სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 


შედეგი: ნაპოვნია 17 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ლაამ-ი ლაამ-ი - (ლევო-ალფა აცეტილ მეტადოლი) სინთეზური ოპიოიდია. მეტადონის მსგავსად, ლაამ-ი ამუხრუჭებს ოპიოიდებისადმი მიდრეკილებას და მათი მოხსნის ეფექტებს. ლაამ-ი ძალიან ნელა შეიწოვება, ამგვარად პაციენტებს ესაჭიროებათ მისი მიღება 48 ან 72 საათის შუალედებით, მაშინ როდესაც მეტადონი მიიღება ყოველდღიურად. ლაამ-ს ასევე ახასიათებს მოქმედების შენელებული დასაწყისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთებს შეიძლება აღენიშნებოდეს მოხსნის ეფექტი. ამ ეფექტის კომპენსირებისათვის შესაძლებელია ლაამ-ისა და მეტადონის ერთდროული მიღება მანამ, სანამ ლაამ-ი არ მაღწევს მეტადონის შეწყვეტისათვის საკმარის დონეს. //მეტადონის შესახებ : [საინფ. ბროშურა] - მე-2 გამოც. - [თბ., 2006]
ლემონის ტესტი ლემონის ტესტი - საქმეში ლემონი კურცმანის წინააღმდეგ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებული სამელემენტიანი ტესტი. ტესტის მიხედვით აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დაწესების კლაუზულის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის კანონს უნდა ჰქონდეს 1) საერო მიზანი, 2) რელიგიის არც მხარდაჭერის და არც დაბრკოლების ძირითადი ან პირდაპირი შედეგი, 3) არ უნდა იწვევდეს ზედმეტად მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
ლენინი - ვლადიმერ ილია ძე ულიანოვი ლენინი - ვლადიმერ ილია ძე ულიანოვი - (10.06.1870, სიმბირსკი – 21.01.1924 მოსკოვი) პროლეტარული რევოლუციონერი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის საქმის განმგრძობი. იგი იყო საბჭოთა კავშირის დამაარსებელი და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი. 1891 წ. ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო.1892 წელის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. გერმანულიდან რუსულ ენეაზე თარგმნა კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ,,ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“. 1894 წელს ლენინმა დაწერა ,,რანი არიან ხალხის მეგობრები და როგორ ომობენ ისინი სოციალ - დემოკრატების წინააღმდეგ?“ 1897 წელს ლენინი სამი წლით გადაასახლეს ციმბირში ენისეის გუბერნიაში, მინუსინსკის ოკრუგის სოფ. შუშანსკოეში. ასევე რევოლუციური მოძრაობისთვის ციმბირში გადაასახლეს მისი საცოლე ნ. კრუპსკაია და მას ნება დართეს სასჯელი სოფ. შუშანსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ. გადასახლებაში ლენინმა 30-ზე მეტი შრომა დაწერა. 1900 – 05 წლებში ლენინი მიუნხენში, ლონდონსა და ჟენევაში ცხოვრობდა. 1901 წლის დეკემბერში ,,ისკრაში“ დაბეჭდილ ტავის ერთ-ერთ სტატიას მან პირველად მოაწერა ფსევდონიმი ლენინი (მას ჰქონდა სხვა ფსევდონიმებიც: ვ. ილინი, ვ. ფრეი, ივ. პეტროვი და სხვ.). ახ. ტიპის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ნაშრომს ,,რა ვაკეთოთ?“ (1902). 1903 წ. შექმნა ახალი ტიპის მარქსისტული პარტია , ,,ბოლშევიზმი, როგორც პოლიტიკური აზროვნების მიმდინარეობა და როგორც პოლიტიკური პარტია“. ლენინი იყო არა მარტო რუსეთის, არამედ საერთაშორისო მოძრაობის ბელადი. 1919 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა III კომუნისტური ინტერნაციონალი. ლენინი გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს, მისი ბალზამირებული ნეშტი 27 იანვარს მოათავსეს სპეციალურად აგებულ მავზოელუმში. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.6, გვ. 178-184.)
ლერნერის ინდექსი ლერნერის ინდექსი - ძირითადი ინდიკატორი, რომლებითაც შეიძლება შეფასდეს ბაზარზე კომპანიების მონოპოლიური ძალაუფლება. ლერნერის ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად მეტ მოგებას იღებს კონკრეტული მონოპოლიური საწარმო იმასთან შედარებით, რასაც ის სამართლიანი კონკურენციის პირობებში მიიღებდა. ამ ინდექსით შეიძლება კონკრეტული მონოპოლიის მიერ ,,ბაზრის დამახინჯების” დონის შეფასება; //ნატროშვილი გიორგი. საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზების ძიება // ახალი აზრი, Ή 7 (13),– ნოემბერი,–2003
ლიბერალური ფემინიზმი ლიბერალური ფემინიზმი - ეყრდნობა დებულებას, რომ ქალთა ჩაგვრა და გენდერული უთანასწორობა არის სექსიზმისა და დისკრიმინაციის შედეგი, ანუ ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს, ან მამაკაცებთან მათი თანასწორი შეჯიბრის გამართვას ხელს უშლის გარკვეული ბარიერები. ლიბერალური ფემინიზმის აზრით, გენდერული უთანასწორობა შეიძლება შეიცვალოს კანონების, დამოკიდებულებების, პოლიტიკური ცვლილებით, აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებზე, ქალებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, რაც მამაკაცებს. ლიბერალური ფემინიზმი არ მიისწრაფვის საზოგადოების ფუნდამენტური ცვლილებისაკენ, მას მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმების გატარებს სურს. პოლიტიკასთან მიმართებაში, მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა თანაბარი წარმოდგენა პოლიტიკურ სტრუქტურებში. არსებულ არათანასწორ სიტუაციას ეს მიმდინარეობა იმით ხსნის, რომ ქალების საშინაო შრომა სათანადოდ არ ფასდება და მიიჩნევს, რომ ძალაუფლების ფორმალურ სრუქტურებზე ქალების უბრალო „დამატება“ არ არის საკმარისი მამაკაცების დროებითი შექმნილი პოლიტიკური ინსტიტუტების შესაცვლელად. //ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ლიბიდო ლიბიდო - ფსიქოანალიზის ერთ-ერთი საკვანძო ცნება. დასაწყისში ითვლებოდა ფსიქიკურ ენერგიად, რომელიც ინდივიდის ყოველგვარი სექსუალური გამოვლენის საფუძველს წარმოადგენს. გამოყენებული იყო როგორც სქესობრივი ლტოლვის სინონიმი. მოგვიანებით ფროიდი ამ ცნებას იყენებდა როგორც სიცოცხლისადმი ლტოლვის (ეროსი) სინონიმს. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ლივრი ლივრი - ძველებური ფრანგული ვერცხლის ფული, ფრანკის შემოღებამდე. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ლიზინგი ლიზინგი - ,,ლიზინგი”-ს (ინგლისურიდან ,,lease”-ქირით გაცემა) შემოღება უკავშირდება სატელეფონო კომპანია ,,ბული”-ს მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. მისმა ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა თავისი სატელეფონო აპარატები, არამედ გაეცა იჯარით. თუმცა პირველი საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობის საფუძველიც გახდა ლიზინგური ოპერაციები, შეიქმნა 1952 წელს, სან-ფრანცისკოში. ეს იყო კომპანია ,,იუნაითედ სთეითს იზინგ კორპორეიშნ” (ჰენრი შონფელდი), და ამდენად აშშ გახდა ახალი ბიზნესის, კერძოდ საბანკო ბიზნესის სამშობლო. მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი ,,ლიზინგი” გამოიყენება როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს: მოკლევადიანი იჯარა-რენტინგი (ერთი დღიდან ერთ წლამდე); საშუალო ვადიანი იჯარა-ხაირინგი (1-დან 3 წლამდე); გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი (3-დან 20 წლამდე და მეტი). ამიტომ ლიზინგის ქვეშ მოიაზრება მანქანებისა და მოწყობილობების გრძელვადიანი იჯარა ან მანქანებისა და მოწყობილობების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ნაყიდია იჯარის გამცემის მიერ მოიჯარისათვის სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის და რომელზეც საკუთრების უფლებას იჯარის მთელი ვადის მანძილზე ინარჩუნებს მეიჯარე. ამის გარდა, ლიზინგი შეიძლება განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიების (რომლებიც მოიპოვებს მესამე პირისათვის ქონებას და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით) შუამავლობით ძირითად ფონდებში დაბანდებების ფინანსირების სპეციფიკური ფორმა. ამგვარად, ლიზინგური კომპანია ფაქტიურად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს, ამიტომ ლიზინგი ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ,,კრედიტი-იჯარა”. განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება საქონელზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ლიზინგს აქვს მსგავსება კრედიტთან, რომელიც გაცემულია მოწყობილობის შესაძენად. კრედიტის დროს ძირითად ფონდებში მსესხებელს ვალების დასაფარავად შეაქვს გადასახადები დადგენილ ვადებში. ამასთან ბანკი კრედიტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას დაკრედიტებულ ობიექტზე სესხის სრულ დაბრუნებამდე. ლიზინგის დროს მოიჯარე ხდება იჯარით აღებული ობიექტის მესაკუთრედ მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და საიჯარო ქონების ღირებულების სრულ გადახდამდე. თუმცა ამგვარი მსგავსება დამახასიათებელია მხოლოდ ფინანსური ლიზინგისათვის, ლიზინგის მეორე სახე-ოპერატიული ლიზინგი ხასიათდება კლასიკურ იჯარასთან დიდი მსგავსებით. თავისი იურიდიული ბუნებით, ლიზინგური გარიგება ითვლება საინვესტიციო ფასეულობების გრძელვადიანი იჯარის თავისებურ სახედ. ლიზინგური ოპერაციების ზუსტ განსაზღვრას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კანონით დადგენილი მისი გაფორმების ფორმის დაუცველობისას, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლიზინგურ გარიგებად, რაც ოპერაციის მონაწილეებისათვის გამოიწვევს არასასურველ ფინანსურ შედეგებს. ლიზინგის გამცემი არ ეყრდნობა აინაზღაუროს ყველა თავისი დანახარჯი ერთი ლიზინგის მიმღებისაგან შემოსული სალიზინგო გადასახადის ხარჯზე; ლიზინგური ხელშეკრულება, როგორც წესი, იდება 2-5 წლით. რაც გაცილებით ცოტაა მოწყობილობის ფიზიკური ცვეთის ვადაზე და შეიძლება ლიზინგის მიმღების მიერ ნებისმიერ დროს შეწყდეს; //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი Ή 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
ლიზინგის ობიექტი ლიზინგის ობიექტი - ლიზინგურ გარიგებათა ობიექტი შეიძლება იყოს მატერიალურ ფასეულობათა ნებისმიერი სახე, თუ ის არ ნადგურდება წარმოების პროცესში. იჯარის ობიექტის ბუნებიდან გამომდინარე ანსხვავებენ მოძრავი და უძრავი ქონების ლიზინგს. //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი Ή 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
ლიზინგის სუბიექტი ლიზინგის სუბიექტი - ლიზინგური გარიგების სუბიექტებს წარმოადგენენ მხარეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ლიზინგის ობიექტთან. ისინი შეიძლება დავყოთ პირდაპირ და არაპირდაპირ მონაწილეებად. //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი Ή 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
ლიზინგური ოპერაციების სახეები ლიზინგური ოპერაციების სახეები - ლიზინგური მომსახურების თანამედროვე ბაზარი ხასიათდება ლიზინგის ფორმის, ლიზინგური კონტრაქტების მოდელების და ლიზინგური ოპერაციების მარეგულირებული იურიდიული ნორმების მრავალგვარობით. ლიზინგის ძირითადი ფორმები შეიძლება გაერთიანდეს ორ ძირითად სახედ - ოპერატიული და ფინანსური ლიზინგი. //ჯანხოთელი შორენა, ლიზინგი // ალმანახი Ή 5, – [სამოქალაქო სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. –1998.
ლიკურგე ლიკურგე - (ძვ. წ. IX-VIII ს.) სპარტის ლეგენდარული კანონმდებელი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ლიქტორები ლიქტორები - ძველ რომში: უმაღლესი თანამდებობის პირთა (კონსულების, დიქტატორების) თანმხლები პირები; ლიქტორებს ევალებოდათ სასჯელის სისრულეში მოყვანა; ამიტომ დაჰქონდათ თან წკეპლების კონა. ლიქტორები გააზატებულნი იყვნენ. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ლტოლვილი ლტოლვილი - ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი, რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის, უცხოური დომინაციის ან მისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საჯარო წესრიგის სერიოზულად ხელმყოფი მოვლენების გამო იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და თავშესაფარი ეძიოს თავისი წარმოშობის ან ეროვნების ქვეყნის გარეთ //პაპუაშვილი გიორგი. ქონების რესტიტუციის საკითხი საქართველოში ორიბლემები და პერსპექტივები // ალმანახი Ή4 [ჰუმანიტარული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1998
ლუთერანიზმი ლუთერანიზმი - 1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში - პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში ლუთერანიზმის სახელი მიიღო. გერმანელი ხალხისათვის ეს არა მარტო რელიგიური რეფორმა, არამედ ეროვნული მოძრაობის ტოლფასი მოვლენა იყო, რომელსაც გერმანული არისტოკრატიის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. ლუთერი რიმელმაც თავისი მოძღვრება, ძირითადად პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს საფუძველზე ააგო, და რომელმაც პირველად თარგმნა წმინდა წერილი ლათინურიდან გერმანულად, წინა პლანზე წამოსწია რწმენის ფაქტორი, ხოლო გონებრივი, აზრობრივი მომენტი მეორეხარისხოვნად მიიჩნია. იგი საერთოდ უარყოფდა ყოველგვარ სქოლასტიკას. მისი აზრით, სადაც გონება და სწავლა გაერეოდა, იქ რწმენა იკარგებოდა. ლუთერი აკრიტიკებდა კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ სტრუქტურას, პომპეზურ რიტუალებს და დოგმატურ-სქოლასტიკურ სისტემას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, მხოლოდ პაპისა და სამღვდელოების შუამავლობით იყო დასაშვები. ლუთერი გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას, როგორც სამარცხვინო ფაქტს ყოველი ქრისტიანისათვის, რომელიც მდიდარს საშუალებას აძლევდა ფულით გამოესყიდა ცოდვები, უქონელი კი ამის საშუალებას მოკლებული იყო. ლუთერისათვის ყველაფრის საწყისს შინაგანი რწმენა წარმოადგენდა, რომლის თანახმად, თითოეულ ადამიანში არის ღვთის მადლი, ადამიანს შეუძლია პირდაპირი, უშუალო კავშირი ჰქონდეს ღმერთთან და ყველას შეუძლია თავის თავის მღვდელი იყოს, რადგან ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ისევე ძლიერია, როგორც თავად იესო ქრისტე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარტინ ლუთერი ნამდვილად პირველადი სარწმუნეობის ერთგული მიმდევარი და ხალხზე მზრუნველი ადამიანია, რომ არა ორი საჩოთირო მომენტი: ლუთერი სასტიკად დაუპირისპირდა სახალხო მოძრაობას ტომას მიუნცერის (ეს უკანასკნელი ლუთერს თავის სულიერ მამად და მასწავლებლად თვლიდა) მეთაურობით, რომელიც არა მარტო რომის დიქტატის, არამედ ადგილობრივი ფეოდალური ელიტის წინააღმდეგაც იყო მიმართული; იგი აშკარად მოუწოდებდა მეამბოხე გლეხობის დაუნდობელი გაჟლეტისაკენ და საერთოდ, ლუთერისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ადამიანთა უფლებრივ თანასწორობაზე საუბარიც კი. და მეორე, ცნობილია ლუთერის სრული შეურიგებლობა ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ, თანამორწმუნეებისგანაც კი; და ეს იმ დროს, როდესაც თვითონ კათოლიკურ დოგმატიზმს ებრძოდა. აღსანიშნავია ჰეგელის მოსაზრება იმაზე, რომ ცხოვრებისა და აზროვნების ლუთერისეული წესი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბურჟუას ცხოვრებისა და აზროვნების წესისაგან. ყოველივე ამის შემდეგ ძნელია ბოლომდე ირწმუნო ლუთერის მისწრაფება უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ და ეჭვი არ შეგეპაროს მის გულწრფელობაში. //დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი
ლუი IX ლუი IX - (1214-1270) საფრანგეთის მეფე, მეტსახელად „წმინდა“. კაპეტინგების დინასტიიის წარმომადგენელი. მისმა დადგენილებებმა ხელი შეუწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებას, ფეოდალური დაქუცმაცებულობისა და ანარქიის დაძლევას. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ლუი XIII ლუი XIII - (1601-1643) მეტსახელად „სამართლიანი“, საფრანგეთის მეფე, ანრი IV-ისა და მარია მედიჩის ვაჟი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა