სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 70 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
კაბალა კაბალა - წიგნი, რომელმაც იუდაიზმის ისტორიაში თვალსაჩინო როლი შეასრულა. მას საფუძვლად დაედო რელიგიური ზეპირგადმოცემები. ამაზე მიანიშნებს თვით ტერმინი - კაბალა (ებრ. კაბ. ,,გადმოცემა’’). ეს წიგნი თარიღდება XIII -XIV სს-ით. მას ახასიათებს მისტიციზმი და ზოგიერთი თეოლოგიური საკითხების თავისებური ინტერპრეტაცია. მის მიმდევრებს სწამთ სულების გარდასახვის შესაძლებლობა (მეტემფსიქოზი), რის გამოც, როგორც ამბობენ, კაბალისტური მისტიკა იქცა ჯადოქრობისა და მაგიის იარაღად. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
კავშირი კავშირი - ცნება კავშირის განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 30.2-ე მუხლში: კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც. ამ განმარტებით შეიძლება გამოვყოთ კავშირის დამახასიათებელი ნიშნები: 1) კავშირი არის იურიდიული პირი; ბ) კავშირს აქვს საერთო მიზანი, რომელსაც განსაზღვრავენ დამფუძნებლები კავშირის წესდებით; გ) კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც. კავშირი ზოგადად (კრებითი) სახელია იმ საზოგადოებრივი გაერთიანებებისა, რომლებიც მოქმედებენ ასოციეციების, ცენტრების, კლუბების, ინსტიტუტების, აკადემიებისა თუ სხვათა სახით. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
კალენდარი კალენდარი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად - დღეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადებად და საუკუნეებად - დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემას. ძირითადია ორი: მთვარისა და მზის კალენდარი. ქრისტიანული დღესასწაულებიდან მოძრავნი პირველთან არიან მისადაგებულნი, უძრავნი - მეორესთან. მზის კალენდრის თანახმად ერთი ტროპიკული ანუ ზუსტი წელიწადი უდრის დედამიწის ერთ გარემოქცევას მზის გარშემო. აქ თავს იჩენს სირთულე: ერთი ტროპიკული წელი შედგება დღე -ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან - 365, 2422 დღე-ღამისაგან ანუ 365 დღე -ღამის, 5 საათის, 48 წუთისა და 46 წამისაგან, ე.ი. ყოველი წლის ბოლოს რჩება, ნაშთის სახით, ზედმეტი დრო - ზედნადები. ყველაზე სრულფასოვნად ითვლება წელთაღრიცხვის ის სისტემა, რაც დღეისათვის საყოველთაოდაა გავრცელებული. მისი ისტორია მოკლედ ასეთია: იულიუს კეისარმა ჩვენს ერამდე 45 წელს ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენეს რჩევით შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წლის ხანგრძლივობა უდრის 365 დღეს, ხოლო ყოველი მეოთხისა - 366 (ესაა ნაკიანი წელიწადი, როდესაც თებერვალი 29 დღე-ღამეს ითვლის). ამრიგად, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან (365, 2422). იულიუსის კალენდარი ქრისტიანულმა ეკლესიამ ხმარებაში შემოიღო 325 წელს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ჩამორჩენა, იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა განსხვავებულობით გამოწვეული, უმნიშვნელოა (44 წთ. და 46 წმ.), მაგრამ საუკუნეთა მანძილზე იგი იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია: ყოველ 400 წელიწადში სხვაობა 3 დღე-ღამეს შეადგენს. მაგ. IV ს-ში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI ს-ში კი 11 მარტს. ამრიგად, იულიუსის დროთააღრიცხვა XVI ს-ში უკვე 10 დღე-ღამით ,,ჩამორჩებოდა ბუნებას“. ამან მოითხოვა იულიუსის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII -მ 1582 წელს. მისი დადგენილების თანახმად, დღეთა ანგარიში წინ წაწეულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. იმისათვის, რომ კალენდარი კვლავ არ ,,ჩამორჩეს“, გრიგორიუსის სისტემის მიხედვით ყოველი საუკუნის ბოლო წელი, რომელიც იულიუსის წესით ნაკიანია, ნაკიანად ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საუკუნის რიცხვი 4-ზე უნაშთოდ იყოფა. მაგალითად, 1600 წელი ნაკიანად ჩაითვალა (16 იყოფა 4-ზე), 1700, 1800 და 1900 წლები კი - უნაკოდ (17, 18 და 19 არ იყოფა 4-ზე). ამის შედეგად ნაკიან წელთა რაოდენობა შემცირდა და შემცირდა კალენდარული წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაც - იგი ტროპიკულს სულ 26 წამითღა აღემატება. ამის გამო ერთი დღეღამის ცდომილება მხოლოდ 3200 წელიწადში დაგროვდება. ე.წ. გრიგორიუსის ანუ გრიგორისეულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით, იულიუსისას - ძველი სტილით. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
კალვინი ჟან კალვინი ჟან - (1509-1564) რეფორმაციის ფრანგი მოღვაწე, კალვინიზმის ფუძემდებელი. 1536 წელს კალვინი გადასახლდა ჟენევაში და 1541 წლიდან გახდა ქალაქის ფაქტობრივი დიქტატორი. კალვინიზმის საფუძველია მოძღვრება წინასწარგანსაზღვრულობაზე, რომლის თანახმადაც ადამიანთა ერთი ნაწილი „ხსნას“ მიიღებს, ხოლო სხვები განწირულნი არიან „განკითხვისათვის“. საუკეთესო სათნოებად კალვინიზმი აცხადებდა ზომიერებასა და მომჭირნეობას; კალვინიზმისათვის დამახასიათებელი იყო რელიგიური შეუწყნარებლობა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. მის დროს იდევნებოდა საერო გასართობი სანახაობები - თეატრი, ცეკვები, და ა.შ. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კალიგულა გაიუს ცეზარი კალიგულა გაიუს ცეზარი - (12-41) რომის იმპერატორი, გერმანიკუსისა და აგრიპინას ვაჟი, ნახევრად შეშლილი; სახელმწიფოს განაგებდა ტირანულად, მოკლეს მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების დროს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კანონი კანონი - (ბერძნ. kanon წესი, განაწესი) - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს მოქმედი სამართლის წყაროს. კანონის მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე სტადიისაგან: კანონპროექტის მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მიღება, კანონპროექტის გადაცემა პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად, კანონის გამოქვეყნება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კანონის უკუძალა კანონის უკუძალა - კანონის მოქმედების გავრცელება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებულ შემთხვევებზე. საერთო წესის თანახმად, კანონს არა აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონით. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედობის დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა, ხოლო კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არა აქვს. საერთოდ, არ შეიძლება, კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კანონის ცოდნა კანონის ცოდნა - კანონი ხელმისაწვდომი უნდა იყოს: სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა გამოაქვეყნოს კანონის შინაარსი (როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო) ისეთი ფორმით, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს იმ უფლებებსა და მოვალეობებს რომლებიც მას კანონით აქვს მინიჭებული. // მაკლასკი ჯ. კანონის უზენაესობა // თავისუფლება ¹9 (33). სექტემბერი, - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
კანონმდებლობა კანონმდებლობა - საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტები და სხვ.). საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კანონპროექტი კანონპროექტი - ახალი კანონის პროექტი, რომელსაც განიხილავს პარლამენტი. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კარდინალური სათნოება კარდინალური სათნოება - არსებობს შვიდი სათნოება. ოთხი მათგანი „კარდინალურ სათნოებად“ იწოდება, დანარჩენი სამი - თეოლოგიურ სათნოებად. კარდინალურია, რომელთაც ყველა ცივილიზებული ხალხი აღიარებს, თეოლოგიურს, როგორც წესი, მხოლოდ ქრისტიანები ცნობენ. ... (სიტყვას „კარდინალური“ საერთო არაფერი აქვს რომის პაპის „კარდინალთან“. იგი ლათინური სიტყვისგან წარმოდგება, რომლის მნიშვნელობა არის „კარის ანჯამა“. ამ სათნოებათ „კარდინალური“ იმიტომ ეწოდა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დამქვემდებარებელია.); ესენია: კეთილგონიერება, თავშეკავება, სამართლიანობა, სიმტკიცე. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
კარმა კარმა - სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,საქმეს’’, ,,მოქმედებას’’, ითარგმნება ,,მისაგებელად’’, ,,საზღაურად’’, ,,სანაცვლოდ’’, შეიძლება გავიზიაროთ ,,ბედადაც’’. რელიგიური ასპექტით კარმა არის კეთილი და ბოროტი საქმეების ჟამი, რასაც წუთისოფლის სტუმარი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს როგორც ტვირთს ჟამითიჟამად ჩადენილი ცოდვებისა თუ მომუშაკებული მადლის მიხედვით. კარმაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედი, მისი მომავალი. ამიტომაც, ბუნებრივია, ადამიანი ცდილობს პირადი კარმის გაუმჯობესებას, ტვირთის შემსუბუქებას. ბოლოს კი - უღლის, ე.ი. კარმის თავიდან მოშორებას, მოსპობას, რადგან იგი ქვეეზიდება სულს და ატყვევებს დედამიწაზე. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
კასატორი კასატორი - პირი, რომელიც მიმართავს საკასაციო სასამართლოს შესწორება ან დამატება კანონში: პარლამენტის მიერ მოქმედ კანონში განახორციელებული ცვლილებები. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კასაცია კასაცია - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კასტელი შარლ ირენეე კასტელი შარლ ირენეე - (1688-1743) სენ პიერის აბატი, ფრანგი მწერალი. თხზულება „მსჯელობა პოლისინოდის თაობაზე“ (1718) ავტორი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კასტილია კასტილია - პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კასტრაციის კომპლექსი კასტრაციის კომპლექსი - უყალიბდება ბავშვს და მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვობის დროინდელ სექსუალურ განვითარებასთან (ბავშვთა სექსუალური კვლევები და ბავშვთა სექსუალური თეორიები). კასტრაციის კომპლექსი ვაჟებში ყალიბდება ონანიზმთან დაკავშირებული რეალური ან ფარული საშიშროების სახით - დაკარგონ თავიანთი სასქესო ორგანო - როგორც სასჯელი ონანიზმისათვის. გოგონებთან კასტრაციის კომპლექსი ვლინდება სქესთა შორის განსხვავების აღმოჩენის შემდეგ. ამ პერიოდში გაუდიფერენცირებელია შიშისა და შურის გრძნობები მამაკაცის სასქესო ორგანოსადმი და უკავშირდება სექსუალურ ფანტაზიებს. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
კატაკომბები კატაკომბები - მაღაროები და გვირაბები, სადაც ხელისუფალთა ძალადობის გამო მორწმუნეები იკრიბებოდნენ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
კატილინა ლუციუს სერგიუს კატილინა ლუციუს სერგიუს - (108-62 წ. ძვ. წ) რომაელი პატრიცი, სენატის საწინააღმდეგო წარუმატებელი შეთქმულების მოთავე. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კატონი მარკუს პორციუს უფროსი კატონი მარკუს პორციუს უფროსი - (ძვ. წ. 234-149) რომის სახელმწიფო მოღვაწე, ცენზორი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კერძო არბიტრაჟი კერძო არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, როდესაც საქმეს განიხილავს არა საერთო სასამართლო, არამედ კონკრეტულად ამ დავისთვის მხარეთა შეთანხმებით დანიშნული არბიტრების შემადგენლობა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კერძო საჩივარი კერძო საჩივარი - კერძო საჩივარით მხარემ შეიძლება გაასაჩივროს მოსამართლის განჩინებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე შუალედური გადაწყვეტილებები. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კვოტა კვოტა - კვოტების იდეის საფუძველია, გადალახოს პოლიტიკისაგან ქალების იზოლირების არსებული მდგომარეობა და ჩართოს ქალები პოლიტიკურ პროცესში. კვოტების სისტემა ქალების პოლიტიკაში ჩართვის პასუხისმგებლობას აკისრებს არა ცალკეულ ქალებს, არამედ იმ სტრუქტურას, რომელიც აკონტროლებს პოლიტიკაში რეკრუტირების პროცესს. კვოტა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც მანამდე მოქმედებს, სანამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ბარიერები დაიძლევა. კვოტები შეიძლება იყოს სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული, ანდა შეიძლება იყოს შიდა პარტიული, ანუ პოლიტიკური პარტიების მიერ იყოს დაწესებული. //ხომერიკი ლელა. ქალი და პოლიტიკა,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
კირენელები კირენელები - ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე უხვმოსავლიანი მხარის, კირენეს, მკვიდრნი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კლასტერის პროცესი კლასტერის პროცესი - ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს, მსო-მ თავის თავზე აიღო აქტიური როლი ამ სამ მიგრაციის წყარო ქვეყანასა და დასავლეთ ევროპის დანიშნულების ქვეყნებს (2002 წლის აპრილში გამართულ კლასტერის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ შემდეგი დასავლეთ ევროპის ქვეყნები: ბელგია, დანია, გერმანია, ჰოლანდია და შვეიცარია) შორის დიალოგის წარმართვის ხელის შეწყობაში. 2001 წლის დასაწყისში მსო-ს ინიციატივით დაიწყო ,,კლასტერის” პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა მიგრაციის წყარო ქვეყნებისა და დანიშნულების ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებში: 1) ინფორმაციის გაცვლა კლასტერის ქვეყნების საემიგრაციო დეპარტამენტებს შორის. 2) რეადმისის შესახებ ხელშეკრულებები (მთავრობების ორმხრივი მოქმედება). 3) ამიერკავკასიის მთავრობების ტექნიკური პოტენციალის მშენებლობა. 4) დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესი. 5) საინფორმაციო კამპანია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიგრაციის წყარო ქყვენებში. 2001 წლის 19-21 თებერვალს ,,კლასტერის” შეხვედრის დროს თბილისში ამიერკავკასიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა განიხილეს არალეგალური მიგრაციის მზარდი პრობლემა და თხოვნით მიმართეს მსო-ს შეემუშავებინა სამუშაო გეგმა, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული ქვეყნები ითანამშრომლებდნენ არალეგალურ მიგრაციაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით საინფორმაციო კამპანიის პროექტის განხორციელების საშუალებით. //საინფორმაციო კამპანია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ,-მსო.,-თბ,–2002.
კლეომენე III კლეომენე III - (მეფობდა 235-222 წ. ძვ. წ.) სპარტის მეფე. მისი ბრძანებით გაუქმდა ეფორთა მაგისტრატი. კლეომენეს სურდა აღედგინა ძველი წყობილება, სამეფო ხელისუფლება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კლეომენე ეგვიპტეში გაიქცა და 220 წელს თავი მოიკლა. ეფორთა მაგისტრატი კვლავ აღდგა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კლერკი კლერკი - (თანაშემწე) ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს, უწყების მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. კლერმა თავის ყოველგვარ საქმიანობაში უნდა გამორიცხოს უმართებულობა, შეუსაბამობა და არაკორექტულობა; თავისი სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს გულდასმით და მიუკერძოებლად; შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომელთა მიზანია კანონების, სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების აღსრულების გაუმჯობესება; ისე უნდა დაარეგულიროს თავისი სამსახურის გარე საქმიანობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი ამ საქმიანობის შეუთავსებლობისა სამსახურეობრივ მოვალეობასთან; რეგულარულად უნდა წარმოადგინოს ანგარიში იმ ანაზღაურებათა და ჯილდოთა შესახებ, რომელიც მიიღო არასამსახურებრივი საქმიანობით; თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური მოღვაწეობისაგან. //შტაატსი იოჰან ფრიდრიხ. მართლმსაჯულების ეთიკა (გერმანია) // ალმანახი ¹ 3,– [მართლმსაჯულების სამართალი],–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–2003.
კლიენტი კლიენტი - ძველ რომში: უუფლებო, ღარიბი მოქალაქე, რომელიც თავის მფარველზე, მდიდარ და გავლენიან მოქალაქეზე - „პატრონზე“ იყო დამოკიდებული. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კლუზიუმი კლუზიუმი - ქალაქი ეტრურიაში (მხარე იტალიის დასავლეთ სანაპიროზე). 225 წელს აქ გალებმა გაიმარჯვეს რომაელებთან ბრძოლაში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კოლეგიური საჯარო დაწესებულება კოლეგიური საჯარო დაწესებულება - საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი საჯარო მოხელისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი საჯარო მოხელე ერთობლივად იღებს ან ამზადებს. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი - საჯარო მოხელე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002.
კოლიზია კოლიზია – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შეჯახებას. ეს ტერმინი ატარებს პირობით ხასიათს. კოლიზიური პრობლემაა სამართლის არჩევის საკითხის გადაწყვეტა. კოლიზია შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას ე.წ. კოლიზიური ნორმების გამოყენების გზით. კოლიზიური ნორმების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ აქ ადგილი აქვს განსხვავებაა ცალკეულ სახელმწიფოთა მართლწესრიგს შორის. აღნიშნულ ნორმათა დანიშნულებაა, გადაწყვიტოს კოლიზია ორ ან მეტ კონკურენტ სახელმწიფოს შორის და ,,ურთიერთობა’‘ დაუქვემდებაროს იმ მართლწესრიგს, რომელიც მეტად შეესაბამება ასეთი ურთიერთობის არსს ან უფრო მჭიდროდ კავშირშია მასთან. თავად კოლიზიური ნორმა არ წყვეტს მოცემულ საკითხს, იგი მიუთითებს მატერიალურ ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტულ წესებს და სწორედ ამ წესებზე დაყრდნობით ხდება საკითხის გადაწყვეტა. კოლიზიური ნორმებით ხელმძღვანელობა შეიძლება იმ მატერიალურსამართლებრივ ნორმასთან ერთად, რომელზედაც ის მიუთითებს. მატერიალურსამართლებრივ ნორმებს შეიძლება შეიცავდეს კოლიზიური ნორმით მითითებული სახელმწიფოს მართლწესრიგი, როგორც საერთაშორისო შეთანხმებებში, ისე შიდა საკანონმდებლო აქტებში. თუმცა არსებობს საერთაშორისო ელემენტებთან კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. საქართველოს მაგალითზე ეს ასე გამოიყურება: საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები; საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული უცხო ინვესტიციების სხვადასხვა საწარმოებთან სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი ნორმები; საქართველოს ორგანიზაციების საინვესტიციო რეჟიმის, საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები საზღვარგარეთ; უცხო მოქალაქეებისა და ორგანიზაციების უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმები საქართველოს სამოქალაქო და პროცესუალური სამართლის სფეროში. მოცემული ნორმების პირდაპირ დანიშნულებაა - საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეთა შორის ურთიერთობებში მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. ყოველი კოლიზიური ნორმა შედგება ორი ნაწილისაგან - მოცულობა და მითითება. პირველში საუბარია იმ კონკრეტულ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც ექვემდებარება ერთი, რომელიმე სახის ურთიერთობისათვის გამოყენებას. არ არის გამორიცხული კოლიზიური ნორმა შეიცავდეს მითითებას ორ სახელმწიფოს სამართალზე. აქ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შანსი აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი (ალტერნატიული მითითება). გვხვდება ძირითადი და დამატებითი კოლიზიური ნორმებიც, მათ შორის დამატებითი გამოიყენება მხოლოდ ძირითადი მითითების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში. კოლიზიური ნორმები შეიძლება ატარებდნენ იმპერატიულ და დისპოზიციურ ხასიათს. დისპოზიციური კოლიზიური ნორმა მხარეებს საშუალებას აძლევს შეთანხმდნენ იმ მართლწესრიგზე, რომელსაც დაექვემდებარება მათ შორის შემდგარი ურთიერთობა. სამართლის არჩევის საკითხისათვის კოლიზიური ნორმებს დისპოზიციური ხასიათი აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, სპეციალიზაციასა და კოოპერირებაში, სამონტაჟო და სხვა კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებში. იმპერატიული კოლიზიური ნორმები გამოიყენება ერთობლივი წარმოების ხელშეკრულების მიმართ, რომლის მონაწილენი არიან ადგილობრივი და უცხო პირები. ამ შემთხვევაში მიმართავენ იმ ქვეყნის სამართალს, რომელშიც ერთობლივი წარმოება დაწესდა. გარდა ამისა, აუქციონსა და ბირჟაზე, კონკურსის წესით დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება იმ სახელმწიფოს სამართალი, სადაც წარმოებდა აუქციონი, ბირჟა, კონკურსი. //გაბიჩიძე შორენა. სამართლის არჩევის საკითხი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში // ალმანახი ¹15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
კომერციული საიდუმლოება კომერციული საიდუმლოება - ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ზოგადად, კომერციურლი საიდუმლო დაკავშირებულია პროფესიულ და კონფიდენციალურ საიდუმლოებასთან პროფესიულ საიდუმლოებას კი ,,მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი, შემდგომში სზაკ-ი მუხ. 27.3). თუმცა, პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. //მაჭარაშვილი ოთარ. კომერციული საიდუმლოება // ალმანახი ¹17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კომიციები კომიციები - სახალხო კრებები ძველ რომში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კომპენსაცია კომპენსაცია - (ლათ. compensatia ანაზღაურება) - საზღაური, თანხა, რასაც უხდიან რისამე ასანაზღაურებლად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კომპეტენცია კომპეტენცია - (ლათ. compententia) - ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილს სახელმწიფო ორგანოების სისტემაში. საკითხთა წყება, რომელთა ჯეროვანი ცოდნა მოეპოვება ვისმე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. კომპეტენცია - კომპეტენცია წარმოადგენს თვისებების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების დინამიურ კომბინაციას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპეტენციის განვითარება. კომპეტენცია ყალიბდება სხვადასხვა კურსების ფარგლებში და სხვადასხვა საფეხურზე ფასდება. იგი შეიძლება დაიყოს საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციად (დარგისათვის სპეციფიკური) და ზოგად კომპეტენციად (რომელიც საერთოა ყველა აკადემიური სფეროსათვის). //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
კომპიტალიები კომპიტალიები - (compita ლათ. - გზაჯვარედინი) კერიისა და ქალაქის ქუჩების მფარველი კეთილი სულების პატივსაცემად გამართული დღესასწაული; აღინიშნებოდა 2 მაისს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კომპლექსი კომპლექსი - პიროვნების აფექტურად შეფერადებული აზრების, ინტერესებისა და განწყობების ზემოქმედება აქტუალურ ფსიქიკურ ცხოვრებაზე. როგორც წესი, ხორციელდება არაცნობიერ დონეზე. ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და განაპირობებს შემდგომი ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვან კანონზომიერებებს. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
კომპურგაცია კომპურგაცია – ანუ შეჯიბრებითი ხასიათის პროცედურა ადგილობრივ ანგლოსაქსურ სასამართლოში, დაზარალებული და ბრალდებული მხარის მოწმეების მონაწილეობით; //გოთუა ზურაბ. ანგლო-ამერიკული სისხლის სამართლის ზოგადი დახასიათება // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
კომუნა კომუნა - ძირითადი ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული, რომლის გამგებლობაში შედის შემდეგი საკითხები: ბუნების დაცვა, სამაშველოს სამსახურის ორგანიზება, სამოქალაქო თავდაცვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტექნიკური მომსახურება (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ენერგომომარაგება) და კულტურის სფერო. კომუნები აგრეთვე ვალდებულნი არიან ორგანიზება გაუწიონ სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების საქმიანობას. სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება უმთავრესად კომუნის ბიუჯეტიდან ხდება, ხოლო თანხის მცირე ნაწილი მშობლების მიერ სწავლის საფასურის გადახდის მეშვეობით. //თოთიაური ჯუმბერ. სახღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების სტრუქტურა // ალმანახი ¹ 10,– [სახელმწიფო სამართალი],–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–1999.
კომფორტის ქალები კომფორტის ქალები - (Comfort Women) სქესობრივი ძალადობის მაგალითი, მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ შემთხვევა: ტოკიოს ტრიბუნალმა იგნორირება გაუკეთა იმ 200 000-ზე მეტი ახალგაზრდა ქალის ბედს, რომლებიც სექსუალურ მონობაში იმყოფებოდნენ. ეგრეთ წოდებული კომფორტის ქალები იძულებულნი იყვნენ საჯარისო ნაწილებს გაჰყოლოდნენ ომში და მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ზოგჯერ მსხვერპლს დღეში ორმოცჯერ აუპატიურებდნენ, მათი მცირე ნაწილი იაპონელ სამხედროებს მონების მსგავსად შინ მიჰყავდათ და სექსუალური ურთიერთობის გარდა საოჯახო საქმესაც აიძულებდნენ. ამ ფაქტების გამოაშკარავება XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მსხვერპლმა ქალებმა სიმართლის თქმა გადაწყვიტეს. //თომაშვილი თამარ. სქესობრივი და გენდერული ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
კონკორდატი კონკორდატი - საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება. აქედან ერთი არის წმიდა საყდარი, სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას რომის ეპისკოპოსი (პაპი). ამ ხელშეკრულების საგანია სახელმწიფოს ურთიერთობა კათოლიკურ ეკლესიასთან, უპირველეს ყოვლისა კათოლიკურ ეკლესიასთან (კათოლიკეებთან) იმ ქვეყანაში, რომელთანაც იდება ხელშეკრულება. //აბაშიძე ლევან. რელიგიური კანონმდებლობის პერსპექტივები საქართველოში. //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
კონკურენცია კონკურენცია (ლათ. concurrentia შეჯახება) - მეწარმეთა შეჯიბრი გამოშვებული პროდუქციის ხარისხისა და ასორტიმენტის გაუმჯობესებით სასაქონლო ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად, აგრეთვე ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედი ეკონომიკური აგენტების მეტოქეობა, როცა თითოეული მათგანის ქმედება ზღუდავს მეტოქის შესაძლებლობას, უპირატესობა მოიპოვოს ბაზარზე და ხელს უწყობს მომსახურებისათვის საჭირო საქონლის წარმოშობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კონსტიტუცია კონსტიტუცია - ტერმინი „კონსტიტუცია“ (CONSTITUTIO) - ლათინური სიტყვაა და დაწესებას, დადგენას ნიშნავს. კონსტიტუცია არის სამართლებრივი აქტი ან სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის გზით, გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს. ეს ტერმინი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ რომის იმპერიის კანონმდებლობიდან იხმარებოდა. „კონსტიტუცია“ - მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში გამოხატავდა იმპერატორთა ბრძანებებსა და მათ მიერ დადგენილ სხვადასხვა წესებს, მაგრამ მას იმ დროისათვის სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობა არ ჰქონია. კონსტიტუციის აღმოცენება ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგია, რომელმაც შვა ახალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. პირველი კონსტიტუცია დაიწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1787 წელს და 200 წელზე მეტია მოქმედებს), შემდეგ კი საფრანგეთსა და პოლონეთში (1791 წელს). ამ პერიოდიდან მოყოლებული, მრავალი მეცნიერ-იურისტი ცდილობდა კონსტიტუციის არსის წვდომას; სწორედ ამგვარი მცდელობებისა და აზრთა შეჯერების შედეგად, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ცნება. კონსტიტუციამ შეიძინა ქვეყნის ძირითადი კანონის ძალა, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძვლები, მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა და სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც სახელმწიფო განახორციელებდა თავის არსებობასა და ფუნქციონირებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. კონსტიტუცია - სახელმწიფოს მთავარი კანონი. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კონსტიტუციურობა კონსტიტუციურობა - ამა თუ იმ აქტის, მოქმედების კონსტიტუციის ნორმებთან შესაბამისობა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. ALPE. –2002.
კონსული კონსული - უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ რომში; კონსულს ირჩევდნენ ერთი წლის ვადით; //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კონტინენტური შელფი კონტინენტური შელფი - ტერიტორიულ წყლებთან მიმდებარე გარკვეული სიგანის ზღვის ფსკერის რაიონი, რომელზეც მოსაზღვრე სახელმწიფო ახორციელებს გარკვეულ სუვერენულ უფლებებს. საქართველოს კონტინენტური შელფი ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის მთელ ბუნებრივ სიგრძეზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე. ცალკეულ შემთხვევებში, კონტინენტური შელფის გარე საზღვარი დგინდება მოსაზღვრე ან მოპირდაპირე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან შეთანხმებით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტი - ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებას; მონაწილეობას იღებს დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, აკონტროლებს მათ შესრულებას, დადგენილი წესით ამოწმებს იმ პირებს, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნულ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობას. //გზამკვლევი. ფონდი ALPE, 2006წ.
კონტროლი კონტროლი - ცნება „კონტროლი“ ჯერ კიდევ ფართო დისკუსიის საგანს წარმოადგენს მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს შორის. იგი ძირითადად აღიქმება როგორც სამხედრო ძალების საქმიანობის შემოწმებისა და, ზოგადად, მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება. ტერმინი „კონტროლის“ ასეთი სახით დეფინიცია ფართოდ არის გავრცელებული არა მხოლოდ სამხედროთა შორის, არამედ თვით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას შორის მაშინ, როდესაც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო - დემოკრატიული კონტროლი უფრო მრავლისმომცველი ცნებაა და იგი თავისი არსით არა მხოლოდ მაკონტროლებელ ხასიათს ატარებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა მაბალანსირებელ სისტემას უზრუნველყოფს. კონტროლი, ამ შემთხვევაში, ნიშნავს არა მხოლოდ სამხედროთა საქმიანობაზე ზედამხედველობას, არამედ ამ საქმიანობისთვის წესების დადგენას, მის შეთავსებას საზოგადოებრივ მოთხოვნებსა და სახელმწიფო ინტერესებთან და ამ პროცესის წარმართვის დომინირებას. „კონტროლი“ ამ შემთხვევაში უფრო მეტად სოციალური ცნებაა და იგი მიმართულია არა პიროვნებებისაკენ, არამედ ძალაუფლების ინსტიტუციონალური ბალანსირებისაკენ. (სამხედრო საქმე. რედ.) //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006.
კონტროლის პალატა კონტროლის პალატა - სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, შექმნილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობის მიზნით. იგი ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. კონტროლის პალატა - სახელმწიფო კონტროლის ორგანო, პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მართებულად გამოყენების კონტროლსა და ამ სახსრების გახარჯვის ზედამხედველობის განხორცილებაზე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
კონფიდენციალური კონფიდენციალური - (ლათ. confidentia ნდობა) - საიდუმლო, რისი გახმაურებაც არ შეიძლება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კორლეონეზი კორლეონეზი - მაფიოზური ოჯახი იტალიაში (სახელწოდება მშობლიური ქალაქის სახელიდან მომდინარეობს) //აბაშიძე ლევან. პალერმოს ,,კულტურული რევოლუცია” და ქალაქის ადმინისტრაციის განახლების პროექტები. //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
კორმლენიე კორმლენიე - პრინციპი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი კი არ ენიშნებათ, არამედ ეძლევათ განსაზღვრულ ტერიტორიაზე გარკვეული სახელმწიფო უფლებამოსილებების განხორციელების უფლება. თავის მხრივ, პირი იღებს ვალდებულებას, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სახელმწიფოს სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას მოახმაროს. ეს პრინციპი სათავეს იღებს მონღოლურ სახელმწიფოში, მოგვიანებით ის მოსკოვის რუსეთშიც გავრცელდა // ადეიშვილი ზურაბ . ,,კორმლენიე” საქართველოში// ,,თავისუფლება” N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - (Corporate Social Responsibility CSR) კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება, იმოქმედოს მდგრადი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მეთოდებით და გააცნობიეროს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
კორსიკა კორსიკა - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის საფრანგეთს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კორუფცია კორუფცია - ლათინური სიტყვაა (corrumpo) და პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, მოსპობას, განადგურებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, დამახინჯებას, ფალსიფიცირებას ნიშნავს. კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა; მისი სპექტრი და მოქმედების ველი ერთობ ფართოა. ეს ცნება, ზოგადად სახელმწიფო მასშტაბის უკანონობასაც გულისხმობს და დამნაშავეთა დაუსჯელობასაც. კორუფცია კრიმინალური ცნობიერების ნაყოფია და იქ ჰპოვებს ნოყიერ ნიადაგს, სადაც კანონი არ კანონობს და საზოგადოების ზნეობრივი დონე დაბალია; სადაც საღი სარწმუნოება და ურთიერთობის კულტურა მშრალი, ცივი და უსახური მერჯულეობითაა შეცვლილი; სადაც პიროვნების ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობის პრინციპი აბუჩადაა აგდებული და დაცინვის საგანია; სადაც საზოგადო და კერძო ღვთისმსახურების შინაგანი ცეცხლი მოწესეობამდე და ლიტონ რიტუალებამდე არის დამდაბლებული. //პაპუაშვილი ნუგზარ. ეპისკოპოსი გაბრიელი ,,ფარული ქურდების” შესახებ //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
კრედიტების დაგროვება კრედიტების დაგროვება - კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად სემესტრის, აკადემიური წლის ან სრული პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის კრედიტების განსაზღვრული რაოდენობა უნდა იყოს მიღებული. კრედიტების მინიჭება და დაგროვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სწავლის განსაზღვრული შედეგის წარმატებით დასრულება დადასტურებულია შეფასებით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
კრედიტების ტრანსფერი კრედიტების ტრანსფერი - მობილური სტუდენტის მიერ მშობლიურ და მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების გადატანა ურთიერთაღიარების მიზნით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) - ECTS-ი არის სისტემა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სისტემების გამჭვირვალობისა და ევროპის რეგიონში სტუდენტთა მობილობის გაუმჯობესება კრედიტების ტრანსფერის საშუალებით. ის ეფუძნება ძირითად დებულებას, რომ აკადემიური წლის განმავლობაში სწავლების საერთო დატვირთვა 60 კრედიტის ტოლია. 60 კრედიტი ნაწილდება კურსებზე ან მოდულებზე შესაბამისი სწავლების შედეგების მიღწევისათვის სტუდენტის დატვირთვის აღსაწერად. კრედიტის ტრანსფერი გარანტირებულია დეტალური ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი, მასპინძელი უნივერსიტეტი და თავად მობილური სტუდენტი. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
კრედიტი კრედიტი - (ლათ. creditum სესხი, ვალი) - 1. საქონლის ან ფულის გაცემა სესხად, რომელიც უკან სარგებელთან ერთად ბრუნდება. 2. (ფინანს.) გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. კრედიტი - ECTS-ის შემთხვევაში კრედიტი დროის ერთეულებში გამოსახული სტუდენტის დატვირთვის მოცულობაა. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
კრეტა კრეტა - ეგეოსის ზღვის სამხრეთში მდებარე კუნძული. მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა. კრეტამ უდიდეს აყვავებას მიაღწია ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კრიპტოგრაფია კრიპტოგრაფია - კომუნიკაციების კონტროლის საწინააღმდეგო ქმედითი სისტემაა. შეტყობინების დაშიფრვა იმგვარად ხდება, რომ მხოლოდ მიმღებს შეუძლია მისი გაშიფრვა და ინფორმაციის წაკითხვა. Pretty Good Privacy (PGP) ყველაზე ცნობილი კრიპტოგრაფიული პროგრამაა, რომლითაც 100000 მომხმარებელზე მეტი სარგებლობს, მათ შორის – უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც. //საყვარელიძე ფრიდონ. ტოტალური თვალთვალის სამყარო //თავისუფლება N2(14), თებერვალი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
კრიტიკული აზროვნება კრიტიკული აზროვნება - „კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენებას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მათზე პასუხის ძიებას. ის მოიცავს ფაქტების არა მხოლოდ დაფიქსირებას, არამედ მათი მიზეზებისა და შედეგების გარკვევას. კრიტიკული აზროვნება, ერთი მხრივ, თავაზიან სკეპტიციზმს, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბებული პიროვნული პოზიციის არსებობას გულისხმობს“ „კრიტიკული აზროვნების არსი არც ისე რთულია. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც ზრუნვა საკუთარ აზროვნებაზე. მისი ღირებულებაც მარტივი გასაგებია: თუ ძალგვიძს, ვიზრუნოთ საკუთარ აზროვნებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვაც შეგვიძლია, რაც მის გაუმჯობესებას, პოზიტიური მიზნებისკენ მიმართვას გულისხმობს“. „კრიტიკულ აზროვნებას მივყევართ გადაწყვეტილებამდე: რა ვირწმუნოთ და რა არა“. კრიტიკული აზროვნება გონებაში ინფორმაციის შესვლასთან ერთად იწყება და ამ ინფორმაციისადმი პიროვნული პოზიციის გამომუშავებით სრულდება. ესაა აზროვნების ფორმა, რომელიც საკითხის სხვადასხვა პრიზმაში დანახვას, ალტერნატივათა აწონვა-დაწონვასა და გაჩერებას გულისხმობს. ესაა საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა საშუალებათა შესახებ, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა. კრიტიკულად აზროვნება-ესაა დამოუკიდებლად აზროვნება. როცა მეცადინეობა კრიტიკული აზროვნების პრინციპებზეა აგებული, ყოველი მოსწავლე დამოუკიდებლად ახორციელებს საკუთარი იდეის, შეფასების, მრწამსის ფორმულირებას. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენ მაგივრად, ეს „პიროვნული“ საზრუნავია. შესაბამისად, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ინდივიდუალური ხასიათისაა. მოსწავლეს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების საკითხები. (განათლება რედ.) //წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
კრომველი ოლივერი კრომველი ოლივერი - (1599-1658) ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი; ოპოზიციის ლიდერი. მის მიერ დაარსებულმა უზენაესმა სასამართლომ ინგლისის მეფე ჩარლზ I 1649 სიკვდილით დასაჯა. ლორდ-პროტექტორი კრომველი დიქტატურულად ახორციელებდა ძალაუფლებას. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
კულტი კულტი - ლათინური სიტყვაა და რელიგიურ სამსახურს ნიშნავს. რელიგიათმცოდნეობაში კი ამ ტერმინით სექტის ის სახეობა აღინიშნება, რომელიც ექსტრემიზმით და რადიკალურობით გამოირჩევა და რომელსაც ხშირად ტოტალიტარულს ეძახიან. მისი არსებითი ნიშანი პიროვნების შთანთქმის, ინდივიდუალობის წარხოცვის და კოლექტიურ ცნობიერებაში გათქვეფის მცდელობაა. ამერიკაში ასეთ სექტებს მიეკუთვნებიან მუნიტები (,,ერთობის ეკლესია’’), ,,ქრისტიანული მეცნიერება’’, ,,ღვთიური განათლების მისია’’ და სხვა. ისინი ახალი წევრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით არაზნეობრივ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, ეკლესიებთან, დენომინაციებთან და ჩვეულებრივ სექტებთან კონფლიქტი აქვთ; ჰყავთ ქარიზმატული (,,სულიწმიდით მოლაპარაკე’’) ლიდერები და თავიანთ თავს ქარიზმატებს ეძახიან. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
კულტურული მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობა - საქართველოს კანონმდებლობით, კულტურის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების განვითარების პროცესში დაიმკვიდრა, შეინარჩუნა ან აღიდგინა ფასეულობის მნიშვნელობა და თაობიდან თაობას გადაეცემა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
კურიკულუმი კურიკულუმი - საგანმანათლებლო პროგრამა კურსების ან მოდულების დამტკიცებული ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური აკადემიური ხარისხის მისაღებად. იგი შეიძლება განისაზღვროს კრედიტების დადგენილი რიცხვის მისაღწევად აუცილებელი სწავლის შედეგებით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
კურსი კურსი -კურსი/მოდული დამოუკიდებელი, ოფიციალურად მიღებული სასწავლო გამოცდილება. მასში ნათლად და ზუსტად უნდა აისახოს კომპეტენციის სახით გამოსახული სწავლის შედეგები და შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
კურსის კატალოგი კურსის კატალოგი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი პროგრამების შესახებ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
კურულის მაგისტრატი კურულის მაგისტრატი - ძველ რომში მაგისტრატები დაყოფილნი იყვნენ რანგებად. მაღალი რანგის მაგისტრატები, ვისაც ასეთი სავარძლები ჰქონდათ, კურულის მაგისტრატებად იწოდებოდნენ. (კურული - საპატიო სავარძელი სპილოს ძვლისა) //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა