სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 49 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
იაკობ II იაკობ II - (1633-1701) ინგლისის მეფე, სტიუარტების დინასტიის ჩამომავალი. იაკობ II-ის რეაქციულმა პოლიტიკამ უკმაყოფილება გამოიწვია. მის წინააღმდეგ შეთქმულებმა 1688 წელს ტახტზე მისი სიძე, ვილჰელმ III ორანელი, დასვეს; მან ნიდერლანდთა ფლოტის დახმარებით დაამარცხა იაკობ II. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
იდენტობა იდენტობა - პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ (მაგ., რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი,რელიგიური, პროფესიული და სხვა სახის იდენტობა). //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
იდეოლოგია იდეოლოგია - რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას, უფრო სწორად, იდეოლოგია (ისტორიულად) სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის სტერეოტიპი. შემთხვევითი არაა, იდეოლოგიის თვით ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში შეიქმნა: რაკი საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყო და უარყო პოლიტიკურ რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მიძღვრებით. რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად. რაციონალობაზე, მეცნიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული (სიტყვის მეორი ნაწილი - „ლოგია“ - სწორედ ამას მიანიშნებს). შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადსხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წინამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი: გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე - ადამიანთა საზოგადოებაზე); ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე.ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას (პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა, ტრადიციების დაცვა, და ა.შ.); და ბოლოს, პრაქტიკული მოქმედების პრინციპი, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. თუ - როგორც ზოგიერთი ფიქრობს - იდეოლოგიის ცნება მოძველდა და დღეს „დეიდეოლოგიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინ პოლიტიკური პარტიების საჭიროებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ, ჩემი აზრით, „დეიდეოლოგიაზაციის“ თეორია (რომელიც დასავლეთში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო მოდაში) ტექნოკრაქტიული უტოპიაა, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება დღესაც საკმაოდ იდეოლოგიზებულია. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
იეზიდები იეზიდები - ანუ, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, ეზდიები ეთნიურად და ენობრივად ქურთები არიან. მათგან მხოლოდ რელიგიით განსხვავდებიან, რის გამოც ცალკე ეთნოსს შეადგენენ. მათი რელიგია სინკრეტულია, ახლოს დგას ზოროასტრიზმთან, მაგრამ, ამავე დროს, მასში ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებიცაა ასახული. იეზიდთა რელიგიის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც წინასწარმეტყველს უწოდებენ. იეზიდები აღიარებენ ერთ ღმერთს და თაყვანს სცემენ ამომავალ მზეს, რომელიც, მათი რწმენით, ღვთის ამქვეყნიური ხატია. თაყვანს სცემენ აგრეთვე ვარსკვლავებს, მთვარეს და ცეცხლს. მათი მთავარი დღესასწაულია ,,მზის დაბადება’’, რომელიც 20 დეკემბერს აღესრულება. მორწმუნეთა საზოგადოება ორ კასტადაა გაყოფილი - საეროდ (მიურიდებად) და სასულიეროდ. სასულიერო წოდება იერარქიულია: არიან ფირები და არიან შეიხები. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
იეჰოვას მოწმეები იეჰოვას მოწმეები - კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ - ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ გასუბსტანტივდა და ღვთის საკუთარ სახელად, ეთნონიმად იქცა. ,,იეჰოვას მოწმეებს’’ სწამთ, რომ იაჰვე ღვთის უცვალებელი სახელია და იგი დღესაც ამ სახელით უნდა მოვიხსენიოთ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 იეჰოვას მოწმეები - სათავეს იღებენ ყოფილი ადვენტისტის, ჩარლზ ტეიზ რასელის (Charles Taze Russel) მიერ დაარსებული გაერთიანებისგან ”ბიბლიის ჭეშმარიტ შემსწავლელთა საერთაშორისო გაერთიანება”. ეს გაერთიანება ქადაგებდა ბიბლიის შესწავლას ყოველგვარი დამხმარე ლიტერატურის გარეშე. რასელის რწმენით, იესო ქრისტე ამქვეყნად უჩინრად მოვიდა 1874 წელს, ხოლო განცხადებულად გამოჩნდებოდა 1914 წელს, როდესაც ის შემუსრავდა ყველა ამქვეყნიურ ხელისუფლებას და მართლებს ზეცაში აიყვანდა. როდესაც 1914 წელს მსოფლიოს აღსასრული არ დადგა, თვით რასელი კი 1916 წელს აღესრულა, ბუნებრივია, გაერთიანებაში კრიზისი დაიწყო. ამის შემდეგ არჩევნების მანიპულირების გზით მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა ყოფილი ბაბტისტი და მოსამართლე ჟოზეფ ფრანკლინ რათერფორდი, რომელმაც გაერთიანების სტრუქტურა სრულიად ახლებურ, მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპზე გადაიყვანა. 1931 წლიდან გაერთიანებას იეჰოვას მოწმეები ჰქვია. გაერთიანების რადიკალიზაციისა და ქვეყნიერების აღსასრულის სულ ახალ-ახალი თარიღების გამო, მოძრაობა ბევრმა დატოვა, თუმცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თანდათან ისევ გაიზარდა. 1965 წელს მათ მილიონს გადააჭარბეს, ხოლო ამჟამად ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უნდა შეადგენდეს. იეჰოვას მოწმეთა სწავლების საფუძველი ბიბლიაა. მიიჩნევა, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან არის შთაგონებული. ამიტომ, მისი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია იყოს მასში რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობენ ბიბლიის მხოლოდ ერთ, საკუთარ თარგმანს: ”წმინდა წერილის ახალი მსოფლიო თარგმანი”. ეს თარგმანი, ბიბლიის სპეციალისტთა აზრით, სავსეა შეცდომებით და ტენდენციური ინტერპრეტაციებით.თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი იეჰოვას მოწმე თავის ყოველ ნაბიჯს ბიბლიის მიხედვით დგამს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ამ გამოცემას წევრების მანიპულირებისათვის. ორგანიზაციის ლიდერები დროდადრო, საკუთარი ახალი შეხედულებისა და საჭიროების მიხედვით შეცვლილ რედაქციას სთავაზობენ თავიანთი ორგანიზაციის წევრებს. აბსოლიტურ ჭეშმარიტებად ცხადდება ბოლო ვერსია, ხოლო ძველი დავიწყებას უნდა მიეცეს. თვით სახელი იეჰოვა, ბიბლიის ებრაელი ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს. სპეციალისტთა აზრით სწორი უნდა იყოს იაჰვე, ან მსგავსი გამოთქმა, მაგრამ არა იეჰოვა. იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოჰყავთ ადგილები ბიბლიიდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადგილები მოჰყავთ ტენდენციურად, საკუთარი ინტერპრეტაციით და საკუთარ თარგმანზე დაყრდნობით და არ უნდა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა, ამტკიცებენ რა, რომ ბიბლია უშუალოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე უნდა გავიგოთ. მათი ლიტერატურიდან და ქადაგებებიდან შემდეგი სწავლება იკვეთება: იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ყველაზე მაღლაა, ქვეყნიერების, ადამიანთა და ანგელოზთა ზევით. ადმიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება და დაეცა. ამის შემდეგ სატანა ცდილობს შეაცდინოს ადამიანი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაზე არავინ შეინარჩუნა იეჰოვას ერთგულება. სამაგიეროდ არიან ადამიანთა შორის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც, და მხოლოდ ისინი (!) არიან იეჰოვას ერთგულნი. იესო იყო იეჰუვას უმთავრესი მოწმე. მან ძელზე (და არა ჯვარზე) მორჩილებით მიიღო სიკვდილი. დღევანდელმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს უნდა მიჰბაძონ. მთელი დანარჩენი მსოფლიო სატანის სამსახურშია და განწირულია დასაღუპად. გადამწყვეტი ბრძოლა სატანასთას იესომ 1914 წელს დაიწყო, როდესაც ის უხილავად მეორედ მოევლინა დედამიწას. ამჟამად სულ ცოტა დრო რჩება გადამწყვეტ ბრძოლამდე, - არმაგედონამდე. ამ ბრძოლაში სატანაა და მისი მომხრეები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო მართლები (იეჰოპვას მოწმეები, რომელთა რიცხვი ზუსტად არის განსაზღვრული) ღმერთთან ერთად იმეფებენ. ყოველ იეჰოვას მოწმეს აქვს დავალება იქადაგოს და ორგანიზაციას ახალი წევრები შესძინოს. გარდა ამისა, ის ვალდებულია რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა საერთო შეკრებაში. ამაში შედის ბიბლიის ქადაგება კვირაობით, ბიბლიის თეოკრატიული სკოლა, სამუშაო კრება და სასწავლო შეკრება. საერთო ჯამში 3-4 შეკრება კვირაში. გარდა ამისა, კარდაკარ სიარული ან ქუჩაში დგომა მისიონერობის მიზნით. ლიტერატურა, რომელსაც მოწმე არიგებს, მან თვითონ უნდა შეიძინოს ორგანიზაციაში. რას ელოდება ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებს ჩამოშორდება? აღნიშნული სექტის სულიერ წინამღძვართა მტკიცებით, განდგომილები თავიანთ სახელს საგინებელ სიტყვად აქცევენ და გამოძევებულ იქნებიან, რათა მათი ნაწილი ფარისევლებთან ერთად აღირაცხოს და საბოლოოდ ისინი გამწესებულნი იქნებიან არმაგედონში. ვინაიდან წყევლა და გინება ეწევა მათ, მათი ფარისევლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი მიმდინარე ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილნი რჩებიან. ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა გაიაზრებ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც, თუმცა ჩამოშორდა ამ ორგანიზაციას, მაინც ინარჩუნებს რწმენას აღსასრულის პირას მყოფი სამყაროს შესახებ. იეჰოვას მოწმეთა კრიტიკოსები ერთ რამეში სრულიად თანხმდებიან, კერძოდ იმაში, რომ ახალი აღთქმის სიხარულის აღსავსე მისიას აქ მუქარის მისია ენაცვლება. ასეთი მრავალრიცხოვანი მცნებებისა და აკრძალვებების დაცვა, როგორც წესი, არავის შეუძლია, განსაკუთრებით უჭირთ ამის გაკეთება ახალგაზრდებს. ზოგიერთი მოწმე მოითხოვს, რომ უგულვებელყოფილ იქნას ყველაფერი, რასაც შეუძლია რწმენაში დააბრკოლოს ადამიანი – მატერიალური საგნები, სხვადასხვა გატაცებები, ქორწინება მხოლოდ სიყვარულის მოტივით და სხვა მრავალი, მათ შორის სწავლა – განათლების მიღებაც. იეჰოვას მოწმეთა ყოფა საკმაოდ შეზღუდულია უამრავი აკრძალვით. მათ შორის, აკრძალულია: - დაბადების დღეების აღნიშვნა, - არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ზედმეტი წონის ქონა, - უწმაწურ ხუმრობაზე სიცილი, - თვალში საცემი ვარცხნილობის ან ტანსაცმლის ტარება, - თავის მართლების მცდელობა და სხვა. ცალკეა აღსანიშნავი სისხლის გადასხმის უმკაცრესი აკრძალვა, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს. //სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
ივლიანიტობა ივლიანიტობა - ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება - ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, - მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და ამ ფაქტთან მისი მიწიერი ცხოვრების (მას რომ სციოდა, სტკიოდა, შიოდა, რცხვენოდა) შეუთანხმებლობა არის მხოლოდ მოჩვენებითი, ზედაპირული. მაშასადამე, ივლიანეს აზრით, ღმერთკაცი იყო უვნებო; თურმე მას რეალურად არც სციოდა, არც სტკიოდა, არც შიოდა და არც რცხვენოდა (როდესაც ყვრიმალს სცემდნენ). ამიტომ ივლიანიტებს ,,უხრწნელმოჩვენებითებს’’ (,,აფთარტოდოკეტაი’’) ეძახდნენ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
იმედი იმედი - ერთ-ერთი თეოლოგიური სათნოებაა. ეს ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ მზერის მიპყრობა წინ - მარადიული სამყაროსაკენ - განდგომის ან ზმანების ფორმა კი არაა, არამედ ერთი იმ სათნოებათაგანია, რომელთა აღსრულება ქრისტიანის ვალია. //ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002
იმიგრაცია იმიგრაცია - (ლათ. immigrare ვსახლდები) - იმიგრანტთა ქვეყანაში შესვლის პროცესი. იმიგრანტი უცხოელია, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
იმიჯი იმიჯი - მიზანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარმოდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს (მოვლენას, პიროვნებას და ა. შ.) ანიჭებს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რის წყალობითაც ხელს უწყობს მის უფრო ემოციურ აღქმას. ფასეულობები, რომლითაც იმიჯი „ავსებს“ ობიექტს, შეიძლება სინამდვილეში არც გააჩნდეს მას, მაგრამ ამ ფასეულობებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმიჯს აღიქვამენ. //მაცაბერიძე მალხაზ. არჩევნები და პოლიტიკური მარკეტინგი, - საქ. ახალგაზრ. პოლიტ. ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი,- თბ,. -1997.
იმპიჩმენტი იმპიჩმენტი - (ლათ. impechment) - მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებული წესი. კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
იმუნიტეტი იმუნიტეტი - ზოგი სახელმწიფო პირის ხელშეუხებლობა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ინდივიდუალური კონსულტაცია ინდივიდუალური კონსულტაცია - სწავლების ფორმა, როდესაც მასწავლებლის ხელმძღვანელობით ხდება კურსის ან მოდულის ღრმა შესწავლა, მასალისა და საგნის კრიტიკული განხილვა და დისკუსია. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
ინდიკატორები ინდიკატორები - (Indicators) გაზომვადი მაჩვენებლები, რომლებიც რაიმე მიზნის ან პერსპექტივისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ წარმატებებს აღნიშნავენ. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
ინკლუზიური განათლება ინკლუზიური განათლება - ჩართული სწავლების მოდელი. // სოციალური პოლიტიკა საქართველოში ¹5 [ჰორიზონტი], თბ. 2003
ინსაითი ინსაითი - ინგლისური სიტყვაა (insight), ნიშნავს რაიმეს არსის გაცნობიერებას, წვდომის აქტს. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ინსტიტუტი სოციალური ინსტიტუტი სოციალური - სოციოლოგიის ტერმინოლოგიით, სოციალური როლების ორგანიზებული სისტემა, რომელიც საზოგადოების მდგრად და მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და ფოკუსირებულია ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებსა და ფუნქციებზე. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ინტეგრაცია ინტეგრაცია - ძალიან ზოგადად, ეს არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი. ინტეგრირება - ჰარმონიულ და კოორდინირებულ ერთიან მთლიანობად გადაქცევა, რაც განპირობებულია გადაწყობით, რეორგანიზაციითა და, შესაბამისად, ელემენტებისა და ნაწილების დამატებით ან ჩამოშორებით. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც „ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი, სოციალური კლასი და ა.შ.). //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ინტეგრაციული პროცესი ინტეგრაციული პროცესი - კომუნიკაციის პროცესი, დაფუძნებული თანამონაწილეობაზე, რომლის დროსაც არ არსებობს „აქტიური გადამცემი“ და „პასიური მიმღები“, თითოეული მხარე/მონაწილე სრულფასოვნედ არის ჩართული კომუნიკაციის პროცესში. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ინტეგრიზმი ინტეგრიზმი - (ტერმინი შემოიღეს რუსმა ისლამის მკვლევარმა და პოლიტოლოგმა ალექსანდრე იგნატენკომ და აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ჯანგირ არასლიმ). ინტეგრიზმის ქვეშ იგულისხმება სხვადასხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების წარმომადგენლების ექსტრემისტული პოზიციების დაფიქსირება, რომლებიც მოითხოვენ ისლამის ნორმების ინტეგრალურ და სრულ ხორცშესხმას რეალურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მათ უწოდებენ ინტეგრისტებს. ისლამურ ორიენტაციის პოლიტიკურ მოძრაობაში ისლამური ინტეგრიზმის ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობას წარმოადგენს ვაჰაბიზმის დოქტრინა. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ინტელექტუალური საკუთრება ინტელექტუალური საკუთრება - ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების (მაგალითად, ტელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში, საწარმოო ნიმუში და ა.შ.) საფუძველზე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ინტერვიუ დიალოგი ინტერვიუ დიალოგი - მისი ფორმა, ორი ან რამოდენიმე სუბიექტის საუბარს გულისხმობს. დიალოგის წარმატებულად წარმართვა ორთავე სუბიექტის - ინტერვიუერისა და რესპონდენტის მომზადებაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
ინტერვიუ დისკუსია ინტერვიუ დისკუსია - დისკუსია თავიდანვე გულისხმობს, რომ რესპონდენტი პოლემიკის ხელოვნებას კარგად უნდა ფლობდეს. როგორც წესი, დისკუსიაში რამოდენიმე სუბიექტი მონაწილეობს. რამდენადაც დისკუსია ერთგვარ შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, მასში მონაწილე ყოველი მხარე თუ მეორეს დამარცხებას არა, ამ შეჯიბრიდან გამარჯვებული გამოსვლას მაინც ისახავს მიზნად. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
ინტერვიუ მონოლოგი ინტერვიუ მონოლოგი - ინტერვიუ მონოლოგს მხოლოდ რესპონდენტი წარმართავს ჟურნალისტის მიერ დასმული ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ინტერვიუ მონოლოგი კომენტარს წააგავს, თუმცა, კომენტარისგან განსხვავებით, ის უფრო ვრცელია. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
ინტერნალიზაცია ინტერნალიზაცია - გაშინაგნება, გათავისება. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ინტერპელაცია ინტერპელაცია - (სადეპუტატო მოთხოვნა) კლასიკური საპარლამენტო სისტემის გამოხატულებაა ინფორმაციის მიღების პროცედურებითა და კონტროლის განხორციელებით. ინტერპელაცია მიმართულია რომელიმე სამხედრო მმართველისადმი და ითვალისწინებს იმის გარკვევას, თუ რა გააკეთა მისმა ქვემდებარე უწყებამ ან რა გაკეთდა ზოგადი პოლიტიკის სფეროში. (სამხედრო საქმე. რედ.) ინტერპელაციას ორი უმთავრესი მახასიათებელი აქვს: პირველი, განაპირობებს საერთო დებატებს და, მეორე, იწვევს პოლიტიკურ სანქციას. ინტერპელაცია ყველაზე ეფექტური პროცედურაა იმ თვალსაზრისით, რომ სამხედრო მმართველების გამოძახება ხდება პირდაპირი ანგარიშისათვის. ეს არ არის, უბრალოდ, ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც, ამასთანავე, კონტროლის პირდაპირი ფორმაა. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006 ინტერპელაცია - (ლათ. interpellatio- სიტყვის შეწყვეტა, მოთხოვნა, სარჩელი) არის ზოგიერთ სახელმწიფოში დეპუტატთა ჯგუფის მიერ მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი მიმართული მოთხოვნა, მისცენ განმარტება მათ მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. //წაქაძე ირინა. საპარლამენტო კონტროლი საქართველოში // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
ინტოქსიკაცია ინტოქსიკაცია - საერთოდ, სიტყვა ინტოქსიკაცია ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეულ თრობას ნიშნავს, მაგრამ სისხლის სამართალში იგი მთლიანად იმ ფსიქიკურ მდგომარეობას გამოხატავს, რომელშიც ადამიანი არა მარტო ალკოჰოლური სასმელების, არამედ ნარკოტიკების, ფსიქოტროპული და მსგავსი სხვა ნივთიერებების მოხმარების შედეგად აღმოჩნდება და რომლის დროსაც ფსიქიკური ან ფიზიკური კონტროლის დაკარგვას აქვს ადგილი. აშშ-ს მოდალური კოდექსის 2.08 მუხლის მიხედვით, მაინტოქსიფიცირებელი ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანის შედეგად ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციების მოშლას ინტოქსიკაცია ეწოდება. ინტოქსიკაციის დროს არა მარტო დაქვეითებულია განსჯის უნარი, რაციონალური არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ ზემოქმედება ხდება ადამიანის ინტელექტზეც, აღქმაზე, აზრების სიცხადეზე, რეფლექსების კოორდინაციასა და კუნთოვანი ქსოვილის კონტროლზე. პირს, რომელიც ინტოქსიკაციის გავლენის ქვეშ მოქმედებს, შეიძლება არ ჰქონდეს „საერთო განზრახვის” (general intent) ფორმულირების უნარი და a fortiori, სპეციფიკური განზრახვა (specific intent). თუმცა, გონების ფუნქციონირების საიდუმლოებების ახსნა ან პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უცხო ნივთიერებებით გამოწვეული გარეგნული გავლენის შუქჩრდილების შეფასება იურიდიულ მეცნიერებათა ამოცანებში არ შედის. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისთვის მთავარია შემდეგი: პირი, რომელიც თავისი ნებით ჩააყენებს თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარ ქცევებზე კონტროლს კარგავს, პასუხს აგებს ამ დროს შესრულებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ყველა ქმედებისათვის. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, თუ დავაკონკრეტებთ ერთი შეხედვით გაუგებარ ტერმინებს - სპეციფიკური განზრახვა, საერთო განზრახვა. ამისთვის ისევ ბლექის იურიდიულ ლექსიკონს მივმართავთ. (ამერიკულ სისხლის სამართალი) //მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით წინააღმდეგ // ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ინფორმაციის თავისუფლება ინფორმაციის თავისუფლება - ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 ინფორმაციის თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ინფორმირებული თანხმობა ინფორმირებული თანხმობა - პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე. //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ. ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
ინცესტი ინცესტი - სექსუალური ურთიერთობა სისხლით ნათესავებთან. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
იოგა იოგა - რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, ჩაისახა და აღმოცენდა აღმოსავლეთში, ინდოეთში, იქაური რელიგიების წიაღში. იგი ერთ-ერთია ინდოეთის ექვსი ფილოსოფიური სკოლიდან (ვედანტას მსგავსად). ფუძემდებლად ითვლება ბრძენი პატანჯალი (ძვ.წ. I I ს.). ამის გამო იოგას პატანჯალის სისტემასაც უწოდებენ, რომლის თანახმად ჭეშმარიტების შემეცნებისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელია ნათელი გონება, სულისა და სხეულის განწმენდა. სიტყვა ,,იოგა’’ მომდინარეობს ზმნის ძირიდან ,,იუჯ’’, რაც სანსკრიტზე ნიშნავს ,,ერთად შეკონვას’’, ,,შეუღლებას’’, გადატანით - კავშირს, ჯგუფს, ჯამს. იგულისხმება კავშირი აბსოლუტთან: პიროვნული, კონკრეტული ,,მე’’-ს ზიარება უზენაეს ,,მე’’-სთან. ამრიგად, ცნება იოგა დაკავშირებულია რელიგიურ იდეალებთან, კათარზისთან (განწმენდასთან), ფიზიკურ და სულიერ ქმედებასთან, ვარჯიშთან, რომლის რეგლამენტი საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა და მდიდრდებოდა. ასე რომ, დღევანდელობის თვალით, იოგა რელიგიურ-ფსიქოლოგიური და ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშების საერთო სახელია, რომელთაც აქვთ პირდაპირი ან ირიბი კავშირი ინდურ-ტიბეტურსა და ჩინურ სამყაროსთან. ამდენად, გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ტიბეტური იოგა (ბუდიზმი) და ჩინური იოგა (დაოიზმი). //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
იპოთეკა იპოთეკა - ტერმინი ,,იპოთეკა” პირველად თავის კანონმდებლობაში გამოიყენა სოლონმა, იგი მოვალის მიწაზე ჩასობილი ბოძებით აღნიშნავდა ამ მიწაზე კრედიტორის უფლებების უზრუნველყოფას. მას იცნობდნენ ჯერ კიდევ ძველ რომში როგორც გირავნობის უფლების ერთ-ერთ ფორმას. იგი წარმოიშვა კლასიკურ პერიოდში (hupotheca) აღმოსავლური ბერძნულეგვიპტური სამართლის გავლენით, რომლის დროსაც გირაოს საგანი რჩებოდა მოვალის საკუთრებასა და მფლობელობაში, ხოლო გირავნობის უფლების სუბიექტს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება ეძლეოდა გამოეთხოვა ეს ნივთი მისი ნებისმიერი იმდროინდელი მფლობელისაგან, გაეყიდა იგი და მიღებული თანხით დაეფარა თავისი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, იპოთეკის ცნება შემდეგნაირადაა განმარტებული: ,,უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა)”.ე.ი. იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. ამასთან, იპოთეკა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომავლო ან პირობით მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუკი იპოთეკის დადგენის მომენტისათვის უკვე შესაძლებელია ამ მოთხოვნის დადგენა. მაშასადამე, იპოთეკის დადგენისათვის აუცილებელი არ არის მოთხოვნის იმავდროული არსებობა, თუმცა, ეს მოთხოვნა ფიქტიური არ უნდა იყოს და უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ იგი მომავალში ნამდვილად წარმოიშობა. ეს პატარა ნიუანსი უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს იპოთეკას. ასევე შესაძლებელია იმ ზღვრული თანხის განსაზღვრაც, რომლის ფარგლებშიც უძრავი ნივთიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. აღნიშნული თანხა შეტანილ უნდა იქნას საჯარო რეესტრში. იპოთეკა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონება ემსახურება ვალის გადახდის უზრუნველყოფას მოვალის მიერ ამ ქონების დაუკარგავად. იპოთეკა წარმოადგენს მიწის კრედიტის მოსახერხებელ ფორმას, იგი უძრავი ქონების მესაკუთრეს აძლევს შესაძლებლობას დაადგინოს მასზე ერთი ან რამდენიმე იპოთეკა, მიიღოს კრედიტი იმ ფარგლებში, რომელიც შეესატყვისება ამ ნივთის მთლიან ან ნაწილობრივ ღირებულებას, თანაც ისე, რომ არ დაკარგოს არც სარგებლობის და არც განკარგვის უფლება ამ უკანასკნელზე. //ბაქრაძე დავით. იპოთეკის ცნების ზოგადი მიმოხილვა თანამედროვე სამოქალაქო სამართალში //ალმანახი ¹8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ირიბი აგრესია ირიბი აგრესია - აგრესია შემოვლითი გზითაა მიმართული სხვა ადამიანის წინააღმდეგ, ან არავის მიმართ არაა მიმართული; //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
ისლამი ისლამი - არაბული სიტყვაა და მორჩილებას ნიშნავს, მონისტური რელიგია; აღიარებს ერთსახოვან ღმერთს. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა პოლითეიზმს. მან ქრისტიანული ტრიადა სამ ღმერთად მოიაზრა და უარყო იგი. ყურადღება შეაჩერა ებრაულ თეოლოგიაზე, რაც გახდა წყარო მისი მრწამსის ძირითადი ფორმულისა, შაჰადისა: ,,ლა ილაჰა ილლა-ლ-ლაჰუ ვა მუჰამადუ რასულუჰუ’’ (არ არს ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია ალაჰის მოციქული). ...ისლამურ კულტმსახურების ძირითადი ელემენტებია რწმენის ფორმულა (შაჰადი), ლოცვა, მარხვა, მოწყალება ანუ ქველმოქმედება (ზაქათი) და პილიგრიმობა (ჰაჯი) ანუ სალოცავად მოგზაურობა მექასა და მედინაში. ლოცვას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი საფეხური - განბანა. დაწესებულია დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და დაღამებისას (დაწოლის წინ). ყოველი ლოცვა იწყება ზემოაღნიშნული ფორმულით: ,,არ არს ღმერთი...’’ ამ ფორმულას მუსლიმანი წარმოთქვამს ყველგან, ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, მათ შორის - სიკვდილის წინ. ლოცვის დროს შაჰადი რამდენჯერმე მეორდება. მუსლიმანები ვალდებული არიან შეინახონ რამაზანი და გადაიხადონ დღესასწაულები. რამაზანი დაწესებულია მუსლიმანური მთვარის კალენდრის მე-9 თვეს, რაც მოძრავია და სხვადასხვა დროს მოდის. ამ დროს მორწმუნენი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არაფერს ჭამენ, არც სვამენ, არც იბანენ და არც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ისლამური ფუნდამენტალიზმი ისლამური ფუნდამენტალიზმი - იმდენად ფართე ცნებაა, რომ მასში ყველა იმ ისლამური მიმდინარეობის გაიგივება შეიძლება, რომელთაც პრეტენზია აქვთ ისლამის პირვანდელი სახის და სიწმინდის შენარჩუნებაზე (პირვანდელი ,,ფუნდამენტის” უცვლელობა პრიმატად, ხოლო შემდგომ პერიოდში დამატებული ადათ-წესები და რიტუალები ,,ბიდ’ა”-დ, ანუ მწვალებლობად არის აღიარებული). როგორც წესი, რამდენი მიმდინარეობაცაა, იმდენი სახის ,,წმინდა ისლამია.” ისლამური ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაში, ძირითადად, იმ ორგანიზაციების ქმედებას გულისხმობენ, რომლებიც აქტიურ სამხედრო და ექსპანსიურ საქმიანობას ეწევიან. ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, გამართლებულიცაა, რადგან სადღეისოდ თავისი საბრძოლო მოქმედებებით და ტერორიზმით სწორედ ისლამის გაწმენდის და ,,ისლამური რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები არიან ცნობილნი. ამავე დროს არ აქვს მნიშვნელობა შიიტურია ორგანიზაცია თუ სუნიტური, რადგან ორივე მიმდინარეობა ერთადერთ მართლმორწმუნე ისლამად წარმოაჩენს თავს და, შესაბამისად ,,რეფორმაციის” მომხრე ჯგუფები ორივე მხარეს მრავლად არიან. სწორედ ამიტომ, ისლამურ ფუნდამენტალიზმს არ გააჩნია ერთი კონკრეტული და ჩამოყალიბებული სახე - ფორმა. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ისმაილის შთამომავალი ისმაილის შთამომავალი - მაჰმადი; არაბებს მიაჩნიათ, რომ ისინი ისმაილისა და მისი თორმეტი ვაჟის ჩამომავლები არიან. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ისმაილიტთა სექტა ისმაილიტთა სექტა - წარმოიშვა VIII ს-ის 60-იან წლებში და დღესაც არსებობს. ისინი თვლიან, რომ იმამების ხაზი წყდება არა თორმეტზე (როგორც შიიტებს მიაჩნიათ), არამედ შვიდზე. საგულისხმოა ისტორიული ფაქტი: დაახლოებით 760 წლის მეექვსე იმამმა - ჯაფარ სადიკმა - მემკვიდრეობა წაართვა თავის შვილს - ისმაილს, რადგან სპირტიანი სასმელებისაკენ მისწრაფება შეამჩნია. ჯაფარის თქმით ,,ღვთიური თვისებების მატარებელ იმამს ლოთობასთან არაფერი საქმე აქვს’’. შიიტების უმრავლესობამ გაიზიარა იმამის გადაწყვეტილება. უმცირესობამ კი გაილაშქრა ამ მოქმედების წინააღმდეგ და შექმნა სექტა, რომელიც გამოირჩეოდა ლიბერალობით, კერძოდ, ალკოჰოლთან დამოკიდებულების საკითხში. ამ სექტამ შეიმუშავა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ანტიკური მოაზროვნეების - პლატონისა და არისტოტელეს - იდეებს, აგრეთვე - ნეოპლატონიზმს. დანერგა ყურანის ალეგორიულად გააზრების ტრადიცია და მოითხოვა თავისუფლება ცხოვრების სხვადასხვა უბანზე. XI-XII სს-ში ისმაილიტებს გამოეყვნენ ჯგუფები, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ისმაილიტ-მულიდების ანუ ასასინების ორდენი იპყრობს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ისტორიული ფემინოლოგია ისტორიული ფემინოლოგია - 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ისტორიული ფემინოლოგია ანუ, „ქალთა ისტორია“. ფემინისტები შეისწავლიან ისტორიას „დროსა“ და „სივრცეში“ სქესებით გაშვალებულს, გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და ქრონოლოგიური ფაქტორიების გათვალისწინებით. ამას ეწოდება „ისტორიული ფემინოლოგია“. ისტორიული ფემინილოგია შეისწავლის რეალობის ცვლილებას „დროსა“ და „სივრცეში“ ქალთა სქესის მონაწილეობით. უფრო მარტივარ რომ ვთქვათ, ისტორიული ფემინოლოგიის საგანია „ქალები ისტორიაში“, ეს არის მათი სოციალური სტატუსისა და ფუნქციონალური როლების ცვლილებათა ისტორია, მეორე მხრივ კი ეს არის „ქალის ისტორია“ ანუ ქალის თვალით დანახული, ქალური გამოცდილების პოზიციიდან დაწერილი ისტორია. //ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
იუდაიზმი იუდაიზმი - მონოთეისტური რელიგიაა; აღიარებს ერთადერთ ღმერთს, -სამყაროს შემოქმედს, რომელსაც მრავალი ეპითეტით ვუხმობთ: იაჰვე (დამახინჯებული ფორმაა ,,იეღოვა’’), ადონაი, ელი, საბაოთ და სხვა. იუდაიზმის თანახმად, ღმერთი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ - ერთსახოვანიც. ებრაელთათვის მიუღებელია ერთარსება-სამების რწმენა. მათ დაუშვებლად მიაჩნიათ აგრეთვე ღვთის განკაცების საიდუმლო. იუდაისტური მოძღვრების ძირითადი დოგმატები რაბინმა მოსე მაიმონიდმა რეზიუმეს სახით წარმოადგინა (ქრისტიანული ,,რწმენის სიმბოლოს’’ მსგავსად). მას ეწოდება ,,რწმენის 13 სიმბოლო’’. ესენია: 1. არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო; 2. ის ერთია; 3. ის უსხეულოა; 4. ის მარადიულია; 5. უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე; 6. ღვთიური გამოცხადებანი ჭეშმარიტებაა; 7. მოსე ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია; 8. თორა, ე.ი. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი, ღმერთმა უკარნახა მოსეს; 9. მოსეს კანონის შეცვლა სხვა კანონით არ შეიძლება; 10. ღვთიური განგება მართავს სამყაროს; 11. არსებობს კეთილისათვის ჯილდო და ბოროტისათვის სასჯელი; 12. ისრაელში მოვა მესია; 13. მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
იულიუს კეისარი იულიუს კეისარი - გაიუს იულიუს ცეზარი (ძვ. წ. 101-44) - რომის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი. იულიუს კეისარი რომის ერთპიროვნული მმართველი, დიქტატორი, უმაღლესი ქურუმი და იმპერატორი გახდა. მან რომის დემოკრატია სენატზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენა; ამის გამო მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, რასაც შუაგულ სენატში ემსხვერპლა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
იურიდიული პირი იურიდიული პირი - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს, როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი. //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, – წ. 1 //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
იურისდიქცია იურისდიქცია - (ლათ. jurisdictio სასამართლო წარმოება) - შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კანონით დადგენილი უფლებამოსილება, განიხილონ და გადაწყვიტონ სამართლებრივი დავები, მისცენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი შეფასება, გამოიყენონ სამართალდამრღვევთა მიმართ იძულებითი თუ აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებანი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
იუსტიციის საბჭო იუსტიციის საბჭო - საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან მიმართებით //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 იუსტიციის საბჭო - ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, 12 წევრისაგან შემდგარი იუსტიციის საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, წარდგენის, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად. საბჭოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე იქმნება. ოთხ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, ოთხს - ირჩევს პარლამენტი (თუმცა დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენლის არჩევა), ხოლო ერთს - ნიშნავს უზენაესი სასამართლო. თანამდებობის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები. საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებია: - პრეზიდენტისთვის მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა; - პრეზიდენტისთვის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა; - რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა; - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგენით საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის სტუქტურის და საშტატო რაოდენობის დადგენა და დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის წარდგენა; - სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალათა განხილვა; - კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა) აღძვრა; - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; - პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენა მოსამართლეთა კანონით დადგენილი წესით წახალისების თაობაზე; - საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; - კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
იუსტიციის საბჭოს აპარატი იუსტიციის საბჭოს აპარატი - საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობის წესს, ფუნქციებს და დებულებას განსაზღვრავს პრეზიდენტი. აპარატის მუშაობას უძღვება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთაგან (იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის წევრების გარდა) 3 წლის ვადით ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის საბჭოს მდივნის ფუნქციებია: იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საბჭოს სხდომათა მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ დოკუმენტებზე ხელის მოწერა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხა უფლებამოსილებების შესრულება. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
იფთახი იფთახი - ისრაელის ერთ-ერთი მსაჯული, რომლის წინამძღოლობითაც ამონიტელები იქნენ დამარცხებულნი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
იჩკერიის და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი იჩკერიის და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი (იდხკ). - ინტეგრისტული მიმართულების უმსხვილესი გასამხედროებული რელიგიურ-პოლიტიკური ისლამური ორგანიზაცია ,,იჩკერიისა და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი”, რომელიც ძირითადად მოქმედებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, დაარსდა 1997 წლის ბოლოს. გაერთიიანებას სამხედრო-პოლიტიკური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარებას უწევდნენ ისლამური სამყაროს რიგი გავლენიანი ცენტრები. იდსკ-ს პროგრამა გათვლილი იყო დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის და მოიცავდა პირველადი და შემდგომი ეტაპების ამოცანებს. პირველ ეტაპზე იგეგმებოდა დაღესტნის რესპუბლიკის გამოსვლა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობიდან (როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო საშუალებებით) და მის ტერიტორიაზე სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს დაარსება (,,დაღესტნის ისლამური ემირატი” - ავღანური სცენარის მიხედვით), რომელიც უნდა განხორციელებულიყო XX საუკუნის კავკასიის ომის რეანიმაციური კონცეფციის ჩარჩოებში. შემდგომი ეტაპის ამოცანად ითვლებოდა ერთიანი სახელმწიფოს (იმამატის) შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური თემის (უმა) სხვა ტერიტორიებზე (ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია, ყარაჩაევო-ჩერკეზეთი, ადიგეა და აფხაზეთი). ყველა ეტაპზე გაერთიანების სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის მთავარ ბაზად მიჩნეული იყო ჩეჩნეთი. დაგეგმილი ამოცანების განსახორციელებელ საჭირო ძალას წარმოადგენდა კონგრესის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ფორმირებები. მმართველი ორგანოები: კონგრესის მთავარ მმართველ ორგანოს შეადგენდა მეჯლის აშ-შურა (ისლამური საბჭო), რომელიც მოქმედებდა კოლეგიალურ საფუძველზე და ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების გავლენიანი პოლიტიკოსები და საველე მეთაურები, რომლებიც იზიარებდნენ იდსკ-ს საპროგრამო ამოცანებს. 1999 წ. მეჯლისის შემადგენლობაში შედიოდნენ: ადალო მუხამედი (ალიევი) - თავმჯდომარის მოადგილე; ალიხაჯიევ ხაჯი; ანასოვ სოლტანფაშა; ბაგაუტდინ უმარი (მაგომედოვი); შამილ ბასაევი - თავმჯდომარე; ასლმბეკ ისლმაილოვი; ტოლგად ისმაილოვი; მუსა მუსაევი; აბდულა პარკუევი; მოვლადი უდუგოვი; ისა უმაროვი - უშიშროების საბჭოს მდივანი; ახმედ ჰატაბი - შეიარაღებული ფორმირებათა შტაბის უფროსი; ნადირშაჰ ხაჩილაევი; ზელიმხან იანდარბიევი. ისდკ-ს კოლექტიურ წევრებად ითვლებოდნენ: კონგრესი ,,ისლამური ნაცია”; ისლამური სოლიდარობის ორგანიზაცია ,,კავკასიური სახლი”; ერთიანი კავკასიის ისლამური ორგანიზაცია; დაღესტნის ისლამური მოძრაობა; კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია; მოძრაობა ,,ყაზი კომუხი”; რუსულ საერთოეროვნული კულტურული ცენტრი ,,იაშილ იოლი”; პარტია ,,ნახბატი”; პარტია ,,ჯამაათ ალ-მუსლიმი”; ორგანიზაცია ,,თავისუფალი სვანეთი.” გაერთიანების მაკოორდინირებელ ორგანოდ ითვლებოდა უშიშროების საბჭო. კონგრესის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სამხედრო საბჭო და ,,დაღესტნის განმათავისუფლებელი შტაბი” (სტრუქტურა რომელიც კოორდინირებდა კავშირს ჩეჩნურ-აკინურ ორგანიზაციასთან). 1998 წ. დასაწყისში კონგრესის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ,,დაღესტნის ილამური შურა”, რომელიც ძირითადად აერთიანებდა ისლამური ინტეგრისტული მიმართულების მქონე ისლამური ჯამაათის წარმომადგენლებს და ასევე რამდენიმე ტრადიციული მიმართულების მქონე იმამებსა და ალიმებს. შურას შემადგენლობაში შედიოდა მახაჩკალის, ბუინაკსკის, ყიზილ-იურტის, ხასავიურტის და მთიანი დაღესტნის 15 რაიონის 40-ზე მეტი წარმომადგენელი (მათ რიცხვში ახვავის, ბუთლიხის, ბუინაკსკის, კარაბუდაჰკენის, მოვოლაკსკის, უნცუკულსკის, ხუნძაკის, ცუმადინის რაიონები). ორაგნიზაციის თავმჯდომარე იყო აბურახმან მაგომედოვი. 1999 წ. აგვისტოს შურის საფუძველზე ჩამოყალიბდა დაღესტნის დროებითი ისლამური მთავრობა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: სირატჯედინ რამაზანოვი (მთავრობის თავმჯდომარე, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრი), ბაგაუტდინ მაგომედოვი, ადალო ალიევი, მაგომედ ტაგაევი (ინფორმაციის მინისტრი). კონგრესის იდეოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ალიმების საბჭოს რელიგიური ავტორიტეტები - ალიმ შეიჰ აბდულა (პაკისტანი), შეიჰ აბდულ ომარი, აბდულ რახმანი (საუდის არაბეთი), ძმები ანვარ და ახმედ შიშანი და ხამზად შიშანი (იორდანია), ტაიფურ ალდარხანოვი (დაღესტანი). შეიარაღებული ფორმირებების გენეზისი: 1997-2001 წ.წ. ისდკ-ს შეიარაღებული ფორმირებანი მოქმედებდნენ სხავადსხვა სახელწოდებების ქვეშ, მ.შ. ,,ჩეჩენ და დაღესტნელ ხალხთა შურის შეიარაღებული ძალები”, ,,ისლამური სამშვიდობო არმია” (11.08.1999 წლიდან), ,,დაღესტნელი მოჯაჰედების გაერთიანებული სარდლობა”, ,,ისლამური მმართველი ძალის გაერთიანებული სარდლობა”, ,,ჩეჩენი და დაღესტნელი ხალხის მეჯლისის სამშვიდობო ძალები”, ,,დაღესტნის ისლამური არმია.” შეიარაღებული ფორმირებების ბირთვს წარმოადგენდა ბატალიონი ,,ჯამაათ ალ-ისლამი”. ბატალიონი შეიქმნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის პრეზიდენტ დუდაევის ბრძანებით, რათა დაარსებულიყო კავკასიელი კამიკაძეების ფორმირება (ბრძანების #016, 1995 წლის 20 მარტი). ბატალიონის ფორმირება დამთავრდა 1995 წლის ბოლოს. საბაზო რაიონს წარმოადგენდა მაკხეტი-ხატუნი-კიროვ-იურტის დასახლებული პუნქტი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდობა, ავღანეთში მებრძოლი არაბი ვეტერანები და სხვადასხვ ჩეჩნურ ფორმირებათა მებრძოლები. ბატალიონის მეთაური იყო ჰაბიბ აბდელ რახმანი (ანუ იგივე ჰატაბი). ბატალიონის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებდა საერთაშორისო ისლამური დახმარების ცენტრი. 1996 წ. შემოდგომისთვის ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა 500-მდე მებრძოლი, მ.შ. 80 უცხოელი (25 არაბი, 7 თურქი და დანარჩენები პაკისტანელები და ავღანელები). ამასთან, 1995-96 წ.წ. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიქმნა მონათესავე შეიარაღებული ფორმირებები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მათ რიცხვში შედიოდნენ: ,,ხალიფ რაშიდის მებრძოლები” (ძირითადად წარმოშობით იემენელები ექვემდებარებოდნენ უშუალოდ მასხადოვს); ,,აბდელ-კადერის ძალები” (ძირითადად ალჟირელები, ექვემდებარებოდნენ ბასაევს); ,,ავღანელი მოჯაჰედინების ბატალიონი” (ისლამური განთავისუფლების პარტიის შეიარაღებულ ფორმირებათა წევრები, მოქმედებდნენ რადუევის დაჯგუფებებთან ერთად). 1996 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტ ინადარბიევის ბრძანებით ჩერნორეჩიეს დასახლებულ პუნქტებში: ალდსა და ძველ სუნჯაში, შეიქმნა ,,ისლამური სამხედრო ჯგუფები”, წარმოდგენილი 10-15 მებრძოლით. თითოუელ შენაერთში შედიოდნენ ჩეჩნები - ნაქშბანდიისა და კადირიას სუფიტური ორდენების მიურიდები. ყველა ჩამოთვლილი დაჯგუფება აგრძელებდა მოღვაწეობას საომარი მოქმედებების პირველი პერიოდის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს. შემდეგ პერიოდში მოხდა მათი რეორგანიზაცია და ისინი სტრუქტურულად შეუერთდნენ შამილ ბასაევის ფორმირებებს და 1998 წლიდან მიიღეს კონგრესის ოფიციალური ფორმირების სტატუსი. ფინანსირება-უზრუნველყოფა: შეიარაღებულ ფორმირებათა ფინანსირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ არასამთავრობო რელიგიურ-პოლიტკური ორგანიზაციები, კერძო ფონდები და ცალკეული პირები (პოლიტიკური მოღვაწეები და მეწარმეები), რომლებიც მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში (საუდის არაბეთი, კატარი, კუვეიტი, სირია, იორდანია, პაკისტანი, თურქეთი, ლიბია, ლიბანი, ალჟირი, მალაიზია). 1999 წლამდე დაფიქსირებული იყო რუსეთის ცალკეული ფინანსური ოლიგარქების მხარდაჭერა. შეიარაღებულ ფორმირებათა დაფინანსებაზე მიდიოდა ზნაურის რაიონში კუსტარულად მოპოვებული ნავთობის რეალიზაციის მოგების 30%, რომლის ნაწილიც საქართველოშიც შემოდიოდა. სურსათით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ადგილობრივი კომერციული სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან შესყიდული პროდუქტების ხარჯზე. საწვავ-საპოხი მასალებს ღებულობდენენ ბასაევის შეიარაღებული ფორმირებებიდან, რომლებიც ფინანსირდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ბიუჯეტიდან. კონგრესის შეიარაღებულ ფორმირებათა ზოგიერთი მებრძოლები თვითდაფინსანებაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციულ დანაშაულებათა ჯგუფებში მონაწილეობის წყალობით (პროფილი - მძევლების აყვანა გამოსასყიდის მიზნით, რეკეტი და ა.შ.). ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფდნენ უცხოელი მოხალისეების ლეგალიზაციას, გასცემდნენ რა მათზე ფალსიფიცირებულ პასპორტებს. საგარეო კონტაქტები: ისდკ-ს შეიარაღებულ ფორმირებებს ძორითადად კონტაქტები ჰქონდათ ისლამურ სამყაროში მოქმედი საზღვარგარეთის არასამთავრობო და პოლიტიკურ გაერთიანებებთან. ამ ორგანიზაციების ფარული მოკავშირეები იყვნენ რიგი სპეცსამსახურების თანამშრომლები, მათ შორის თურქეთის სამხედრო დაზვერვა (MIT), პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვა (ISI), კატარის სადაზვერვო სამსახური ,,მუხაბარატი”. ისდკ-ს სამოქმედო ტერიტორიები, ორგანიზაციული და საინფორმაციო პროპაგანდისტული სტრუქტურები გამოიყენებოდა საზღვარგარეთის ანალოგიური სტრუქტურების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ვოლგისპირეთში (თათარსტანსა და ბაშკირეთში), ცენტრალურ აზიაში (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი) მისიონერული საქმიანობის განსახორციელებლად. 1998 წლის ივნისსა და 1999 წლის აპრილში ისდკ-ს მიერ განხორციელდა მოსამზადებელი ღონისძიებანი ,,ისლამური სამშვიდობო ლეგიონის” მებრძოლების გასაგზავნად კოსოვოში, რათა მათ მიეღოთ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში ალბანელი სეპარატისტების მხარდასაჭერად. უფრო ადრე, ისდკ-ს მოქმედ ობიექტებზე ასევე ხორციელდებოდა მებრძოლთა მომზადება ბოსნიაში, ტაჯიკეთსა და საქართველოში გასაგზავნად. შეიარაღებულ ფორმირებებს ჰქონდათ არაოფიცილაური კონტაქტები უკრაინის რადიკალური ორიენტაციის ორგანიზაციებთან. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
იძულება იძულება - ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. //აბაშიძე ლევან და სხვ., კიკნაძე ზურაბ, ქალდანი თამარ. რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (პროზელიტიზმი) / [ავტ.: ლევან აბაშიძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ქალდანი ; რედ.: ელგუჯა დადუნაშვილი] ; კავშირი "ჰუმან. საზოგადოებისათვის", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
იძულებით გადაადგილებული პირი იძულებით გადაადგილებული პირი - ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს, მაგრამ არ გადაუკვეთიათ სახელმწიფოს საზრღვრები. // ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,– თბ,. 2005 იძულებით გადაადგილებული პირი - იძულებით გადაადგილებული პირები, სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან. ისინი მოცემული ქვეყნის მოქალაქეები არიან და სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც ამ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი საცხოვრებლისა, კონსტიტუციით ან სხვა სპეციალური კანონით აქვთ მინიჭებული. უფრო მეტიც, სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს მისი ასეთი კატეგორიის მოქალაქეების ბედზე და ხშირად დამატებით პრივილეგიებს აწესებს მათთვის. //პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში პრობლემები და პერსპექტივები// ალმანახი ¹ 4, – [ჰუმანიტარული სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
იძულებით შრომა იძულებით შრომა - შრომა ან მომსახურეობა იძულებით, იძულება დაშინებით, ან ძალის გამოყენებით, ან ნებისმიერი მოტყუების გზით. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
იძულებითი დაბრუნება იძულებითი დაბრუნება - როდესაც იჭერენ სავიზო რეჟიმის დამრღვევებს, როგორც წესი, უბრძანებენ ქვეყნის დატოვებას. ეს შეიძლება მოხდეს საკუთარი ნებით, მაგრამ თუ პირს არ სურს ქვეყნიდან გასვლა, მიმღები ქვეყნის ხელისუფლება მას გააძევებს, საჭიროების შემთხვევაში ძალითაც. ასეთ შემთხვევვებში ხელისუფლება ყიდულობს თვითმფრინავის ბილეთს ერთი მიმართულებით, რითაც აიხსნება პირთა მიერ ნებაყოფლობით დაბრუნებაზე უარის თქმის მიზეზი. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა