურებულ მოვლენებს უკავშირდება. 1996 წლის 17 ივლისს, კავშირგაბმულობის სამინისტრომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ხელისუფლების ეს მოქმედება შეფასდა, როგორც სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა და მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის უფლებების ხელყოფა. იმ დროისათვის საქართველოში უფლებადაცვითი ტიპის სულ რამოდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებდა და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის პროირიტეტული მიმართულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, პირველ რიგში, სიტყვის თავისუფლების დაცვა იქნებოდა. დროთა განმავლობაში თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და წმინდა უფლებადაცვითი აქტივობების გარდა, სხვა სფეროებიც მოიცვა. თუმცა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა კვლავ ინსტიტუტის პრიორიტეტად რჩება. თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიებების პირველი ციკლი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის, როგორც ჟანრის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. თავისუფლების ინსტიტუტის ჟურნალისტურ გამოძიებათა პროგრამის კოორდინატორის, გივი თარგამაძის მიერ მოპოვებულ და პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით კორუფციულ საქმიანობაში ბრალდების საფუძველზე 1998-2000 წლებში დაკავებული თანამდებობები დატოვეს კავშირგაბმულობის მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინიტრმა და ენერგეტიკის ორმა მინისტრმა. თავისუფლების ინსტიტუტმა ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში არაერთხელ ამხილა მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფციისა და უკანონობის ფაქტები. მათ შორისაა საქმეები, რომლებსაც 1998-2000 წლებში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა: ქვემო ქართლში დეპუტატ დავით ბეჟუაშვილისა და გუბერნატორ ლევან მამალაძის უკანონო საქმიანობა; კანონდარღვევები სოფლის მეურნეობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში; სიგარეტის, ბენზინის და სპირტის კონტრაბანდაში შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მონაწილეობა; შევარდნაძის ოჯახის წევრთა კლანური ინტერესები და მათი უკანონო ბიზნესი. 2001 წლიდან თავისუფლების ინსტიტუტი სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ახორციელებდა ანტიკორუფციულ კამპანიას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის კორუმპირებული ფაკულტეტები და პროფესორ-მასწავლებლები საჯაროდ დასახელდა; სტუდენტური მოძრაობის წევრებმა გამოიძიეს უნივერსიტეტიდან თანხების არამიზნობრივი გატანისა და ხარჯვის ფაქტები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაობისას ფინანსური დარღვევები. თავისუფლების ინსტიტუტის კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა უნივერსიტეტის პირველი პირების მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებსა და საქმიანობაში. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები ანტიკორუფციულ საბჭოს და პროკურატურას გადაეცა. თავისუფლების ინსტიტუტი იყო პირველი, მათ შორის, ვინც ხმა აიმაღლა რწმენის თავისუფლების დასაცავად და საქართველოში 1999 წელს პირველი საპროტესტო აქცია მოაწყო რელიგიურ საფუძველზე ძალადობისა და განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების დევნისა და შევიწროვების გამო. თავისუფლების ინსტიტუტმა რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემატიკა ფართო საჯარო დისკუსიების საგნად აქცია. თავისუფლების ინსტიტუტი 1998 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ექსტრემიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ყოველთვის მძაფრად რეაგირებდა აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე, და რწმენის თავისუფლების დასაცავად საქართველოში ორი საკონსტიტუტციო სარჩელი აღძრა. თავისუფლების ინსტიტუტი საჯარო საპროტესტო კამპანიებით პასუხობდა რწმენის თავისუფლების დარღვევის ისეთ ფაქტებს, როგორიც იყო პოლიციის მიერ ბაპტისტური ეკლესიის დარბევა თაიანეთში, გლდანში ევანგელისტური ეკლესიის "მადლის" ოფისის დარბევა; წლების მანძილზე იცავდა იეღოველების უფლებებს, როდესაც მათ გამუდმებით თავს ესხმოდა ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები და გააპროტესტა სასამართლოს მიერ იეღოველთათვის რეგისტრაციის გაუქმება, არაერთხელ გამოვიდა რელიგიურ მიმდინარეობათა ლიტერატურის სახელმწიფოს მიერ უკანონო ამოღების ფაქტების წინააღმდეგ. თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ტენდენციის წინააღმდეგ იბრძოდა და სქიზმაში მართლმადიდებელი მრევლის უფლებებს იცავდა. თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას უკანონო დაკავების, წამების, სამართალდამცავ სტრუქტურებში ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევების აღკვეთა იყო. 1998 წლიდან "თავისუფლების ინსტიტუტი" ახორციელებდა პოლიციის რეიდების მონიტორინგს, რომლის შედეგადაც არაერთი დარღვევა და ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. 2000 წელს იუსტიციის სამინისტროში თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დანერგვა. 2004 წელს თავისუფლების ინსტიტუტისა და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები, რომლის წევრებსაც წინასწარი დაკავების საკნებსა და პოლიციის განყოფილებებში შეუზღუდავი შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მიენიჭათ. თავისუფლების ინსტიტუტი 1997 წლიდან ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს ახორციელებდა და ამ მიმართულებით დღესაც აქტიურად მუშაობს. ჩვენმა ორგანიზაციამ ასობით ადამიანს პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწია საკუთარი უფლებების დასაცავად სახელისუფლებო ინსტიტუტების წინაშე. ეს აქტივობა მოიცავდა ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს, სასამართლოზე წარმომადგენლობით საქმიანობას და ადამიანის უფლებების კონკრეტული, უხეში დარღვევების გამო საზოგადოების მობილიზების მიზნით წარმართულ საჯარო კამაპანიებს. თავისუფლების ინსტიტუტმა ხელი შეუწყო საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებას, უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას. თავისუფლების ინსტიტუტის ხელშეწყობით 2003 წელს ამოქმედდა და განვითარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა. თავისუფლების ინსტიტუტმა ახალგაზრდული მოძრაობის 800-მდე აქტივისტი მოამზადა. თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში 2003 წელს მედიის პირველი პროფესიული სტანდარტი მომზადდა, რომელსაც ხელი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების, გაზეთების დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა მოაწერეს. ჩამოყალიბების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტი საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2004 წელს მიიღო, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც პრესის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კანონი პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ტელევიზიის ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოში მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი – კონსტიტუტციური ცვლილება, რომელიც საქართველოში ამ ინსტიტუტის შემოტანას გულისხმობს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო. თავისუფლების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფმა სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე დაიწყო მუშაობა. ჩვენს მიერ მომზადებული კანონი კორუფციული და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2003 წელს დაამტკიცა. 1997 წელს მომზადდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო დაწესეულებათა გამჭვირვალობისათვის აუცილებელ საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფს. კანონი პარლამენტმა 1999 წელს დაამტკიცა. თავისუფლების ინსტიტუტი აგრძელებს კანონშემოქმედებით მუშაობას. ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონები დემოკრატიულ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სახელმწიფოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. თავისუფლების ინსტიტუტი სამოქალაქო ფასეულობების დამკვიდრებისა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოებდა და დღესაც აწარმოებს საგანმანათლებლო საქმიანობას. დაფუძნების დღიდან თავისუფლების ინსტიტუტმა ჩაატარა ათობით ტრეინინგი სხვადასხვა სფეროში პროფესიონალზმისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნები გამოიყენება როგორც სახელმძღვანელოები უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე. თავისუფლების ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობდა და მხარს უჭერდა საქართველოში განათლების რეფორმას. 2004 წელს პარლამენტის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ნაწილი სტუდენტთა უფლებებისა და აკადემიური თავისუფლებების შესახებ თავისუფლების ინსტიტუტში მომზადდა. ასევე ჩვენი ინიციატივით 2003 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამეურვეო საბჭოები. წლების მანძილზე თავისუფლების ინსტიტუტი არაერთხელ გახდა ხელისუფლებისა და ექსტრემისტული ჯგუფების აგრესიული თავდასხმების ობიექტი. 2002 წლის 10 ივლისს სპეციალურად მომზადებული სადამსჯელო რაზმი შემოიჭრა თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში. მათ სასტიკად სცემეს თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ლევან რამიშვილი, დავით ზურაბიშვილი, დალი ცქიტიშვილი, გიგა ფრანგიშვილი და სოზარ სუბარი. სასტიკ დარბევას ევრისაბჭოს ექსპერტები შეესწრნენ. თავდამსხმელებმა სასტიკად დაარბიეს ოფისი და გაანადგურეს მთელი ტექნიკური აღჭურვილობა. დარბევის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ხელისუფლება წლების მანძილზე ხელს უწყობდა და აქეზებდა აგრესიულ პოლიტიკას თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ. თავისუფლების ინსტიტუტის ანტიკორუფციული საქმიანობა და ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისადმი ყოველთვის იწვევდა კორუფციული რეჟიმის მხარდამჭერთა და ექსტრემისტული ჯგუფების განსაკუთრებულ გაღიზიანებას. დაარსების დღიდან დღემდე თავისუფლების ინსტიტუტმა ათასობით ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს წინაშე. ადვოკატირების, საჯარო კამპანიების, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გზით თავისუფლების ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. მიზნები დირექტორის წერილი ”თავისუფლების ინსტიტუტი” არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში სამოქალაქო უფლებების დაცვა. ეს, პირველ რიგში, სიტყვის, აღმსარებლობის, საკუთრების, არჩევნების, შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს. ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი უფლება ირღვევა. ჩვენი პრინციპია: ერთი ადამიანის დაკარგული უფლება, ეს პოტენციურად ყველასათვის დაკარგული უფლებაა. ლევან რამიშვილი ”თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი თავისუფლების ინსტიტუტის მისიის განაცხადი თავისუფლების ინსტიტუტი არის ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება. იგი სამოქალაქო კამპანიების, დებატების, კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობით ესწრაფვის დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში. თანამშრომლები ლევან რამიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე levanrami@liberty.ge აკაკი მინაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი ako@liberty.ge გიორგი მელაძე - კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი giomeladze@liberty.ge ქეთი ჩაჩხიანი - განათლების პროგრამის დირექტორი keti@liberty.ge ქეთო კობიაშვილი - განათლების პროგრამის კოორდინატორი keto@liberty.ge თეა თუთბერიძე - რეგიონალური კოორდინატორი tea@liberty.ge თამუნა ტაბატაძე - ინფორმაციის ოფიცერი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა ენერგეტიკის სფეროში tamara@liberty.ge მალხაზ ნარინდოშვილი - იურისტი makho@liberty.ge გვანცა ლიპარტელიანი - ჟურნალისტი gvantsa@liberty.ge დალი ცქიტიშვილი - ადმინისტრაციის დირექტორი dali@liberty.ge ნინო ცაგარეიშვილი - ბუღალტერი ninots@liberty.ge დათო თათულაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი davit@liberty.ge ქსენია კაციაშვილი- შესყიდვების მენეჯერი ksusha@liberty.ge სათაო ოფისი მის: გრიბოედოვის ქ. # 23, თბილისი, 0108, საქართველო ტელ: +995 (32) 93 66 15; +995 (32) 93 25 16 ფაქსი: +995 (32) 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge რეგიონული ოფისები თელავი მის: კოსტავას ქ. # 8, თელავი, ტელ (ოფისი): +995 (250) 7 47 17 პაატა გოცირიძე +995 (99) 58 65 67 გია მირინაშვილი +995 (93) 98 15 68 ახალციხე მის: რუსთაველის ქ. # 26 ტელ (ოფისი): +995 (265) 2 30 77 გიორგი ანდღულაძე +995 (99) 54 02 91 ქუთაისი მის: გრიშაშვილის ქ. # 37_23 ტელ (ოფისი): +995 (231) 4 42 15 გოჩა ჩხეტია +995 (99) 78 93 32 ნინო ღაჭავა +995 (77) 76 45 97 გორი მის: ჭავჭავაძის ქ. # 28_21 ტელ (ოფისი): +995 (270) 7 52 73; +995 (270) 7 73 00 გიორგი გოცირიძე +995 (99) 56 84 51 მიხეილ ჩიტაძე +995 (99) 11 34 55 ბათუმი სიმონ ჩხაიძე +995 (99) 51 41 57
თავშესაფარი თავშესაფარი - უცხოელისათვის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დაცვა თავის ტერიტორიაზე. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
თავშესაფრის უფლება თავშესაფრის უფლება - უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება, განუსაზღვრელი დროით იმყოფებოდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ თავის სამშობლოში დევნიან პოლიტიკური, რელიგიური, მეცნიერული და სხვა ამგვარი მრწამსისა და მოღვაწეობისათვის. თავშესაფრის უფლება არ ვრცელდება ომის დამნაშავეებსა და იმ პირებზე, რომელთაც ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობა ეწინააღმდეგება გაეროს ამოცანებსა და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
თალიბანი თალიბანი - ,,თალიბანი” შუა აღმოსავლეთის ,,რაინდთა ორდენი”: გზა წარსულიდან. უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ავღანური ლეგენდის თანახმად, სავაჭრო ქარავანი, რომელიც ასრულებდა ჰუმანიტარულ მისიას, პაკისტანის ქ. კვეტადან თურქმენული კუშკისაკენ მიემართებოდა. ქ. ყანდაგართან ისინი სამხრეთ პუშტუნური ტომის ერთ-ერთმა ბელადმა დააყაჩაღა, რაც მას ძალზე ძვირად დაუჯდა. სამხრეთ აღმოსავლეთში არსებული ისლამური სკოლების (მედრესეების) სტუდენტებმა სულ მალე აღკვეთეს ეს ყაჩაღობა და ,,ღირსეულად” დასაჯეს მომხდურნი. ასე შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა ,,თალიბანი” (სტუდენტი), რომლის სათავეში პაკისტანში არსებული მედრესეების სტუდენტობა აღმოჩნდა (უფრო სწორად, ავღანელ ლტოლვილთა შვილები, რომლებიც საბჭოთა ექსპანსიას ამ ქვეყანაში გაექცნენ). ორი წლის განმავლობაში ,,თალიბებმა” მოახერხეს ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებების მოპოვება და მთავარი ქალაქების დაკავება: ყანდაგარი, გერათი, ჯელალაბადი და 1996 წლის სექტემბერში - თვით დედაქალაქი ქაბული. მათი ძალა თანდათან შესამჩნევი ხდებოდა, რაც გამოიხატა მძიმე არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის აქტიურად გამოყენებაში (უკანასკნელად ავიაცია გამოიყენებოდა 1990-91 წლებში, სამოქალაქო ომებში იგი, ფაქტიურად არ მოქმედებდა). ,,თალიბანის” წინააღმდეგ აღდგნენ ყოფილი ,,პეშავარის” ლიდერები, რომელთაც დაემატათ გენერალი დუსტუმი (რუსული და უზბეკური ზურგით), ხალილი და ნაწილობრივ, მთიელ ბადახშანელ ისმაილიტთა ლიდერი აგა ხანი. სამაგიეროდ, ,,თალიბანს” ზურგს უმაგრებდა პაკისტანი და საუდის არაბეთი (გარკვეულწილად საუბარი იყო ამერიკის მონაწილეობაზეც,). მიუხედავად ასეთი მძლავრი კოალიციისა, თალიბებმა 1997-98 წლებში შეძლეს წარმატებული საომარი ოპერაციების ჩატარება. მათ ორჯერ დაიკავეს ქ. მაზარი-შარიფი (პირველად 1997 წ. ზაფხულში, მეორედ - ზუსტად ერთი წლის შემდეგ); მოახერხეს მიახლოვება უზბეკეთის და ფაქტიურად, ტაჯიკეთის საზღვრებთან, ანუ დსთ-ს სამხრეთ საზღვრებთან, რასაც მოჰყვა დსთ-ს ფარგლებში ,,ანტითალიბური” პაქტის დაფუძნება 1998 წლის მაისში: უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და რუსეთის მონაწილეობით (თურქმენეთმა თალიბებთან თავიდანვე კარგი მეზობლური ურთიერთობები ააგო). ამას შემდგომში მოჰყვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გაფორმება 2001 წლის 25 მაისს ერევანში დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების პაქტის დაარსების სახით, რომელსაც დაემატა ბელორუსია და სომხეთი. პაქტის დაარსების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლა ტერორიზმთან და ისლამურ რადიკალზიმთან, სადაც სწორედ თალიბანის მოძრაობა მოიაზრებოდა. ამას დაემატა ასევე ე.წ. ,,შანხაის ხუთეულის” დაარსება, სადაც უკვე ჩინეთიც გამოჩნდა, როგორც ანტითალიბური მოძრაობის აქტიური სუბიექტი (იგივე ურუმჩელი ისლმისტი სეპარატისტების გამო, რომელსაც ასევე ზურგს უმაგრებდნენ თალიბები). ფაქტიურად, საბრძოლო მოქმედებათა ხაზი ნელ-ნელა ჩრდილოეთისაკენ მიიწევდა და ბრძოლები სულ უფრო პერმანენტულ ხასიათს ღებულობდნენ (ძირითადში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ,,გამყოფი” ხაზი ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებამდე იყო ქ. ფაიზაბადი). დაკავებულ ტერიტორიებზე თალიბებმა დაამყარეს შარიათის კანონებზე დაფუძნებული სასტიკი ისლამური წესრიგი (მაგალითად, აიკრძალა ყოველგვარი ანტიისლამური ცხოვრების წესი, მ.შ. ტელევიზია). მათი მთავარი ორგანოა ე.წ. ,,ყანდაგარის ექვსეული”, ანუ ექვსი უმაღლესი მულათა საბჭო. მოძრაობის სულიერ ლიდერად ითვლებოდა მულა ომარი და თალიბების სახელმწიფოს პრეზიდენტი კი იყო მულა მუჰამად რაბანი. მოძრაობა აკონტროლებდა სტრატეგიულ მაგისტრალს: ქაბული-ჯელალაბადი-პეშავარის გზას. თალიბანის მთავრობას არ გააჩნდა დიდი საერთაშორისო აღიარება, პაკისტანის, საუდის არაბეთის და გაერთიანებულ არაბთა საემიროების აღიარების გარდა, რომელთაც თავის დროზე დაემატა თვით აუღიარებელი იჩქერიის ისლამური რესპუბლიკაც. თუმცა იგივე 2001 წელს განხორციელებული ვანდალური აქციის, ბუდის ისტორიული მონუმენტის დანგრევითა და მთლიანად მოსპობით, თალიბებმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება გადაიკიდეს. მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ თალიბებს მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ, კერძოდ, უსიტყვოდ სრულდებოდა ომარის ყველა ბრძანება და დირექტივა. იდეოლოგიაში პრიორიტეტი მიენიჭებოდა ე.წ. ,,წმინდა ისლამის” (სალაფიზმი) ანუ ყურანის უშუალო ინტერპრეტირების პოლიტიკას და მის განხორციელებას. თავისი ფორმით მოძრაობის სახელმწიფოებრივი იერარქიული მოდელი ძალიან წააგავდა ირანული ისლამური სახელმწიფოს მოდელს, ხოლო შინაარსის მხრივ, საუდის არაბეთისას. გარდა ამისა, მკაფიოდ შეინიშნებოდა მაღალი დონის იდეოლოგიური და ბიუროკრატიული მექანიზმის მართვის დონე. მოძრაობას გააჩნდა ძლიერი ფინანსური ზურგი (მარტო რამდენიმე კოალიციის საველე მეთაურს ქრთამის სახით თალიბებმა 1998 წ. გადასცეს 2-დან 25 მილიონამდე აშშ დოლარი). თალიბების შეიარაღებული ძალები შეიქმნა რეგულარული არმიის შესაბამისად და, ფაქტიურად, წარმოადგენდა პაკისტანური და ,,რევოლუციური ავღანური არმიების” გაერთიანებულ მოდელს (თუმცა ნომინალურად სულ სხვა სისტემას წარმოადგენდა). ეს გარემოება არ არის მოულოდნელი, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ თალიბანის ხელმძღვანელობის უმრავლესობას შეადგენდნენ ავღანეთის ყოფილი სახალხო დემოკრატიული პარტიის, ,,ხალკის” ფრაქციის წევრები. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ გადავხედავთ თალიბანის მაღალი ეშელონის რამდენიმე წევრის მოკლე დოსიეს. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თალმუდი თალმუდი - იუდაიზმის პირველწყარო, თორასა და ძველი აღთქმის სხვა წიგნებთან ერთად. ,,თალმუდი’’ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს ,,შესწავლას’’. თალმუდი აერთიანებს იუდაისტურ ღვთისმეტყველებას, საღვთისმსახურო პრაქტიკას და სამართალს. თალმუდი, ფაქტობრივად ძველი აღთქმის ეგზეგეზა ანუ თარგმანებაა ფართო და მრავალმხრივი პროფილით. თალმუდი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. შემდეგ კი დაიწყეს მისი ჩაწერა, რასაც სათავე ფარისევლებმა და სადუკეველებმა დაუდეს. მისი სრულყოფის პროცესი 7-8 საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა და დასრულებული სახე V ს-ში მიიღო. ასე შეიქმნა ვეებერთელა კრებული, რომელიც იყოფა 6 განყოფილებად და 63 ტრაქტატად. მხოლოდ მასზე დაყრდნობითაა შესაძლებელი იუდაისტური რელიგიის არსში გარკვევა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 თალმუდი - ებრაელთა წმინდა წიგნი. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
თამადა თამადა - მისი როლი სუფრაზე სუფრის წევრთა მოქცევისა და საუბრის წარმართვაა. პიროვნება, რომელიც კისრულობს თამადის ფუნქციას, გარკვეული დიპლომატიური და ფსიქოლოგიური უნარჩვევებით უნდა იყოს დაჯილდოვებული. თამადების უმეტესობა კაცები არიან, თუმცა გამონაკლისიც ხდება ხოლმე. (ქალი თამადები მთელ საქართველოში გვხვდებიან). // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹6 [ჰორიზონტი], თბ. 2004
თანაბარი დაცვის კლაუზულა თანაბარი დაცვის კლაუზულა - Equal protection clause - აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების დებულება, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას და ადგენს კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობას. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
თანამდებობის პირი თანამდებობის პირი - ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდეობის პირი; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
თარჯიმანი თარჯიმანი - სისხლის სამართლის პროცესისა და სამოქალაქო პროცესის მონაწილე, რომელიც თავისუფლად ფლობს სამართალწარმოების ენას და იმ ენას, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას. თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება თუ დოკუმენტი. შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
თაყვანისცემა თაყვანისცემა - (არაბულად ,,იბადა“) არის ტერმინი, რომელიც არაბულ მუსლიმურ აზროვნებაში წარმოადგენდა ქვეყნიერების პირველსაწყისისადმი ადამიანის დამოკიდებულების უზოგადეს აღმნიშვნელს. ადამიანი ამ თვალსაზრისით განიხილება როგორც ,,მონა“ (აბდ). ისლამის თანახმად, თაყვანისცემა აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მოქმედების შეგნებულობასა და მისი შესრულების მტკიცე და წრფელს განზრახვას. ადამიანის მდგომარეობა, როგორც ,,თაყვანისმცემელი მონისა“, დაკავშირებულია მის დედამიწაზე ღმერთის ნაცვლის, ანუ ხალიფის მდგომარეობასთან. ადამიანი-ხალიფი სრულ უფლებიანად განაგებს დედამიწის სიმდიდრეებს ღვთის მაგიერ. თაყვანისცემის ძირითადი და ამავე დროს, ყველაზე სრულყოფილ;ი სახეა ლოცვა (სალათი). //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
თეზისი თეზისი - ოფიციალურად წარმოდგენილი წერილობითი ანგარიში, რომელიც ემყარება დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს, და აუცილებელია აკადემიური ხარისხის მისაღებად (როგორც წესი, მესამე აკადემიური ხარისხი ანუ დოქტორის ხარისხი). //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
თეიზმი თეიზმი - მოძღვრება რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
თეოკრატიული რესპუბლიკა თეოკრატიული რესპუბლიკა – რესპუბლიკა, სადაც რელიგიის თავისუფლება უარყოფილია და ერთ-ერთი გავლენიანი პირი სახელმწიფოში არის ის, ვინც გაბატონებულ რელიგიურ კონფესიას უდგას სათავეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის თეოკრატიული შინაარსი შესაძლებელია მის სახელწოდებაშიც ჩანდეს. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ირანის ისლამური რესპუბლიკა, 1979 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებს არა მარტო არჩევითი პრეზიდენტის პოსტს, არამედ, ამის გარდა, სახელმწიფოს ხელმძღვანელს (რაჰბარს), რომელიც არის უმაღლესი სასულიერო პირი, იმამი ანუ ფაკიჰი. უმაღლესი სასულიერო პირი ირჩევა ან ინიშნება ექსპერტთა საბჭოს მიერ, რომელიც შეიქმნა 1982 წელს, რომელიც 93 სასულიერო პირისაგან შედგება. //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
თვითმკვლელობა თვითმკვლელობა - (assisted suicide) ევთანაზიის სახე, როცა ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გაცემა ხდება. //მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია : [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. ჟურნალისტიკის ფაკ. სტუდ. / შემდგ. და რედ.: თამარ კინწურაშვილი ; თარგმანი: მანანა გიგაური და სხვ.] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
თორა თორა - (კანონი). ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი - ხუთწიგნეული - ებრაულად, დედნის ენაზე. მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის -ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა