სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 6 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ჯამაათ-ე-ისლამი ჯამაათ-ე-ისლამი - პაკისტანის უმსხვილეს ისალმური რადიკალიზმით გამორჩეულ პარტია. პარტიის იდეოლოგიურ მრწამს წარმოადგენს ,,ისლამური ძმების” (იჰვან-ულ-მუსლიმენ) რელიგიურ-პოლიტიკური იდეები, ხოლო 1941 წელს მისი ფუძემდებელი იყო ცნობილი ისლამის თეოლოგი აბულ-ალა მაუდიდი.აღნიშნული ისლამური პარტიის გავლენა ქვეყანაში საკმაოდ სოლიდურია, თუმცა მათ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა არ აღემატებოდა 6%-ს. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ჯამია-ულ-ისლამია ჯამია-ულ-ისლამია - პაკისტანის უმსხვილეს ისალმური რადიკალიზმით გამორჩეულ პარტია. პარტიის რელიგიურ-იდეოლოგიურ ბაზას შეადგენს სუნიტური ისლამის ჰანაფიტური მიმდინარეობის დეობანდური სკოლის პრინციპები, რომლებსაც ასევე იზიარებს თალიბანის მოძრაობის წევრებიც, აღნიშნული ისლამური პარტიის გავლენა ქვეყანაში საკმაოდ სოლიდურია, თუმცა მათ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა არ აღემატებოდა 6%-ს. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა - Due process clause - აშშ-ს კონსტიტუციის დებულება, რომელიც უკრძალავს მთავრობას თვითნებურად, ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე შეზღუდოს ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და საკუთრებაზე. აშშ-ს კონსტიტუცია შეიცავს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის ორ კლაუზულას. პირველი, რომელსაც კონსტიტუციის მე-5 შესწორება შეიცავს, შეეხება ფედერალურ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მე-14 შესწორებაშია წარმოდგენილი და ვრცელდება შტატებზე (თუმცა ინკორპორაციის დოქტრინის წყალობით მე-5 შესწორებით გათვალისწინებული ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულა ასევე ვრცელდება შტატებზე). არსებობს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის დაცვის ორი კომპონენტი: 1) მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა და 2) პროცესუალურსამართლებრივი პროცედურა. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით უზრუნველყოფილი დაცვა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე ვრცელდება როგორიცაა რელიგიის, სიტყვისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოების თავისუფლებები. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურა არის აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი. მატერიალურ-სამართლებრივი პროცედურით დაცული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურა არის გარანტია, რომ იარსებებს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას უფლებების თვითნებური შეზღუდვისაგან. მაგალითად, პროცესუალურ-სამართლებრივი პროცედურის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლების შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს მოსმენის გარეშე. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ჯეფერსონი თომას ჯეფერსონი თომას (13. IV. 1743, შედუელი, - 4. VII. 1826, მონტისელო) - ამერიკელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დედის მხრიდან ვირჯინიელი მდიდარი მიწათმფლობელის ოჯახიდან იყო. მრავალმხრივი განათლება მიიღო. 1769-74 ვირჯინიას საკანონმდებლო კრების დეპუტატი. 1775 კონტინენტური კონგრესის (რომლის გადაწყვეტილებით ჩრდ. ამერიკის კოლონიები ინგლისს გამოეყო) დეპუტატად აირჩიეს. ჯეფერსონი დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) ავტორია. მასვე ეკუთვნის ,,სტატუსი რელიგიური თავისუფლებისათვის“, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფაზე. 1784 ჯეფერსონმა კონგრესს შესთავაზა დასავლეთის მიწების ნაციონალიზაცია და მონობის გაუქმება აშშ-ში ახალგაერთიანებულ ყველა შტატში, მაგრამ მონობა მხოლოდ ჩრდ.-დას. ნაწილში გაუქმდა. 1779-81 ვირჯინიას გუბერნატორი, 1785-89 აშშის ელჩი პარიზში, 1790-93 აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯ. ვაშინგტონის პირველ მთავრობაში. ჯეფერსონი XVIII ს. განმანათლებელთა მემარცხენე რევოლუციის ფრთის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, გამოხატავდა ფერმერთა და წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს, მოითხოვდა აგრ. საკითხის დემოკრ. გადაწყვეტას, მონობის გაუქმებასა და მთელი ხალხისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას. ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა ფედერალისტების პარტიის ლიდერ ა. ჰემილტონთან, რომელიც ჩრდ. აღმოსავლეთის მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდა. ვაშინგტონის მთავრობასთან უთანხმოების გამო ჯეფერსონი გადადგა და სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას. 1796 წ. ვიცე-სპიკერად აირჩიეს, ხოლო 1801-09 - აშშ-ს პრეზიდენტად. მისი მთავრობის დროს გაუქმდა წინა მთავრობის მიერ მიღებული რეაქციული კანონები, შემცირდა არმია და ფლოტი, სახელმწიფო აპარატი. საფრანგეთისაგან შეიძინა ლუიზიანა (1803) და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან (1808-09) . პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. აშშ-ის პროგ. ძალები ჯეფერსონის საუკეთესო ტრადიციებს იყენებენ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.(ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11. გვ. 556)
ჯვარი ჯვარი - თეოლოგიური თვალსაწიერით, არის მსხვერპლი - მაცხოვრის ქველმოქმედება და ვნება. საბოლოო ჯამში, ჟვრად ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების სისავსე გაიაზრება. მისი სიმბოლოა სასმისი და დაკლული კრავი. გავიხსენოთ სამების ხატები, კერძოდ, ანდრია რუბლიოვის ,,სამება“, სადაც ტრაპეზზე წარმოდგენილია თასი ზვარაკის თავითურთ, რაც მიანიშნებს, რომ ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის გარდუვალობა განჭვრეტილი, განჩინებული და უწყებული იყო წინასწარ, დასაბამშივე. სწორედ ამ მსხვერპლს გულისხმობდა მოძღვარი, როდესაც ამბობდა: ,,მამაო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ სასუმელი ესე“ (მათე 26:39). ეს სასმისი არის იგივე ჯვარი, რაზეც ნებაყოფლობით დაემსჭვალა ქრისტე, ხოლო ჟვარცმის წინასახე და წინასწარმეტყველება - საპასექო კრავი და, ზოგადად, ძველი აღთქმის მსხვერპლი, რომელმაც რეალური სახე გოლგოთაზე მიიღო. იოანე ღვთისმეტყველის ,,გამოცხადების’’ თანახმად, ესაა ,,კრავი დაკლული უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (გამოცხ. 13:8), რაც ცხადყოფს ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ზვარაკის, ჯვარცმის, ვნებისა და სიკვდილის წინაგანგებულებას. ამის საფუძველზე შემუშავდა დოგმა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჟვრის ხელთუქმნელობისა; იგი გაიგივდა მარადიულ სასმისთან, რომელიც ამქვეყნად უნდა ,,შეესვა“ ქრისტეს (მათე 20:22; 26:39; იოანე 18:11). ჯვარი ითვლებოდა დასჯის იარაღად უმძიმესი დანაშაულისათვის. იგი, სახეობრივად რომ ვთქვათ, ირეკლავდა საზოგადოების ზნედაცემულ ფენას და წარმოადგენდა ცხოვრების ჭაობს. უფრო სწორად, ჭაობის ჭენჭყობს, სადაც არა ერთი და ორი პიროვნება ჩაძირულიყო. თუკი ვინმე მოისურვებდა მათ გადარჩენას, უნდა ჩასულიყო იქ, ჩაესუნთქა მყრალი ჰაერი და ეგემა დამპალი ბალახები. ეს ტვირთი თავს იდო იესო ქრისტემ, ,,რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის...“ ამით მან ადამის შვილებს ცხოვრების ხესთან მისასვლელი გზა გაუხსნა. ჯვარი თავადაა უკვდავების ხე. გავიხსენოთ ,,ცხოვრების ხე“, რომელიც შემდგომ, ცოდვით დაცემის გამო, ადამიანის თვალს მიეფარა (დაბ. 3:24). წუთისოფელში მხოლოდ მისი ძალის აღორძინებას შეეძლო სიკვდილის დათრგუნვა... და რადგან ჯვარი არის უკვდავების ხე, მასზე დამსჭვალვის შედეგად მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ამის გამო ყოველმა, ვისაც სურს ცხონება, ეს გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე დადგომა ნიშნავს ქრისტესთან, მის სიკვდილთან, ,,მასში სიკვდილთან“ ზიარებას, წილის დადებას. ეს იდეალი, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ჯვაროსნები ჯვაროსნები - ცნობილი მეომრები, რომელთაც ტანსაცმელზე ჯვარი ჰქონდათ მიკერებული. მათი მიზანი ბიზანტიის სამფლობელოებისა და წმიდა ადგილების, განსაკუთრებით ქრისტეს საფლავის, თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლება იყო. პაპმა ურბან II, ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის საფუძველზე, 1095 წლის 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების საზეიმო დახურვის ცერემონიალზე შეკრებილ ზღვა ხალხს ასეთი მოწოდებით მიმართა: ,,გასწიეთ წმიდა საფლავისაკენ, გაათავისუფლეთ წარმართებისაგან და დაიმორჩილეთ ეს მხარე. იქაურ მიწას რძე და თაფლი სდის. იერუსალიმი უნაყოფიერესი მხარეა. იგი არის დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე. გიწვევთ იგი მიწა. ელოდება გათავისუფლებას და განუწყვეტლივ გემუდარებათ დახმარებისათვის’’. ამ სიტყვამ მსმენელები აღაფრთოვანა და რაზმების ჩამოყალიბება იმავე დღიდან დაიწყო. ჯვაროსანთა პირველი ლაშქარი აღმოსავლეთისაკენ 1096 წლის გაზაფხულზე დაიძრა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა