სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური
ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
სიტყვა | განსაზღვრება |
შამანი | შამანი - განსაკუთრებული ტანსაცმელი, რომელიც ებრაელებს ლატერანის IV საეკლესიო კრების თანახმად უნდა ეტარებინათ. იგი იმდენად ულამაზო იყო, რომ იტალიურ ენაში ზედსართავსაც კი გააჩნდა - sciamanato (მოუწესრიგებელი). //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] |
შარდენი ჟან | შარდენი ჟან - /1643-1713/ ფრანგი მოგზაური. საკუთარი თვალით ნანახი მრავალი ფაქტი შარდენმა აღწერა თხზულებებში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთ ინდოეთში“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
შარიათი | შარიათი - მუსლიმანთა რჯულის კანონი. კანონთა კოდექსი. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) | შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - მსოფლიოში სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის წარმოშობას საფუძვლად დაედო ორი მიზეზი. პირველი, მისი შექმნის პროცედურა უფრო ადვილი იყო, ვიდრე სააქციო საზოგადოებისა; და მეორე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წევრობაზე დაფუძნებული საწარმოები კი არ არიან, არამედ მათ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შემოიფარგლება საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა, ე.ი. ამ საწარმოს პარტნიორები საზოგადოების ვალებზე სოლიდარულად კი არ აგებენ პასუხს, არამედ საწარმოს საწესდებო კაპიტალით. უმთავრესად, სწორედ ეს, მეორე მიზეზი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის საფუძველი, რადგან დამფუძნებლები ხშირად გაურბიან თავიანთი პირადი ქონებით პასუხისმგებლობას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალური საზოგადოებაა. მისი საწესდებო კაპიტალი არ უნდა იყოს ორი ათას ლარზე ნაკლები. ფულადი შესატანის დროს, თანხა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ვალუტით. ფულადი შესატანის გარდა, საზოგადოებაში შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნას სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტის სახით, ე.ი. არაფულადი შესატანი. არაფულადი შესატანი გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების წესდებაში. მასში ასევე მითითებული უნდა იყოს არაფულადი შესატანის სახეობა და თითოეული პარტნიორის წილის ოდენობა. საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისათვის არაფულადი შესატანი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საზოგადოებას, მის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენოს და განკარგოს იგი. თუ არაფულადი შესატანის თავისუფლად გამოყენება შეუძლებელია, მაშინ შესატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება და საზოგადოებას შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ეთქვას. შპს იქმნება პარტნიორების კაპიტალის გაერთიანების შედეგად. მისი არსებობა არ არის მასში წევრობაზე დამოკიდებული და საზოგადოებიდან პარტნიორის გამოსვლა არ იწვევს მის ავტომატრად დაშლას. იგი შეიძლება დაარსოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი შეიძლება იყოს სახელმწიფოც. ამასთან, მისი დაარსება შეუძლია ერთ პირსაც. შპს-ს აქვს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოები - პარტნიორთა კრება და დირექტორატი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, ამ ფორმის საზოგადოებისათვის იგი ფაკულტატური ორგანოა, დამოკიდბულია პარტნიორთა შეთანხმებაზე, და თუ ეს ორგანო არსებობს, მაშინ მასზე ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის დადგენილი წესები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი ტარდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ. რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს საწესდებო კაპიტალის მეოცედი ნაწილის, ე.ი. ხუთი პროცენტის, მფლობელ პარტნიორს. კრების მოწვევისას, მითითებული უნდა იყოს კრების მიზანი, დღის წესრიგი და კრების მოწვევის საფუძველი. თუ ინიციატორი პარტნიორის ამ მოწვევას სხვა პარტნიორები ან დირექტორები არ გამოეხმაურებიან, მაშინ იგი თვითონ იწვევს ამ კრებას. კრების მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს წყვეტს საერთო კრება. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. //მენაბდიშვილი სოლომონ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება // ალმანახი ¹11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999 |
შეკრება | შეკრება - საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება - წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ. ეს უფლება არ ვრცელდება სამხედრო ძალების, უშიშროების სამსახურის, პოლიციისა და ფინანსური პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირებზე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
შემწყნარებლობა | შემწყნარებლობა - ეს ცნება არ არის ერთგვაროვანი. შეუძლებელია, ერთი რწმენის მიმდევარი იწყნარებდეს სხვა სარწმუნოების არსს, დოგმატებს. შინაგანი არსობრივი შემწყნარებლობა წაშლიდა ზღვარს კონფესიათა შორის. არ შეიძლება ქრისტიანი იწყნარებდეს ისლამს, მუსლიმი - ქრისტიანს, იუდეველი - მუსლიმს და ა.შ. მაგრამ ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შეუწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა. ამას მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ადამიანს არ სურს გაიგოს ელემენტარული რამ - ანუ შეიწყნაროს (მოითმინოს) განსხვავებული რწმენის ადამიანი მისი რწმენის შეუწყნარებლად (ანუ არ აურიოს ერთმანეთში ეს ორი მომენტი), იგი დაარღვევს კონსტიტუციასაც და კანონსაც, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა. //კიკნაძე ზურაბ. ეკლესია და კანონი // თავისუფლება N1(13), იანვარი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003 |
შენგენის ვიზა | შენგენის ვიზა - ვიზა რომელიც გაიცემა ევრო კავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ამჟამად შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მიერ (ესენია ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, შვეცია და ევრო კავშირის არა წევრი სახელმწიფო ნორვეგია). //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001 |
შენგენის ტერიტორია | შენგენის ტერიტორია - ამჟამად შედგება ევროგაერთიანების წევრი შემდეგი სახელმწიფოებისაგან: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი. ახლო მომავალში შენგენის შეთანხმებაში შევა დანიაც. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 |
შერბერტის ტესტი | შერბერტის ტესტი - საქმეში შერბერტი ვერნერის წინააღმდეგ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც მკაცრი შემოწმების ტესტის ერთ-ერთი ფორმაა. სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესის არარსებობისას შერბერტის ტესტი სახელმწიფოსგან მოითხოვს პირის გათავისუფლებას რელიგიურად ნეიტრალური კანონის მოქმედებისგან, რომელიც არსებითად ზღუდავს მის რელიგიურ გამოხატვას. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004 |
შეურაცხყოფა | შეურაცხყოფა - პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 |
შეფასება | შეფასება - წერითი, ზეპირი და პრაქტიკული ტესტების/გამოცდების, პროექტებისა და პორტფოლიოს ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება კურსის ან მოდულის ფარგლებში სტუდენტის წარმატების შესამოწმებლად. შეფასება შეიძლება თვით სტუდენტმა გამოიყენოს საკუთარი წარმატების შესამოწმებლად (ფორმატული შეფასება) ან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ იმის დასადგენად, მიაღწია თუ არა სტუდენტმა სწავლის დასახულ მიზნებს კურსის ან მოდულის ფარგლებში (ჯამური შეფასება). //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 |
შეღავათი | შეღავათი - პროცედურა, როდესაც საგამოცდო კომისია ათავისუფლებს სტუდენტს იმ კურსის/მოდულის გადაბარებისაგან, რომელშიც იგი ჩაიჭრა, თუ მას სხვა მონათესავე კურსები/მოდულები მაღალ ნიშნებზე აქვს ჩაბარებული. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 |
შეწყალება | შეწყალება - მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. საქართველოში შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. შეწყალება – შეწყალებას ხშირად “კერძო ამნისტიას” უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას. მსჯავრდებულისადმი შეწყალების გამოყენების საკითხის დასმის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ თავის დამნაშავედ ცნობა, ჩადენილი დანაშაულის მონანიება და შეწყალების პირადი თხოვნა. თუ მსჯავრდებული პირადად არ ითხოვს შეწყალებას, მაშინ, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების, პარლამენტარების, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეების, ორგანიზაციების მიერ აღძრული შუამდგომლობებისა, შეწყალების საკითხთა განყოფილებას არა აქვს საქმის მომზადებისა და კომისიაზე განსახილველად წარდგენის საფუძველი. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა. შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰუმანური აქტის გამოყენებამდე გულდასმით შეისწავლება ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. //ნანობაშვილი ზაზა. ამნისტიისა და შეწყალების სამართლებრივი ბუნება // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. |
შიდა ჯგუფი | შიდა ჯგუფი - თავისი არსით, მაინცა და მაინც მცირერიცხოვან ადამიანთა ერთობას არ გულისხმობს. ოჯახი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შიდა ჯგუფია, მაგრამ ტომი, თანამშრომელთა კოლექტივი, რელეგიური, ესთეტიკური და სამეცნიერო გაერთიანებებიც შეიძლება იქცეს ძალზე მნიშვნელოვნად და ფუნქციის მქონე რეფერენტულ ჯგუფად. როცა სახელმწიფოს ემუქრებიან, შეიძლება ისიც იქცეს შიდა ჯდუფად. //სურმანიძე ლალი, ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია, – (ძალადობა და გენდერი) ,–[ეგენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002 |
შიიზმი | შიიზმი - შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII ს-ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდაცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში. აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან აშარი) და სხვამ, რომელთაც, შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
შინაპატიმრობა | შინაპატიმრობა - გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, თუ კონკრეტულად რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006 |
შოვინიზმი | შოვინიზმი - უკიდურესი და უმიზეზო მხარდაჭერა იმ ჯგუფისა, რომელსაც მიეკუთვნება პიროვნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მხარდაჭერა გამოხატავს სიძულვილს კონკურენტის მიმართ. ეს ტერმინი წარმოიქმნა ვინმე ნიკოლას შოვინის თავგანწირვიდან გამომდინარე: იგი ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯარისკაცი იყო და ჩვიდმეტი ჭრილობის მიუხედავად, ფანატიკურად უჭერდა მხარს თავის იმპერატორს და იბრძოდა საფრანგეთისათვის; ამდენად ტერმინი ასახავს უკიდურეს ნაციონალიზმს. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007. |
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია | შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) - შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს - ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. ILO სამ იდეაზეა დაფუძნებით შეიქმნა: 1. მშვიდობის დამყარება სოციალური სამართლიანობის გზით; 2. კოლექტიური შეთანხმებებისათვის უპირატესობის მინიჭება იზოლირებულ შეთანხმებებთან შედარებით; 3. იმ აზრის განვითარება, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვაზე მეტი უპირატესობ ასამუშაო პირობებისათვის სტანდარტზე დაბალი დონის მომიზეზებით. ILO-ს ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით, და იმის ზედამხედველობა, თუ როგორ ახორციელებენ მათ მთავრობები ეროვნულ დონეზე. მართალია, ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება ტექნიკური იყოს, ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომპონენტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება. //ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,– კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,– თბ., 2005 |
შუალედური გადაწყვეტილება | შუალედური გადაწყვეტილება - შესაძლოა მიიღოს მოსამართლემ სხვადასხვა შემთხევევაში, მაგალითად, სასამართლო მოსმენის დაწყების, ექსპერტიზის დანიშვნის, მესამე მხარის საქმეში შემოყვანის შესახებ და ა.შ. შუალედური გადაწყვეტილებით მოსამართლე პასუხობს შუამდგომლობას, კერძო საჩივარს და ა.შ. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 |
შუალედური შემოწმება | შუალედური შემოწმება - Intermediate scrutiny სასამართლო შემოწმების შუალედური დონე. იმისათვის, რომ კანონმა წარმატებით დაძლიოს შუალედური შემოწმება იგი დაკავშირებული უნდა იყოს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესთან. შუალედურ შემოწმებას დაექვემდებარება კანონი, რომელიც დიფერენცირებას ახდენს სქესის ნიადაგზე, მაგალითად კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს ეკრძალებათ გარკვეული სამოსის ტარება. ამგვარი კანონი არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, ვინაიდან იგი არ არის დაკავშირებული ლეგიტიმურ სახელმწიფო ინტერესთან. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004 |
შუამდგომლობა | შუამდგომლობა - პროცესის მონაწილის თხოვნა სასამართლოსადმი მოსამართლის, ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებასა ან არშესრულებაზე. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 შუამდგომლობა - იგივეა რაც სამოქალაქო პროცეში დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მხარის მიერ და ითხოვს სხვადასხვა პროცესუალურ ქმედებას, მაგალითად, ექსპერტიზას, სასამართლო მოსმენის გადადებას და ა.შ. შუამდგომლობა მხარემ შეიძლება წამოაყენოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე ან აკმაყოფილებს ან უარყოფს შუამდგომლობას. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 |