სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური
ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
სიტყვა | განსაზღვრება |
რაბლე ფრანსუა | რაბლე ფრანსუა - (1494-1553) ფრანგი ჰუმანისტი მწერალი, ავტორი თხზულებისა გარგანტუა და პანტაგრუელი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
რადიკალური ფემინიზმი | რადიკალური ფემინიზმი - განიხილავს ქალის ჩაგვრას, როგორც ყველაზე ფუნდამენტურს, საიდანაც ჩაგვრის სხვა სახეები გამომდინარეობს, ხოლო მის საფუძველს პატრიარქალურ სისტემაში ხედავს. რადიკალური ფემინისტების აზრით, გაუფასურებულია ქალის სხეულთან დაკავშირებული მოქმედებები და გამოცდლება, სექსუალური ძალადობა არის ქალის სოციალური კონტროლის ფორმა პატრიარქატის პირობებში. რადიკალური ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად უნდა აღმოიფხვრას. ასეთი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს პატრიარქალური სისტემის გარეთ ალტერნატივების შექმნით, ან სისტემის შიგნიდან შეცვლით. თუ ლიბერალური ფემინიზმი აქცენტს აკეთებს ქალთა თანაბარ შესაძლებლობებზე, რათა მამაკაცებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიები ქალებმაც მიიღონ, რადიკალური ფემინიზმი მოითხოვს მამაკაცების მიერ დადგენილი ნორმებისა და სექსუალური ძალადობისაგან ქალების თავისუფლებას და ავტონომიას. პოლიტიკასთან მიმართებაში, ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით, ქალებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ პოლიტიკური ინსტიტუტები, შემოიტანონ რა ქალთა ღირებულებები და ქცევები. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბ.,2002 |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები | რაიონული (საქალაქო) სასამართლოები - წარმოადგენენ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმა დავის გადაწყვეტისთვის უნდა მიმართოს ამ სასამართლოს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. რაიონული სასამართლო იქმნება რაიონში ან რაიონებში, გარდა ქალაქის რაიონისა (რაიონებისა), ხოლო საქალაქო სასამართლო იქმნება ქალაქში და არ შედის არცერთ რაიონში. რაიონული და საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში შედიან მაგისტრატი მოსამართლეები. //გზამკვლევი. ALPE, თბ., 2006 რაიონული (საქალაქო) სასამართლოები -წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 //გზამკვლევი სასამართლო სისტემაში / [მოამზადა ზურაბ გუნცაძემ] - თბ., 2003, წ. 1 რაიონული (საქალაქო) სასამართლოები - საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ: - სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის; - საქმეებს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ; - უდავო წარმოების საქმეებს; - საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები; - სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს უზენაესი სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები; - ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მერიის სამშენებლო ფირმასთან შეთანხმების კანონიერების საკითხის გარკვევა, ან საქენერგოს მიერ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ. კანონით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც. //სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002 |
რასა | რასა - (ფრანგ. race < იტალიური razza) - საერთო წარმოშობის მქონე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობით გადაცემული ზოგი საერთო ნიშანთვისება: სხეულის აგებულება, კანის, თმის ფერი, თავის ფორმა, სიმაღლე და სხვა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
რასიზმი | რასიზმი - რწმენა იმაში, რომ არსებობს ორივე სქესის ადამიანთა რაღაც ჯგუფები განსაკუთრებული (ჩვეულებრივ ფიზიკური) მახასიათებელი თვისებებით, რომლებიც აქცევენ მათ პრივილეგიურ ან არასრულფასოვან ადამიანებად სხვებთან მიმართებაში. რასიზმის გამოვლინება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აშკარა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობა მათი რასის ან კანის ფერის მიხედვით, არამედ ფარულიც, - როცა საზოგადოება რომელიმე თავის ჯგუფთან მიმართებაში სისტემატიურად ხელმძღვანელობს რაიმე დისკრიმინაციული აზრით. რასისტული ქცევა წარმოშობს რასობრივ დისკრიმინაციას მისი აშკარა ნეგატიური შედეგებით - იმ პირთა უბრალო უგულვებელყოფიდან ან იგნორირებიდან, ვინც ითვლება სხვაგვარ ან უმდაბლეს არსებად, უფრო ნათლად გამოხატულ ფორმებამდე, რაც ვლინდება დაშინებაში, ექსპლუატაციაში ან შეზღუდვაში. //ბავშვის უფლებები : [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ. : საია, 2000 |
რასობრივი ჯგუფი | რასობრივი ჯგუფი გარკვეულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფია, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, რაც ვლინდება მხოლოდ ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობითი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშნების ერთობლიობით. //ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი Ή12, [სისხლის სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999. |
რატიფიკაცია | რატიფიკაცია - (ფრანგ. ratification) - სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სახელით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას ახდენს საქართველოს პარლამენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
რაციონალიზაცია | რაციონალიზაცია - ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, რაც გამოიხატება საკუთარი არაცნობიერი სურვილების გონიერ (რაციონალურ) ახსნაში. მაგ., ადამიანს შესაძლოა ეშინოდეს ქუჩაში გასვლის, მაგრამ მოიმიზეზოს წვიმა, რის გამოც არ გადის. რეალური მიზეზი ამ შემთხვევაში არის შიში, თუმცა წვიმა შეიძლება მოდიოდეს და ეს ჭეშმარიტი მიზეზიც იყოს. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბ.,2002 რაციონალიზაცია - ფსიქოლოგიაში: გადაწყვეტილების მიღების შედეგად მისი ლოგიკური დასაბუთების კონსტრუირების პროცესი. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,თბ, 2007. |
რეალობის პრინციპი | რეალობის პრინციპი - სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ზემოთ მოტანილი სიტყვები აღიარებაა სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების რეალობის (სახელმწიფო ინტერესთა დაცვის) პრინციპისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო საბჭოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. რეალობის პრინციპის მიხედვით, სახელმწიფოს ყოველთვის აქვს უფლება დაიცვას თავისი ინტერესები დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. კერძოდ, მას უფლება აქვს თავისი სისხლის სამართლის კანონი გაავრცელოს იმ პირებზე, რომლებმაც ხელყვეს ამ სახელმწიფოს ინტერესი, მაშინაც კი, როცა ხელყოფა განხორციელდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, არა ამ სახელმწიფოს მოქალაქის, არამედ უცხოელის მიერ. ამ პრინციპის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება შესაძლებელია საქართველოში მყოფი უცხოელი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რომელიც რეალობის პრინციპის არსს შეადგენს, მოიცავს ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვასაც. მაგრამ, ჩვენი აზრით, თვალსაჩინოებისათვის უმჯობესი იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული ყოფილიყო საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ უცხოელთა მიმართაც, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ე.ი. საკანონმდებლო წესით განმტკიცებულიყო ინდივიდუალურ ინტერესთა დაცვის, ანუ პასიური პერსონალური პრინციპი. //ებრალიძე თამარ. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის // ალმანახი Ή13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000. რეალობის პრინციპი - (Schutzprinzip, realprinzip, realschutzprinzip, Staatsschutzprinzip). ამ პრინციპს, გერმანულ ლიტერატურაში მონაწილე მართლწესრიგის პრინციპს უწოდებენ prinzip der beteiligten Rechtsordnung, ავსტრიაში პასიური ეროვნულობის პრინციპს. მისი არსი ისაა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს საკუთარი კანონმდებლობის მეშვეობით ხელყოფისგან დაიცვას თავისი ინტერესები, მიუხედავად ხელმყოფისა და დანაშაულის ჩადენის ადგილისა. ამ თეორიამ წინა პლანზე წამოსწია სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტის მნიშვნელობა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული მართლწესრიგის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დაცვის ინტერესები. ამ პრინციპის მომხრეთა აზრით, მისი გამოყენებით დაძლეული იქნებოდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც ტერიტორიულ და ეროვნულ პრინციპებს გააჩნდათ. რეალობის, ანუ დაცვის პრინციპს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა; საფრანგეთში ა. ვილფორი, იტალიაში პესინა და პ. ფიორე, გერმანიაში რ. გეინცე, ვ. როლანდი, კ. ბინდინგი, ე. ბელინგი, გ. ზეიფერტი, რუსეთში ფ. მარტენსი და პ. პუსტოროსლევი. ამ თეორიის წარმომადგენელთა აზრით, ეს პრინციპი უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, თუკი ხელყოფა უცხოეთიდან განხორციელდა (მათ შორის უცხოელის მიერ), ხოლო მეორეს მხრივ, ქვეყნის ინტერესების დაცვას მის ფარგლებს გარეთ. //ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი Ή12, [სისხლის სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999. |
რეგისტრაცია | რეგისტრაცია - (ლათ. registrum სია) - რაიმე არსების, ფაქტისა თუ მოვლენის, აგრეთვე მათ შესახებ არსებული ინფორმაციის აღრიცხვა, დოკუმენტური ჩაწერა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
რეგლამენტი | რეგლამენტი - (ფრანგ. reglament) - წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის, კრების, სესიისა თუ ყრილობის ჩატარების წესი და ამ წესის დამდგენი დოკუმენტის სახელწოდება. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესს, პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა პარლამენტის ყველა წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში - პარლამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. |
რეგულირება | რეგულირება - რეგულირება ნიშნავს რადიომიმღების დაყენებას საჭირო ტალღაზე; ორკესტრის სხვადასხვა ინსტრუმენტის ,,აწყობას იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ დისონანსებს. ,,რეგულირების პროექტის შემთხვევაში ეს ნიშნავს შეთანხმებული ათვლის წერტილის შემოღებას ევროპის უმაღლესი განათლების სტრუქტურის ორგანიზაციისათვის. ამავე დროს ხდება იმ ფაქტის აღიარებაც, რომ ტრადიციების მრავალფეროვნება დადებითი ფაქტორია უმაღლესი განათლების დინამიური საერთო სივრცის შესაქმნელად. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 |
რევერსული დისკრიმინაცია | რევერსული დისკრიმინაცია - გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ან აქტებს, რომელთა განხორციელების შედეგად აიგებს არადომინირებული ჯგუფის დომინანტური ჯგუფის ხარჯზე; მაგ., აშშ-ში ტერმინი გამოიყენება მაშინ, როცა არაკვალიფიუცური კანდიდატურა მიიღება სამსახურში იმის საფუძველზე, რომ არის უმცირესობის წარმომადგენელი. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,თბ, 2007. |
რეზონიორობა | რეზონიორობა - უნაყოფო ტვინის ჭყლეტა. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,თბ, 2007. |
რელიგია | რელიგია - (ლათ. religio წინ. re-დან და ligare დაკავშირება) - სარწმუნოება, რწმენა, ღმერთის თაყვანისცემა და აღიარება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. რელიგია - Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას. სიტყვა ,,რელიგია ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება. რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური დოგმატიკა (თეორია, მოძღვრება), რელიგიური კულტი, რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 რელიგია - სოციოლოგი გერჰარდ ლენსკი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც სისტემას რწმენათა ძალებისა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მართავენ ადამიანის ბედს, და მასთან დაკავშირებული რიტუალებისა, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული ჯგუფის წევრი ადამიანების მიერ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 რელიგია - სოციოლოგ რონალდ ჯონსტოუნის განსაზღვრებით: რელიგია ეწოდება რწმენათა და რიტუალთა სისტემას, რომელთა მეშვეობით ადამიანთა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც ზებუნებრივად და საკრალურად მიიჩნევს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 რელიგია - ფრომი ლაპარაკობს იმაზე, რომ რელიგიები იყოფიან ავტორიტარულებად და ჰუმანისტურებად (,,ქონა თუ ყოფნა). ავტორი ეყრდნობა ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონს, სადაც რელიგია განმარტებულია, როგორც ,,ადამიანის მიერ აღიარება რაღაც უზენაესი უხილავი ძალის არსებობისა, რომელიც ახორციელბს კონტროლს ადამიანის ბედზე და აქვს უფლება, მოსთხოვოს მორჩილება, მოწიწება და თაყვანისცემა. ავტორიტარულად, - ამბობს ფრომი, რელიგიას აქვს იდეა, რომლის თანახმად ამ უზნაეს ძალას, ადამიანზე ძალაუფლების გარდა, აქვს უფლება, მოითხოვოს მორჩილება, მოწიწება და თაყვანისცემა. სიტყვების ,,აქვს უფლება მოსთხოვოს გამოყოფით ფრომი ხაზს უსვამს, რომ ავტორიტარულ რელიგიებში თაყვანისცემის მიზეზი ,,ფესვგადგმულია არა ღმერთის ზნეობრივ თვისებებში, არა სიყვარულსა და სამართლანობაში, არამედ იმ გარემოებაში, რომ ეს უზენასი ძალა ახორციელებს კონტროლს, ანუ აქვს ძალაუფლება ადამიანზე. ავტორიტარული რელიგიების ძირითადი განწყობებია სევდა და დანაშაულის გრძნობა. ჰუმანისტიკური რელიგია კი, პირიქით, კონცენტრირებულია ადამიანსა და მის შესაძლებლობებზე. ჰუმანისტიკურ რელიგიებში უდიდესი ადგილი უჭირავს ,,რელიგიურ განცდას... ყოველივე არსებულთა ერთიანობას, რომელიც სამყაროსადმი ნათესაური დამოკიდებულებითაა გამოწვეული, ეს დამოკიდებულება კი შეგნებულია აზრისა და სიყვარულის საშუალებით. ჰუმანისტიკურ რელიგიებს ფრომი მიაკუთვნებს ადრეულ ბუდიზმს, დაოსიზმს, ესაიას, იესოს, სპინოზას რელიგიებს, ქრისტიანულ მისტიციზმს. თუმცა გასაგებია, რომ ერთი და იმავე რელიგიების ფარგლებში არსებობს როგორც ავტორიტარული, ასევე ჰუმანისტიკური ელემენტები. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] რელიგია - რელიგიის კიდევ ერთ განსაზღვრებას იძლევა კ. გ. იუნგი, რომელიც (,,ღვთაებრივი ყრმა) ამბობს, რომ ,,რელიგია არის ცოცხალი კავშირი სულის პროცესებთან, რომლებიც ცნობიერებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სადღაც მის მიღმა, სულის ბნელ კუნჭულებში მიმდინარეობს. თუმცა ამ არაცნობიერ პროცესთაგან მრავალი სათავეს არაპირდაპირი გზით ცნობიერებისაგან იღებს, მაგრამ არა მისგან იძულებით. სხვა პროცესები თითქოს სპონტანურად იწყება, ანუ ცნობადი და ცნობიერებით განპირობებული მიზეზების გარეშე. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] რელიგია - ე.ა. ტორჩინოვის განმარტებით. ,,რელიგიაში ჩვენ ვიგულისხმებთ წარმოდგენათა, რწმენათა, დოქტრინათა, კულტის ელემენტთა, რიტუალთა და პრაქტიკის სხვა ფორმათა კომპლექსს, რომელიც ეფუძნება ამა თუ იმ ტიპის ტრანსპერსონალურ განცდას და გულისხმობს ამ საბაზო გამოცდილების განმეორადობას. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] რელიგია - 1930 წელს გამოცემულ თავის სახელგანთქმულ წიგნში ,,მითის დიალექტიკა ა.ფ. ლოსევი იძლევა რელიგიის შემდეგ განმარტებას: ,,ეს არის, უპირველეს ყოვლისა, გარკვეული სახის ცხოვრება. ის არაა არც მსოფლმხედველობა, თუნდაც ეს მოფლმხედველობა მაქსიმალურად რელიგიური და მისტიკური იყოს, არც მორალი, თუნდაც ის ყველაზე მაღალი და ყველაზე რელიგიური იყოს, არც გრძნობა და ესთეტიკაა, როგორი ცეცხლოვანიც არ უნდა იყოს გრძნობა და მისტიკური - ესთეტიკა. რელიგია არის მსოფლმხედველობის განხორციელებულობა, მორალის ნივთიერი სუბსტანციურობა, გრძნობის რეალური განმტკიცება, თანაც ეს განხორციელებულობა საყოველთაოა, უპირველეს ყოვლისა კი სუფთად სხეულბრივი, სუბსტანციურობაც საყოველთაოა და უპირველეს ყოვლისა, ფიზიოლოგიურად შეგრძნებადი. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] რელიგია - თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი შვიდი ,,განზომილება, რომელთა მიხედვით შესაძლებელია რელიგიის ფენომენის შესწავლა: 1. პრაქტიკულ-რიტუალური (საზოგადო და კერძო ღვთისმსახურება, ყველა რიტუალის ერთობლიობა); 2. ემპირიულ-ემოციური (ლოცვა, მედიტაცია, სულიერი სავარჯიშოები და ა.შ. -პირადი რელიგიურობა); 3. ნარატიულ-მითოლოგიური (საკრალური ტექსტები); 4. დოქტრინალურ-ფილოსოფიური (ქრისტიანობისათვის - ღვთისმეტყველება); 5. ეთიკურ-სამართლებრივი (10 მცნება, სჯულის კანონი და ა.შ.); 6. სოციალურ-ინსტიტუციური (თემი, საეკლესიო სტრუქტურები, იერარქია); 7. მატერიალური (ტაძრები, ხატები, ამა თუ იმ რიტუალის აღსასრულებლად საჭირო საგნები). //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] |
რელიგიათა კლასიფიკაცია | რელიგიათა კლასიფიკაცია - არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ უნდა მოხდეს რელიგიათა კლასიფიცირება; შეიძლება თუ არა ქრისტიანობისა და ჰარე კრიშნას მოძღვრების დახასიათებისას იდენტური ტერმინების გამოყენება? საუკეთესო გამოსავალს ამ შემთხვევაში წარმოადგენს რელიგიათა კლასიფიცირება მათი მიმდევრების მიერ მინიჭებული სახელწოდებების შესაბამისად: პროტესტანტული, მართლმადიდებელი, კათოლიკური, იუდაისტური, მუსლიმური და ა. შ. თუმცა სოციოლოგიაში მიღებულია ასევე რელიგიათა კლასიფიცირების სისტემა პრიმიტიულიდან თანამედროვე მოძღვრებებამდე ევოლუციის მიხედვით. ეს სისტემა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში იგი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, სოციოლოგიაში კი აღიარება მოიპოვა რობერტ ბელახის მიერ წარმოდგენილმა ახალმა თეორიამ. ბელახმა წარსულისა და თანამედროვე რელიგიათა კლასიფიცირებაში გამოყო ხუთი კატეგორია: 1) პრიმიტიული: მაგალითად, ავსტრალიური; სიმბოლოთა სისტემა ადამიანთა და საგანთა საგვარეულო მითური გამოსახვა; რელიგიური ქცევა იდენტიფიკაცია, საგვარეულო გამოსახულებებზე ისტორიათა კვლავწარმოება; რელიგიის ორგანიზაცია ეკლესიის არარსებობა, რელიგიისა და საზოგადოების ერთიანობა; სოციალური მნიშვნელობა სოციალური სოლიდარობის განმტკიცება. 2) არქაული: მაგალითად, პოლინეზიური და აფრიკული; სიმბოლოთა სისტემა ძლევამოსილი მითური არსებები (ღმერთების მსგავსი); რელიგიური ქცევა თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა; რელიგიის ორგანიზაცია განსხვავებული კულტები; სოციალური მნიშვნელობა სოციალური კონფორმიზმის მოთხოვნა. 3) ისტორიული: მაგალითად, ძველებრაული; სიმბოლოთა სისტემა კავშირის გაწყვეტა ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის; რელიგიური ქცევა სულის ხსნა კეთილი საქმეების საფუძველზე, თავისუფალი ნების კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია ეკლესიები: რელიგიური ორგანიზაციების გამოყოფა საზოგადოების სხვა ასპექტებისგან; სოციალური მნიშვნელობა დაძაბულობა რელიგიასა და საზოგადოებას შორის. 4) ადრეული მოდერნისტული: მაგალითად, რეფორმაციის ეპოქის პროტესტანტიზმი; სიმბოლოთა სისტემა პირდაპირი კავშირი ზებუნებრივ ძალასა და ინდივიდს შორის; რელიგიური ქცევა მთლიანად მოიცავს ცხოვრებას, რწმენის კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია ნებაყოფლობითი წევრობა რელიგიურ ერთობაში; სოციალური მნიშვნელობა ძირეული ცვლილება სოციალურ სისტემებში. 5) მოდერნისტული: მაგალითად, თანამედროვე რელიგიები; სიმბოლოთა სისტემა პიროვნება და მისი ვალდებულება; რელიგიური ქცევა პიროვნული ეთიკური პრინციპების ძიება; რელიგიის ორგანიზაცია გარკვეულწილად ეკლესიის წევრობა, თუმცა უმთავრესად პირადი პასუხისმგებლობა; სოციალური მნიშვნელობა საზოგადოების კულტურისა და პიროვნული ღირებულებების შესაძლო მუდმივი სრულყოფა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება | რელიგიისა და რწმენის თავისუფლება - ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 (1) მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, თუმცა ცნებები აზრი, სინდისი და რელიგია არ არის განსაზღვრული და არც თავისუფლების ნათელი დეფინიციაა მოცემული ამ მუხლში. როგორც გაეროს კონტექსტში აღინიშნა, გასაოცარია, რომ, მიუხედავად რელიგიისადმი სახელმწიფოთა განსხვავებული დამოკიდებულებისა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შემუშავებისას აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება.99 იმავეს თქმა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ხსენებულ მუხლზეც. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
რელიგიური ნეიტრალიტეტი | რელიგიური ნეიტრალიტეტი - გულისხმობს არა მხოლოდ განზრახ დაპირისპირების თავიდან აცილებას: რელიგიური კლაუზულები სახელმწიფოსგან მოითხოვს იმ საზღვრების მინიმუმამდე შეზღუდვას, რომლის ფარგლებშიც იგი რელიგიური მრწამსის ან არამორწმუნეობის წახალისებას ან მისთვის ხელის შეშლას მოახდენს. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 |
რელიგიური ორგანიზაციის ფორმები | რელიგიური ორგანიზაციის ფორმები - არსებობს რელიგიური ორგანიზაციის ოთხი ძირითადი ტიპი: ეკლესია, სექტა, დენომინაცია და კულტი. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004 |
რელიგიური ტერორიზმი | რელიგიური ტერორიზმი - ხასიათდება რელიგიური ნიშნით, მას ახორციელებენ რელიგიური დაჯგუფებები და გამოირჩევა ფანატიზმით (მაგალითად ჰესბოლა, ჰამასი, ალ-ქაიდა). //რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003 |
რელიგიური შემწყნარებლობა | რელიგიური შემწყნარებლობა - ნიშნავს სიმართლისა და ცდომილების ერთ დონეზე განლაგებას, ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით - ინდიფერენტიზმს. (ნოდარ ლადარია). //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] |
რელიგიური ჯგუფი | რელიგიური ჯგუფი ნებისმიერი რელიგიური ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა.//ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი Ή12, [სისხლის სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999. |
რენტა | რენტა - რეგულარული შემოსავალი, რომელსაც იძლევა კაპიტალი, ქონება ან მიწა, ისე, რომ მის მფლობელს არ სჭირდება სამეწარმოო საქმიანობა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
რესიგნაცია | რესიგნაცია - ნიშნავს გაუცხოებას. ასეთი ვითარება გვაქვს დეპრივაციის (ურთიერთობათა უკმარისობის) დროს, როდესაც ყალიბდება სტერეოტიპული მოძრაობები, მონოტონური თვითაგზნება, კლებულობს უფროსებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მძიმე შემთხვევაში კი ბავშვი საერთოდ ,,გარიყულია გარემოდან. //გზა განვითარებისკენ,-[მოტორული სტიმულაცია - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის],-ბავშვი და გარემო,-თბ.,- 2005 |
რესპუბლიკა | რესპუბლიკა როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი არჩევითია, ე.ი, ხელისუფლება წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს. ამ მიმართებაში მართალი იყო ჯეიმს მედისონი აშშის კონსტიტუციის მამა დამფუძნებელი, როცა რესპუბლიკას განსაზღვრავდა, როგორც ქვეყანას, რომელშიც კანონებს ქმნიან და ასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები10. გადაწყვეტილების მიღება მმართველობის ამ ფორმის დროს ხდება დადგენილი პროცედურით, კენჭისყრის გზით, კანონით დადგენილი უმრავლესობის ნების საფუძველზე. მმართველობის ეს ფორმა, თავისი კლასიკური გაგებით, ნიშნავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალურ და სრულყოფილ განხორციელებას. რესპუბლიკა ისტორიულად მონარქიის ანტიპოდს წარმოადგენს, სადაც მემკვიდრეობითი ხელისუფლება იცვლება წარმომადგენლობითი ორგანოებით, ხოლო ქვეშევრდომობა - მოქალაქეობით (მონარქიული მმართველობის დროს არსებობს ქვეშევრდომობის ინსტიტუტი, ხოლო მოქალაქეობა დამახასიათებელია რესპუბლიკისათვის, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ზღვარი თითქმის წაშლილია ამ ორ ცნებას შორის და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სინონიმებია). დღესდღეობით რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები უფრო მეტია, ვიდრე მონარქიული (ჯერ კიდევ მე20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში სულ სამ რესპუბლიკა არსებობდა). რესპუბლიკური მმართველობის ფორმის ასეთი გავრცელება მე20 საუკუნეში მოხდა და კაცობრიობას მრავალი რევოლუციური პროცესის გადატანა მოუხდა მის დასამკვიდრებლად. რესპუბლიკა უფრო მეტად უახლოვდება დემოკრატიის ცნებას, ვიდრე მონარქია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონარქიაც შეიძლება იყოს დემოკრატიული (თანამედროვე ინგლისი, ესპანეთი, იაპონია და სხვა), ხოლო რესპუბლიკაც შესაძლებელია ანტიდემოკრატიულ ხასიათს ატარებდეს, მაგალითად, გერმანია ჰიტლერის დროს, საბერძნეთი «შავი პოლკოვნიკების» დროს, ჩილე პინოჩეტის დროს და სხვა. შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ დემოკრატიული მონარქია შეიცვალოს ანტიდემოკრატიული რესპუბლიკით, ასე მოხდა საბერძნეთში, 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, 1973 წელს ლიკვიდირებულ იქნა მონარქია და დამყარდა დიქტატურა რესპუბლიკური მმართველობის ფორმაში. ჭეშმარიტი რესპუბლიკა, თავისი არსით, მაინც გულისხმობს რეალური დემოკრატიის არსებობას. ინტერესს მოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ თანამედროვე კონსტიტუციები, აფუძნებენ რა რესპუბლიკური მმართველობის ფორმას, იყენებენ ფორმულას «დემოკრატიული რესპუბლიკა» (მაგ., საფრანგეთის, იტალიის კონსტიტუციები), ასეთ ფორმულირებას საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაც იყენებს, კერძოდ მისი პირველი მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ შემდეგს: «საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა». რესპუბლიკური მმართველობის სხვადასხვა ნაირსახეობებს გამოყოფენ, მათი რაოდენობა ხუთი, ან თუნდაც ექვსი, შეიძლება იყოს, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში, ძირითადად, რესპუბლიკის სამ სახეს ასახელებენ: საპრეზიდენტო, (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა) საპარლამენტო (პარლამენტური) (იხ. საპარლამენტო რესპუბლიკა) და ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) (იხ.ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) რესპუბლიკა). არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რესპუბლიკის ასეთ სახეებად დაყოფა იურიდიულ მეცნიერებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, რადგან იგივე საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკების წარმოშობა, თავისი კლასიკური გაგებით, ამ პერიოდს უკავშირდება, კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ გერმანიის 1949 წლის კონსტიტუციას, იტალიის 1946 წლის კონსტიტუციას და 1958 წლის (მეხუთე რესპუბლიკის) კონსტიტუციას. რაც შეეხება საპრეზიდენტო რესპუბლიკას, იგი, თავისი კლასიკური გაგებით, აშშში წარმოიშვა, ჯერ კიდევ მე18 საუკუნეში, აშშის 1787 წლის, დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. რესპუბლიკის სხვა სახეები: რესპუბლიკის ტრადიციული სახეების გარდა შეიძლება გამოიყოს მისი სხვა სახეებიც, როგორებიცაა სუპერსაპრეზიდენტო (იხ. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა), სოციალისტური (იხ. სოციალისტური რესპუბლიკა), რელიგიური ნიშნით კი - თეოკრატიული და საერო და სხვა (იხ. თეოკრატიული რესპუბლიკა). //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი Ή16, [სახელმწიფო სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001. |
რესტიტუცია | რესტიტუცია - შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა მიიღოს პირმა უკანონოდ დაკარგული ქონება ან მისი საზღაური. რესტიტუცია ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან, უკანონოდ ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, კომუნისტური რეჟიმის მიერ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში უკანონოდ ქონების ჩამორთმევასთან, შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის შედეგად ქონებისა და საცხოვრებელის დაკარგვასთან და სხვა. რესტიტუციის საკითხი, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის რეგულირების სფეროში. რესტიტუციასთანაა დაკავშირებული აგრეთვე ძალადობრივი გაძევებაც. საერთაშორისო სამართალში ეს ტერმინი მოიცავს როგორც მოქმედებას, ისე შედეგს, პირის ან პირთა ჯგუფის თავიანთი სახლებიდან არანებაყოფლობით გამოსახლებას. იგი ხშირად გაიგივდება ძალადობრივ გადაადგილებასთან, საცხოვრებელი ადგილის ან ადგილმდებარეობის შეცვლასთან, ეთნიკურ წმენდასთან, ექსპროპრიაციასთან და სხვა. საერთაშორისო სამართალში ამ ყველა მნიშვნელობის ერთიან ტერმინად აღებულია ,,forced eviction - ძალადობრივი გადაადგილება, პირის ძალადობრივი გადაადგილება თავის საცხოვრებელი სახლიდან და ამის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევა. ეს ტერმინი განსხვავდება მოსახლეობის გადაადგილებისაგან, რადგან იგი მოიცავს აგრეთვე საცხოვრებლისა და ქონებრივი უფლების დაკარგვას, რომელსაც სხვები დაეპატრონენ. //პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში პრობლემები და პერსპექტივები // ალმანახი Ή4, [ჰუმანიტარული სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1998. |
რეფერენდუმი | რეფერენდუმი - (ლათ. referendum რაც უნდა აუწყონ) - 1. არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. 2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით ,,რეფერენდუმის შესახებ. 3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. იგი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით. 5. მოქალაქეები მასში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმში მონაწილეს აქვს ერთი ხმა. 6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნებასურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია. 7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. რეფერენდუმი - ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიერ რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრა. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 |
როდოსი | როდოსი - მცირე აზიის ერთ-ერთი დიდი კუნძული ეგეოსის ზღვაში, ძლიერი კომერციით სახელგანთქმული რესპუბლიკა, ელინისტური კულტურის მძლავრი კერა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
რომულუსი | რომულუსი - (ძვ. წ. 753-715) რომის ლეგენდარული დამაარსებელი, მისი პირველი მეფე. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
რუსო ჟან-ჟაკ | რუსო ჟან-ჟაკ - გამოჩენილი მოაზროვნე ჟან-ჟაკ ისააკის ძე რუსო დაიბადა 1712 წლის 28 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე - გრანდ რიუ, ჩვეულებრივ სახლში, ხელოსნის (მესაათის) ოჯახში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო შვეიცარია იყო, ათეულობით და, შეიძლება ითქვას, ასეულობით ავტორი მას ფრანგ მწერლად, განმანათლებლად, ფილოსოფოსად, კომპოზიტორად, ჰუმანისტად, ლიტერატორად, ენციკლოპედისტად, ფრანგი ერის გენიად მოიხსენიებს. ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული, ფაქტის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსოს წინაპრები ფრანგები იყვნენ. დიდე რუსო საფრანგეთში ცნობილი წიგნებით მოვაჭრე იყო. იგი პროტესტანტულ სარწმუნოებას აღიარებდა და ამის გამო საფრანგეთის მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა 1550 წელს ქვეყნიდან გასახლება მიუსაჯეს. სწორედ მაშინ დასახლდა ჟან-ჟაკ რუსოს დიდი პაპა შვეიცარიაში და სამუდამოდაც დარჩა იქ. დიდე რუსოს ერთ-ერთი შვილი იყო დავითი, რომლის შვილიც იყო ისააკ რუსო (ჟან-ჟაკის მამა). ჟან-ჟაკ რუსოს დედა, სუზანა ბერნარი, მის შობას გადაჰყვა. თვით რუსო, ცოცხალ-მკვდარი, მეტად სუსტი დაიბადა. მიუხედავად მამიდის მზრუნველობისა, თანდაყოლილმა სისუსტემ და ავადმყოფობამ მთელს მის სიცოცხლეს დააჩნია კვალი. გადამწყვეტი როლი მის აღზრდაში მისმა მამამ, ისააკმა შეასრულა. მან ადრიდანვე შეასწავლა შვილს წერა-კითხვა, შეაჩვია წიგნების კითხვას, თავმდაბლობას და ა.შ., თუმცა სხვადასხვა მიზეზების შედეგად, რუსოს დაკაცება უფრო მეტად თავისი დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში მოუხდა. აქ გამომჟღავნდა მისი, როგორც მოხეტიალის, თვისებებიც. უყვარდა მოგზაურობა, დაკვირვება ცხოველებსა და ბუნებაზე და არაჩვეულებრივად შეეძლო მოვლენების ქაღალდზე გადმოტანა. უყვარდა სუფთა ჰაერზე, ჩიტების ჭიკჭიკში წერა და კითხვა. 29 წლის ასაკში, 1741 წლის შემოდგომაზე, იგი საფრანგეთში (პარიზში) დასახლდა, სადაც გაიცნო გამოჩენილი ფრანგი განმანათლებლები, დენი დიდრო, დალამბერი და სხვა დიდი მოაზროვნენი, ენციკლოპედისტები. ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს კაფეებში თუ ბინებში და ილესავდნენ თავიანთ გონებას. ჟან-ჟაკ რუსოს ყოველთვის თან ჰქონდა უბის წიგნაკი, სადაც ასეთი შეხვედრების დროს უცაბედად გაჩენილ იდეებს ინიშნავდა. ჟან-ჟაკ რუსო მითებით არ ცხოვრობდა. ყოველთვის სწორედ ბჭობდა იგი თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ბედნიერებას თვით ცხოვრებაში ეძებდა. მისი აზრით, ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ იჩაგრება. თუ მოცემულ ეტაპზე ადამიანი ვერ აღწევს ისეთ ბუნებრივ მოთხოვნას, როგორიც თავისუფლება და ბედნიერებაა, რუსოს მიხედვით, ეს მისი კი არა, არსებული საზოგადოებრივი წესწყობილების ბრალია. ამისათვის დროა საჭირო, ჩანს იდეა ადრე მომწიფებულა. თუ იდეა და სინამდვილე ერთმანეთს არ ეთანადება, მაშასადამე საამისო პირობები უნდა მომზადდეს. როგორც ცნობილია, მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის 1789-1794 წლების დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ხერხემალი ჩაუმსხვრია ფეოდალიზმს. იმავე საუკუნემ დასაწყისიდან ამ მიზნის მიმღწევი იდეოლოგები და მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოც შობა, რომლის იდეებიც მოემსახურა საფრანგეთის რევოლუციას ფეოდალიზმის მოსპობისა და ბურჟუაზიული წყობილების შექმნის საქმეში. რუსო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის სულიერი მამა იყო. კერძოდ, მისი ნაშრომი - საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რევოლუციონერთა სახარებას წარმოადგენდა. ჟან-ჟაკ რუსო თავისი შეხედულებებით, ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, პლებეების მხარეს იდგა. სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ იაკობინელები რუსოსეული რესპუბლიკის შექმნას. მათი ბელადი, რობესპიერი, სიტყვა-სიტყვით აცხადებდა, რომ უმაღლესი ხელისუფლება მიეკუთვნება ხალხს. ხელისუფლება განუყოფელი და განუსხვისებელია. ეს კი, ფაქტია, რუსოს შეხედულებათა ასლია არა მარტო იდეური გაგებით, არამედ რუსოსეული ტერმინოლოგიითაც. ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებანი საფუძვლად დაედო არა მარტო საფრანგეთის 1789 წლის 26 აგვისტოს ცნობილ ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას, არამედ საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციასაც, რომლის პირველივე მუხლში წერია, რომ სუვერენიტეტი მთლიანია, განუყოფელი, განუსხვისებელი; ის ეკუთვნის ხალხს. დაახლოებით იმავეს იმეორებს სხვა სიტყვებში საფრანგეთის 1793 წლის კონსტიტუციაც. ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობის დროს ახალი პოლიტიკური იდეების გამოთქმა საფრანგეთში საშიში იყო. ხშირად ასეთი ავტორს ბასტილიაში დაპატიმრება ემუქრებოდა. ამიტომ იმ ეპოქის მოღვაწენი ხშირად თავიანთ ნაშრომს ან გვარს არ აწერდნენ, ან ჰოლანდიაში ბეჭდავდნენ და ქვეყანაში საიდუმლოდ შემოჰქონდათ. ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობა საფრანგეთში ლუდოვიკო XV-ის მეფობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, გრეხემის თქმით, მაშინაც საშიში იყო ხმამაღალი ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, რუსო მაინც გაბედულად და დაბეჯითებით ლაპარაკობდა საზოგადოებაზე და სამთავრობო ხელისუფლებაზე, როგორც არავინ მანამდე. ჟან-ჟაკ რუსოს იდეები თავის ეპოქაში უდაოდ პროგრესული იყო. ამბობენ, რომ რუსოს ნაშრომებს უბით ატარებდნენ 1789-1794 წლებში პარიზის ბარიკადებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში. როგორც ცნობილია, ჟან-ჟაკ რუსომ მიიღო მხოლოდ დაწყებითი განათლება, ხოლო შემდეგ, დიდი ნიჭისა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის შედეგად, ღრმად დაეუფლა ფილოსოფიას, ლიტერატურას, ისტორიას, ბოტანიკას, მუსიკის თეორიას. რევოლუციამდელი ხელისუფალნი რუსოს დიდად სდევნიდნენ, კერძოდ, მისი წიგნები საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ემილი, ანუ აღზრდის შესახებ, პროფესორ უშანგი ობოლაძის გადმოცემით, საეკლესიო ხელისუფალთა წარდგინებით ცეცხლს მისცეს პარიზშიც და ჟენევაშიც. ამიტომ რუსოს არ ასცდა დევნა-გასახლებანი მაშინდელ ხელისუფალთაგან. რუსო მუდმივ სიღატაკესა და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 1778 წ. იგი პარიზიდან გადასახლდა მისგან 20 მილით დაშორებულ სოფელ ერმონვილში, სადაც იმავე წლის 2 ივლისს, 66 წლის ასაკში მოულოდნელად, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალა. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ თითქოს ჟან-ჟაკ რუსომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ეს მოსაზრება დღესაც სადავოა. რუსო მეტად უპატივცემლოდ დაკრძალეს. მონარქიულმა წყობილებამ ეს მეტად დიდი ტვირთი მოიშორა. მთვარიან ღამეს მისი სხეული, ყოველგვარი თავყრილობის გარეშე, გაიტანეს სოფელ ერმონვილის პარკში და დაასაფლავეს ალვის ხეებს შორის. ეს სწორედ ისეთი მყუდრო და განყენებული ადგილი იყო, როგორიც რუსოს უყვარდა. ჟან-ჟაკ რუსოს სხეული ამ ადგილზე იყო დაკრძალული საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციამდე, ხოლო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1794 წ., მისი ნეშტი, ქვემეხების გრიალით, ფანფარებისა და დაფდაფების ხმაურით, გამარჯვებულთა დიდი ზეიმით, მთავრობის განკარგულებით გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს პანთეონში. ამ ამბავს მოესწრო მისი მეუღლე ტერეზა ლევასერი, რომელმაც რუსოსთან ერთად 34 წელი იცხოვრა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ 23 წელი იცოცხლა 1801 წლის 17 ივლისამდე, მაგრამ იდეურად დაბალ დონეზე ყოფნის გამო, მან მაინც ვერ გაიგო, თუ რატომ სდევნიდა ჟან-ჟაკ რუსოს ასე ძალიან რევოლუციამდელი მთავრობა, ხოლო რატომ აიყვანა იგი რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ ცამდე. თუნდაც მარტო ის. //ერემოვი გრიგოლ. ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია // ალმანახი Ή16, [სახელმწიფო სამართალი], საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001. რუსო ჟან ჟაკ - შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, სულიერად მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია. ჟან ჟაკ რუსო დაიბადა ჟენევაში1712 წლის 28 ივნისს მესაათის ოჯახში. ბავშვობისა და სიყრმის წლები გაჭირვებაში გაატარა. 1728 წელს მოუსვენარი რუსო მშობლიურ ჟენევას გამოეთხოვა. იგი ცხოვრობდა პარიზში, ტურინში, ლიონში, ლოზანში, ბერნში და ხან ოჯახის მასწავლებლობით ირჩენდა თავს, ხან ნოტების გადაწერით, ხან ლაქიად მუშაობით; ამ პერიოდში ის გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით, მუსიკით, გულმოდგინედ სწავლობს დეკარტის, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, მალბრანშის ფილოსოფიურ თხზულებებს. 1741 წელს რუსო პარიზს დაუბრუნდა და დაუახლოვდა ენციკლოპედისტებს, განსაკუთრებით დიდროს, რომლის წინადადებითაც რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ენციკლოპედიაში. ნელ-ნელა რუსომ თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფრანგ განმანათლებელთა შორის. 1749 წელს დიჟონის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას. ერთი წლის შემდეგ ამ აკადემიამ პირველი პრემია მიაკუთვნა რუსოს საკონკურსო შრომას: მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის ძირითადი აზრი ასეთი იყო: ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, უდანაშაულო, მარტივი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია. მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანები თანდათან შორდებიან ბუნებას, მათ ურთიერთობაში ბატონდება ხელოვნურობა, პირფერობა. ადამიანში თავს იჩენს ეგოიზმი, ცინიზმი, ბოროტება; საზოგადოებაში აღარ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ფრანგი მოაზროვნე მოითხოვს ადამიანის დაახლოებას ბუნებასთან. ამ შრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს. 174 წელს რუსომ დიჟონის აკადემიას წარუდგინა მეორე საკონკურსო შრომა მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძვლების შესახებ, რომელშიც ჩამოაყალიბა კონცეფცია საზოგადოებაში უთანასწორობის გაჩენის მიზეზების შესახებ. თხზულების ავტორი კვლავ ბუნებას ეთაყვანება და იმეორებს თავის აზრს იმის შესახებ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები თავისუფალი და პოლიტიკურად თანასწორნი არიან; არ არსებობს ბატონი - მჩაგვრელი, არ არსებობს მონა - ჩაგრული. თანდათანობით იარაღებისა და შრომის სრულყოფის პროცესში საფუძველი ეყრება ადამიანთა თანაცხოვრებას: მიწათმოქმედებაზე გადასვლა წარმოშობს უთანასწორობის მთავარ მიზეზს - კერძო საკუთრებას. რუსოს აზრით, ვინც პირველად მიწის ნაკვეთი შემოღობა და თქვა - ეს ჩემიაო, შემდეგ კი იპოვა ამ სიტყვების დამჯერი საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები, იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი შემქმნელი. რუსოს თანახმად კერძო საკუთრება არის უთანასწორობის საფუძველი. წარმოიშობიან მდიდარი და ღარიბები. მდიდრები ღარიბებთან დებენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო, ხელისუფლება. ეს შრომა გაცილებით მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონეა, მაგრამ მას პრემია არ მოჰყვა. სამაგიეროდ ავტორის პოპულარობა გაიზარდა. 1776 წელს რუსომ გამოაქვეყნა ეპისტოლარულ-ფილოსოფიური რომანი იულია ანუ ახალი ელოიზა, 1762 წელს კი - ფილოსოფიური რომანი ემილი ანუ აღზრდის შესახებ. ამ თხზულებებში კვლავ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის უპირატესობაზეა ლაპარაკი. რუსო გრძნობას და გონებას უპირისპირებს ერთმანეთს. განცდებს, ადამიანის შინაგან ცხოვრებას, ვნებებს ფრანგი მოაზროვნე ცივ განსჯაზე მაღლა აყენებს. ამ ფაქტში კარგად ჩანს ერთ დროს განმანათლებელ რუსოს ბრძოლა ფრანგული განმანათლებლობისვე წინააღმდეგ. შემთხვევითი როდი იყო მისი კონფლიქტი თავის ძველ მეგობრებთან - ენციკლოპედისტებთან. 1762 წელს გამოვიდა რუსოს ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები. წიგნის ავტორს აინტერესებდა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანთა ის კავშირი, ასოციაცია, რომელიც დაიცავდა პიროვნებას, მის საკუთრებას და ამავე დროს თანაცხოვრების პირობებში მას თავისუფლებას მიანიჭებდა. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ პირობად წიგნის ავტორს მიაჩნია ის, რომ ამ ასოციაციის ყოველი წევრი უარს ამბობს თავის ყველა უფლებაზე მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. აღარ არსებობენ კერძო ნებანი, აღარ არსებობენ ცალკეული ნებანი, არსებობს მხოლოდ საერთო, ზოგადი ნება. როცა ადამიანს საკუთარი გულისთქმა ალაპარაკებს, ის მონაა, როცა ემორჩილება კანონს, რომელიც თავის თავს თვითონ დაუწესა, ის თავისუფალია. საზოგადოებრივი ხელშეკრულების წყალობით ინსტინქტი სამართლიანობად, ხოლო ბუნებრივი მისწრაფებები უფლებად და მოვალეობად გადაიქცევა. ცალკეული პიროვნება იძულებით კი არა, თავისი საკუთარი არჩევანის საფუძველზე აბატონებს ხალხის სუვერენობას და იმავდროულად მთელი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ამგვარად მიიღწევა საზოგადოებრივი კავშირის მთავარი მიზნები. რუსო საგანგებოდ იკვლევს, თუ რა არის ის უდიდესი სიკეთე, რაც ნებისმიერი საკანონმდებლო სისტემის მიზანი უნდა იყოს. მისი მტკიცებით, ამ სიკეთეს ორი უმთავრესი რამ განაპირობებს - თავისუფლება და თანასწორობა. თავისუფლება - რადგან ყოველი კერძო დამოკიდებულება სახელმწიფო კორპუსისათვის რაღაც ძალის წართმევის ტოლფასია; თანასწორობა, რადგან თავისუფლებას არ ძალუძს თანასწორობის გარეშე არსებობა. რუსოს თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ნაკლოვანებები ის მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რათა უფრო სრულყოფილ კანონმდებლობას ხორცი შეესხას. რუსო ასევე გვაფრთხილებს, რომ ყოველი კარგი კანონმდებლობის მიზნები თითოეულ ქვეყანაში უნდა იცვლებოდეს იმ დამოკიდებულებათა შესაბამისად, რომლებსაც ადგილ-მდებარეობის ხასიათი ისევე განაპირობებს, როგორც მის ბინადართა ხასიათი: სწორედ ამ მიმართებათა საფუძველზე უნდა განესაზღვროს ყოველ ხალხს განსაკუთრებული საკანონმდებლო სისტემა, შესაძლოა, ზოგადად არც საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო იმ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც არის იგი განკუთვნილი. რუსოს აზრით, ყველა ხალხისთვის საერთო წესებს გარდა, ყოველ ხალხს აქვს თავისებურებები, ის თავის თავში ატარებს რაღაც ისეთს, რაც მის კანონმდებლობას მხოლოდ მისთვის გამოსადეგსა ხდის. რუსოს თანახმად კონსტიტუციის სრულყოფის კრიტერიუმი შეიძლება მხოლოდ ბუნებრივ მიმართებებთან მისი შესატყვისობა იყოს. თავისთავად რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს კანონები, მათი გამოცემა ბრძენ კანონმდებელს არ შეუძლია, სანამ წინასწარ არ გაარკვევს, შეუძლია თუ არა ხალხს, ვისთვისაც განკუთვნილია კანონები, მათი შესრულება. ამიტომ, სანამ ხალხებს კანონებს დაუქვემდებარებ, ჯერ მათი სიმწიფის დადგომას უნდა დაელოდო. თუ მას ვერ ეღირსე, მთელი გარჯა ამაო იქნება. რუსოს მტკიცებით, ხალხს მის პირველად თავისუფლებას მხოლოდ მმართველობის ბოროტად გამოყენება ართმევს, და არა საზოგადოების განვითარების შინაგანი აუცილებლობა. როდესაც მმართველობა თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უმაღლესი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა და რიგითი მოქალაქეები კანონით უბრუნდებიან რა ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობას, ვალდებულების ნაცვლად, იძულებით მორჩილებენ. [ ] თავის მსჯელობაში რუსო გამოთქვამს მთელ რიგ მოსაზრებებს სახელმწიფოს მართვის თაობაზე. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მართვის სირთულე იზრდება მისი ტერიტორიის ზრდის შესაბამისად. სახელმწიფო თავისი ტერიტორიით არც ძალიან ვრცელი უნდა იყოს და არც ძალზე მცირე. ყოველ პოლიტიკურ კორპუსს აქვს ძალის მაქსიმუმი, რასაც მან არ უნდა გადააჭარბოს. ამ მაქსიმუმს იგი ზრდის გამო ხშირად სცილდება. ასეთია ამ ტრაქტატის ძირითადი შინაარსი, ტრაქტატისა, რომელიც ერთ-ერთი თეორიული საფუძველი გახდა საფრანგეთის რევოლუციისა. სიცოცხლის ბოლო წლებში რუსომ შექმნა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები აღსარება, რომელიც მსოფლიო მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია. ჟან ჟაკ რუსო გარდაიცვალა 1778 წლის 2 ივლისს. მისი ნეშტი განისვენებს პარიზის პანთეონში, ვოლტერის გვერდით. [ } ჟან ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულება პირველი თარგმანია ქართულ ენაზე, შესრულებულია ფრანგული დედნიდან J. J. Rousseau Du Contrat Social; La Renaissance du Livre, Ed. Mignot, Editeur, Paris. (თამაზ ბუაჩიძე) //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997. |
რწმენა | რწმენა - რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, მეორეული, გარედან შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ბაზისია და არა ზედნაშენი. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ანუ რწმენის უნარი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, - ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ განზომილება, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, მორალურობა, პოლიტიკურობა (მოქალაქეობრიობა). ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, ვითარებასთან ადაპტაცია ანუ იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) ორფეხა, ვერტიკალურად მავალი და მეტყველი არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება. თითოეული მახასიათებელი ყოფიერების განსაზღვრულ დარგს ქმნის: აზროვნება - მეცნიერებას (ფართო გაგებით), იარაღის მკეთებლობა ანუ, გნებავთ, თავის დაცვის იმპულსი - სტრატეგიასა და ტაქტიკას, პოლიტიკურობა - პიროვნებათა, კოლექტივთა, ერთა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ნაირფეროვნებას, მორალი - ეთიკას, ე.ი. ქცევის ნორმებს, რწმენა - რელიგიას... //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 რწმენა - ლათინურად credere, ანუ cor dare - გულის მიცემა. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006] |
რჯულის კანონი | რჯულის კანონი - სამოქალაქო კანონისგან განსხვავევით, რომელიც გარედან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას და მაიძულებელია, შიგნიდან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას - ის თავისუფალი მორჩილების ნაყოფია. თავად ეს ცნება - თავისუფალი მორჩილება - და ის, რაც მის უკან დგას, როდესაც ადამიანი ემორჩილება იმ კანონს, რომელიც მის ,,მეორე ბუნებად არის ქცეული, უცხო შეიქნა თანამედროვე ადამიანისთვის, იმისთვისაც კი, ვისაც მორწმუნედ მიაჩნია თავი. //კიკნაძე ზურაბ. ეკლესია და კანონი // თავისუფლება N1(13), იანვარი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003 |