სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

რუსო ჟან-ჟაკ

რუსო ჟან-ჟაკ - გამოჩენილი მოაზროვნე ჟან-ჟაკ ისააკის ძე რუსო დაიბადა 1712 წლის 28 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე - გრანდ რიუ, ჩვეულებრივ სახლში, ხელოსნის (მესაათის) ოჯახში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო შვეიცარია იყო, ათეულობით და, შეიძლება ითქვას, ასეულობით ავტორი მას ფრანგ მწერლად, განმანათლებლად, ფილოსოფოსად, კომპოზიტორად, ჰუმანისტად, ლიტერატორად, ენციკლოპედისტად, ფრანგი ერის გენიად მოიხსენიებს.
ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული, ფაქტის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსოს წინაპრები ფრანგები იყვნენ. დიდე რუსო საფრანგეთში ცნობილი წიგნებით მოვაჭრე იყო. იგი პროტესტანტულ სარწმუნოებას აღიარებდა და ამის გამო საფრანგეთის მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა 1550 წელს ქვეყნიდან გასახლება მიუსაჯეს. სწორედ მაშინ დასახლდა ჟან-ჟაკ რუსოს დიდი პაპა შვეიცარიაში და სამუდამოდაც დარჩა იქ. დიდე რუსოს ერთ-ერთი შვილი იყო დავითი, რომლის შვილიც იყო ისააკ რუსო (ჟან-ჟაკის მამა).
ჟან-ჟაკ რუსოს დედა, სუზანა ბერნარი, მის შობას გადაჰყვა. თვით რუსო, ცოცხალ-მკვდარი, მეტად სუსტი დაიბადა. მიუხედავად მამიდის მზრუნველობისა, თანდაყოლილმა სისუსტემ და ავადმყოფობამ მთელს მის სიცოცხლეს დააჩნია კვალი. გადამწყვეტი როლი მის აღზრდაში მისმა მამამ, ისააკმა შეასრულა. მან ადრიდანვე შეასწავლა შვილს წერა-კითხვა, შეაჩვია წიგნების კითხვას, თავმდაბლობას და ა.შ., თუმცა სხვადასხვა მიზეზების შედეგად, რუსოს დაკაცება უფრო მეტად თავისი დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში მოუხდა. აქ გამომჟღავნდა მისი, როგორც მოხეტიალის, თვისებებიც. უყვარდა მოგზაურობა, დაკვირვება ცხოველებსა და ბუნებაზე და არაჩვეულებრივად შეეძლო მოვლენების ქაღალდზე გადმოტანა. უყვარდა სუფთა ჰაერზე, ჩიტების ჭიკჭიკში წერა და კითხვა.
29 წლის ასაკში, 1741 წლის შემოდგომაზე, იგი საფრანგეთში (პარიზში) დასახლდა, სადაც გაიცნო გამოჩენილი ფრანგი განმანათლებლები, დენი დიდრო, დალამბერი და სხვა დიდი მოაზროვნენი, ენციკლოპედისტები. ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს კაფეებში თუ ბინებში და ილესავდნენ თავიანთ გონებას. ჟან-ჟაკ რუსოს ყოველთვის თან ჰქონდა უბის წიგნაკი, სადაც ასეთი შეხვედრების დროს უცაბედად გაჩენილ იდეებს ინიშნავდა.
ჟან-ჟაკ რუსო მითებით არ ცხოვრობდა. ყოველთვის სწორედ ბჭობდა იგი თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ბედნიერებას თვით ცხოვრებაში ეძებდა. მისი აზრით, ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ იჩაგრება. თუ მოცემულ ეტაპზე ადამიანი ვერ აღწევს ისეთ ბუნებრივ მოთხოვნას, როგორიც თავისუფლება და ბედნიერებაა, რუსოს მიხედვით, ეს მისი კი არა, არსებული საზოგადოებრივი წესწყობილების ბრალია. ამისათვის დროა საჭირო, ჩანს იდეა ადრე მომწიფებულა. თუ იდეა და სინამდვილე ერთმანეთს არ ეთანადება, მაშასადამე საამისო პირობები უნდა მომზადდეს.
როგორც ცნობილია, მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის 1789-1794 წლების დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ხერხემალი ჩაუმსხვრია ფეოდალიზმს. იმავე საუკუნემ დასაწყისიდან ამ მიზნის მიმღწევი იდეოლოგები და მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოც შობა, რომლის იდეებიც მოემსახურა საფრანგეთის რევოლუციას ფეოდალიზმის მოსპობისა და ბურჟუაზიული წყობილების შექმნის საქმეში.
რუსო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის სულიერი მამა იყო. კერძოდ, მისი ნაშრომი - “საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რევოლუციონერთა სახარებას წარმოადგენდა.
ჟან-ჟაკ რუსო თავისი შეხედულებებით, ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, პლებეების მხარეს იდგა. სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ იაკობინელები რუსოსეული რესპუბლიკის შექმნას. მათი ბელადი, რობესპიერი, სიტყვა-სიტყვით აცხადებდა, რომ “უმაღლესი ხელისუფლება მიეკუთვნება ხალხს. ხელისუფლება განუყოფელი და განუსხვისებელია.” ეს კი, ფაქტია, რუსოს შეხედულებათა ასლია არა მარტო იდეური გაგებით, არამედ რუსოსეული ტერმინოლოგიითაც.
ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებანი საფუძვლად დაედო არა მარტო საფრანგეთის 1789 წლის 26 აგვისტოს ცნობილ “ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას”, არამედ საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციასაც, რომლის პირველივე მუხლში წერია, რომ “სუვერენიტეტი მთლიანია, განუყოფელი, განუსხვისებელი; ის ეკუთვნის ხალხს”. დაახლოებით იმავეს იმეორებს სხვა სიტყვებში საფრანგეთის 1793 წლის კონსტიტუციაც.
ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობის დროს ახალი პოლიტიკური იდეების გამოთქმა საფრანგეთში საშიში იყო. ხშირად ასეთი ავტორს ბასტილიაში დაპატიმრება ემუქრებოდა. ამიტომ იმ ეპოქის მოღვაწენი ხშირად თავიანთ ნაშრომს ან გვარს არ აწერდნენ, ან ჰოლანდიაში ბეჭდავდნენ და ქვეყანაში საიდუმლოდ შემოჰქონდათ.
ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობა საფრანგეთში ლუდოვიკო XV-ის მეფობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, გრეხემის თქმით, მაშინაც საშიში იყო “ხმამაღალი ლაპარაკი”. მიუხედავად ამისა, რუსო მაინც გაბედულად და დაბეჯითებით ლაპარაკობდა საზოგადოებაზე და სამთავრობო ხელისუფლებაზე, როგორც არავინ მანამდე.
ჟან-ჟაკ რუსოს იდეები თავის ეპოქაში უდაოდ პროგრესული იყო. ამბობენ, რომ რუსოს ნაშრომებს უბით ატარებდნენ 1789-1794 წლებში პარიზის ბარიკადებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.
როგორც ცნობილია, ჟან-ჟაკ რუსომ მიიღო მხოლოდ დაწყებითი განათლება, ხოლო შემდეგ, დიდი ნიჭისა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის შედეგად, ღრმად დაეუფლა ფილოსოფიას, ლიტერატურას, ისტორიას, ბოტანიკას, მუსიკის თეორიას. რევოლუციამდელი ხელისუფალნი რუსოს დიდად სდევნიდნენ, კერძოდ, მისი წიგნები “საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ”, “ემილი, ანუ აღზრდის შესახებ”, პროფესორ უშანგი ობოლაძის გადმოცემით, “საეკლესიო ხელისუფალთა წარდგინებით ცეცხლს მისცეს პარიზშიც და ჟენევაშიც”. ამიტომ რუსოს არ ასცდა დევნა-გასახლებანი მაშინდელ ხელისუფალთაგან. რუსო მუდმივ სიღატაკესა და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 1778 წ. იგი პარიზიდან გადასახლდა მისგან 20 მილით დაშორებულ სოფელ ერმონვილში, სადაც იმავე წლის 2 ივლისს, 66 წლის ასაკში მოულოდნელად, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალა. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ თითქოს ჟან-ჟაკ რუსომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ეს მოსაზრება დღესაც სადავოა.
რუსო მეტად უპატივცემლოდ დაკრძალეს. მონარქიულმა წყობილებამ ეს მეტად დიდი ტვირთი მოიშორა. მთვარიან ღამეს მისი სხეული, ყოველგვარი თავყრილობის გარეშე, გაიტანეს სოფელ ერმონვილის პარკში და დაასაფლავეს ალვის ხეებს შორის. ეს სწორედ ისეთი მყუდრო და განყენებული ადგილი იყო, როგორიც რუსოს უყვარდა.
ჟან-ჟაკ რუსოს სხეული ამ ადგილზე იყო დაკრძალული საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციამდე, ხოლო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1794 წ., მისი ნეშტი, ქვემეხების გრიალით, ფანფარებისა და დაფდაფების ხმაურით, გამარჯვებულთა დიდი ზეიმით, მთავრობის განკარგულებით გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს პანთეონში.
ამ ამბავს მოესწრო მისი მეუღლე ტერეზა ლევასერი, რომელმაც რუსოსთან ერთად 34 წელი იცხოვრა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ 23 წელი იცოცხლა 1801 წლის 17 ივლისამდე, მაგრამ იდეურად დაბალ დონეზე ყოფნის გამო, მან მაინც ვერ გაიგო, თუ რატომ სდევნიდა ჟან-ჟაკ რუსოს ასე ძალიან რევოლუციამდელი მთავრობა, ხოლო რატომ აიყვანა იგი რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ ცამდე. თუნდაც მარტო ის.
//ერემოვი გრიგოლ. ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.

რუსო ჟან ჟაკ - შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, სულიერად მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია.
ჟან ჟაკ რუსო დაიბადა ჟენევაში1712 წლის 28 ივნისს მესაათის ოჯახში. ბავშვობისა და სიყრმის წლები გაჭირვებაში გაატარა. 1728 წელს მოუსვენარი რუსო მშობლიურ ჟენევას გამოეთხოვა. იგი ცხოვრობდა პარიზში, ტურინში, ლიონში, ლოზანში, ბერნში და ხან ოჯახის მასწავლებლობით ირჩენდა თავს, ხან ნოტების გადაწერით, ხან ლაქიად მუშაობით; ამ პერიოდში ის გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით, მუსიკით, გულმოდგინედ სწავლობს დეკარტის, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, მალბრანშის ფილოსოფიურ თხზულებებს.
1741 წელს რუსო პარიზს დაუბრუნდა და დაუახლოვდა ენციკლოპედისტებს, განსაკუთრებით დიდროს, რომლის წინადადებითაც რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ენციკლოპედიაში. ნელ-ნელა რუსომ თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფრანგ განმანათლებელთა შორის.
1749 წელს დიჟონის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ ამ აკადემიამ პირველი პრემია მიაკუთვნა რუსოს საკონკურსო შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის ძირითადი აზრი ასეთი იყო: ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, უდანაშაულო, მარტივი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია. მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანები თანდათან შორდებიან ბუნებას, მათ ურთიერთობაში ბატონდება ხელოვნურობა, პირფერობა. ადამიანში თავს იჩენს ეგოიზმი, ცინიზმი, ბოროტება; საზოგადოებაში აღარ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ფრანგი მოაზროვნე მოითხოვს ადამიანის დაახლოებას ბუნებასთან. ამ შრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს.
174 წელს რუსომ დიჟონის აკადემიას წარუდგინა მეორე საკონკურსო შრომა „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძვლების შესახებ“, რომელშიც ჩამოაყალიბა კონცეფცია საზოგადოებაში უთანასწორობის გაჩენის მიზეზების შესახებ. თხზულების ავტორი კვლავ ბუნებას ეთაყვანება და იმეორებს თავის აზრს იმის შესახებ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები თავისუფალი და პოლიტიკურად თანასწორნი არიან; არ არსებობს ბატონი - მჩაგვრელი, არ არსებობს მონა - ჩაგრული. თანდათანობით იარაღებისა და შრომის სრულყოფის პროცესში საფუძველი ეყრება ადამიანთა თანაცხოვრებას: მიწათმოქმედებაზე გადასვლა წარმოშობს უთანასწორობის მთავარ მიზეზს - კერძო საკუთრებას. რუსოს აზრით, ვინც პირველად მიწის ნაკვეთი შემოღობა და თქვა - ეს ჩემიაო, შემდეგ კი იპოვა ამ სიტყვების დამჯერი საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები, იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი შემქმნელი. რუსოს თანახმად კერძო საკუთრება არის უთანასწორობის საფუძველი. წარმოიშობიან მდიდარი და ღარიბები. მდიდრები ღარიბებთან დებენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო, ხელისუფლება. ეს შრომა გაცილებით მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონეა, მაგრამ მას პრემია არ მოჰყვა. სამაგიეროდ ავტორის პოპულარობა გაიზარდა.
1776 წელს რუსომ გამოაქვეყნა ეპისტოლარულ-ფილოსოფიური რომანი „იულია ანუ ახალი ელოიზა“, 1762 წელს კი - ფილოსოფიური რომანი „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“. ამ თხზულებებში კვლავ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის უპირატესობაზეა ლაპარაკი. რუსო გრძნობას და გონებას უპირისპირებს ერთმანეთს. განცდებს, ადამიანის შინაგან ცხოვრებას, ვნებებს ფრანგი მოაზროვნე ცივ განსჯაზე მაღლა აყენებს. ამ ფაქტში კარგად ჩანს ერთ დროს განმანათლებელ რუსოს ბრძოლა ფრანგული განმანათლებლობისვე წინააღმდეგ. შემთხვევითი როდი იყო მისი კონფლიქტი თავის ძველ მეგობრებთან - ენციკლოპედისტებთან.
1762 წელს გამოვიდა რუსოს ტრაქტატი „ საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“. წიგნის ავტორს აინტერესებდა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანთა ის კავშირი, ასოციაცია, რომელიც დაიცავდა პიროვნებას, მის საკუთრებას და ამავე დროს თანაცხოვრების პირობებში მას თავისუფლებას მიანიჭებდა. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ პირობად წიგნის ავტორს მიაჩნია ის, რომ ამ ასოციაციის ყოველი წევრი უარს ამბობს თავის ყველა უფლებაზე მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. აღარ არსებობენ კერძო ნებანი, აღარ არსებობენ ცალკეული ნებანი, არსებობს მხოლოდ საერთო, ზოგადი ნება. როცა ადამიანს საკუთარი გულისთქმა ალაპარაკებს, ის მონაა, როცა ემორჩილება კანონს, რომელიც თავის თავს თვითონ დაუწესა, ის თავისუფალია. საზოგადოებრივი ხელშეკრულების წყალობით ინსტინქტი სამართლიანობად, ხოლო ბუნებრივი მისწრაფებები უფლებად და მოვალეობად გადაიქცევა. ცალკეული პიროვნება იძულებით კი არა, თავისი საკუთარი არჩევანის საფუძველზე აბატონებს ხალხის სუვერენობას და იმავდროულად მთელი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ამგვარად მიიღწევა საზოგადოებრივი კავშირის მთავარი მიზნები.
რუსო საგანგებოდ იკვლევს, თუ რა არის ის უდიდესი სიკეთე, რაც ნებისმიერი საკანონმდებლო სისტემის მიზანი უნდა იყოს. მისი მტკიცებით, ამ სიკეთეს ორი უმთავრესი რამ განაპირობებს - თავისუფლება და თანასწორობა. თავისუფლება - რადგან ყოველი კერძო დამოკიდებულება სახელმწიფო კორპუსისათვის რაღაც ძალის წართმევის ტოლფასია; თანასწორობა, რადგან თავისუფლებას არ ძალუძს თანასწორობის გარეშე არსებობა.
რუსოს თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ნაკლოვანებები ის მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რათა უფრო სრულყოფილ კანონმდებლობას ხორცი შეესხას. რუსო ასევე გვაფრთხილებს, რომ ყოველი კარგი კანონმდებლობის მიზნები თითოეულ ქვეყანაში უნდა იცვლებოდეს იმ დამოკიდებულებათა შესაბამისად, რომლებსაც ადგილ-მდებარეობის ხასიათი ისევე განაპირობებს, როგორც მის ბინადართა ხასიათი: „სწორედ ამ მიმართებათა საფუძველზე უნდა განესაზღვროს ყოველ ხალხს განსაკუთრებული საკანონმდებლო სისტემა, შესაძლოა, ზოგადად არც საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო იმ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც არის იგი განკუთვნილი“. რუსოს აზრით, ყველა ხალხისთვის საერთო წესებს გარდა, ყოველ ხალხს აქვს თავისებურებები, ის თავის თავში ატარებს რაღაც ისეთს, რაც მის კანონმდებლობას მხოლოდ მისთვის გამოსადეგსა ხდის. რუსოს თანახმად კონსტიტუციის სრულყოფის კრიტერიუმი შეიძლება მხოლოდ ბუნებრივ მიმართებებთან მისი შესატყვისობა იყოს. თავისთავად რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს კანონები, მათი გამოცემა ბრძენ კანონმდებელს არ შეუძლია, სანამ წინასწარ არ გაარკვევს, შეუძლია თუ არა ხალხს, ვისთვისაც განკუთვნილია კანონები, მათი შესრულება. ამიტომ, სანამ ხალხებს კანონებს დაუქვემდებარებ, „ჯერ მათი სიმწიფის დადგომას უნდა დაელოდო. თუ მას ვერ ეღირსე, მთელი გარჯა ამაო იქნება“.
რუსოს მტკიცებით, ხალხს მის პირველად თავისუფლებას მხოლოდ მმართველობის ბოროტად გამოყენება ართმევს, და არა საზოგადოების განვითარების შინაგანი აუცილებლობა. როდესაც მმართველობა თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უმაღლესი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა და რიგითი მოქალაქეები კანონით უბრუნდებიან რა ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობას, ვალდებულების ნაცვლად, იძულებით მორჩილებენ. […]
თავის მსჯელობაში რუსო გამოთქვამს მთელ რიგ მოსაზრებებს სახელმწიფოს მართვის თაობაზე. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მართვის სირთულე იზრდება მისი ტერიტორიის ზრდის შესაბამისად. სახელმწიფო თავისი ტერიტორიით არც ძალიან ვრცელი უნდა იყოს და არც ძალზე მცირე. „ყოველ პოლიტიკურ კორპუსს აქვს ძალის მაქსიმუმი, რასაც მან არ უნდა გადააჭარბოს. ამ მაქსიმუმს იგი ზრდის გამო ხშირად სცილდება“.
ასეთია ამ ტრაქტატის ძირითადი შინაარსი, ტრაქტატისა, რომელიც ერთ-ერთი თეორიული საფუძველი გახდა საფრანგეთის რევოლუციისა. სიცოცხლის ბოლო წლებში რუსომ შექმნა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „აღსარება“, რომელიც მსოფლიო მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია. ჟან ჟაკ რუსო გარდაიცვალა 1778 წლის 2 ივლისს. მისი ნეშტი განისვენებს პარიზის პანთეონში, ვოლტერის გვერდით. […}
ჟან ჟაკ რუსოს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ პირველი თარგმანია ქართულ ენაზე, შესრულებულია ფრანგული დედნიდან J. J. Rousseau „Du Contrat Social“; La Renaissance du Livre, Ed. Mignot, Editeur, Paris. (თამაზ ბუაჩიძე)
//რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა