სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 6 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
წამება წამება -განსაკუთრებულად არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ინფორმაციის ან აღიარებითი ჩვენების მოპოვების, ან დასჯის მიზნით ხორციელდება და, საზოგადოდ, არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს გამოვლინებას წარმოადგენს. //ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005. წამება - გაეროს გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია: ,,ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ეს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისაგან“. //შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003. წამება - წამებას წარმოადგენს: ● სასტიკი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება, ● ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება, ● ცალკეული მიზნის განხორციელება, როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება. //რეიდი აისლინგ. წამების აკრძალვა : ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელება : გზამკვლევი / [ავტ.: აისლინგ რეიდი ; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ. ; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005]
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - ექსპერტთა ორგანო, რომლის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ კონვენციის მონაწილე ქვეყნები და მათ ამტკიცებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი. მასში გაერთიანებულნი არიან მაღალზნეობრივი და პრინციპული ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი პროფესიული გამოცდილება ან განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კომიტეტის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა მათ შორის იურისტები და ექიმები ჭარბობენ. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ,,წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ” ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. //ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. ეს კომიტეტი ღებულობს პერიოდულ ანგარიშებს კონვენციის ხელისმომწერი სახელმწიფოებისგან და ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დასაბუთებულ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის ხელისმომწერი ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი წამების შემთხვევებს. //ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002 წამების საწინააღმდეგო კომიტეტის - კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები. კომიტეტს აქვს უფლება დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, სამხედრო ნაწილების შესაბამის დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა გაეცნოს იქ მყოფ პირთა მდგომარეობას. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე მიმართოს ინფორმაციისათვის ნებისმიერ პირს ან არასამთავრობო ორგანიზაციას. კომიტეტი ახორციელებს გეგმიურ ან საგანგებო ვიზიტებს ევროსაბჭოს ქვეყნებში, რომელთა მიხედვით აწვდის შესაბამის მთავრობას მოხსენებას, რომელიც შეიცავს კომენტარებსა და რეკომენდაციებს. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გამოთქვას სურვილი მიიღოს სახელმწიფოსაგან დამატებითი ინფორმაცია. მოხსენებასთან დაკავშირებით მოცემულ სახელმწიფოს სთავაზობენ 6 თვის განმავლობაში მოამზადოს პასუხები წინასწარი ფორმით, ხოლო 12 თვის განმავლობაში - ვრცელი ფორმით. კომიტეტის მოხსენებაც და სახელმწიფოს პასუხები კონფიდენციალურია, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფოები ახდენენ ამ მასალების გამოქვეყნებას. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
წიგნიერი წიგნიერი - (რუსულად ,,Γπΰμξςνϋι“, ინგლისურად ,,Literate”): 1. წერა-კითხვის მცოდნე. 2. ღრმად განსწავლული, განათლებული ადამიანი. წიგნიერების დღეისათვის არსებული განმარტებები, რამდენიმე განზომილებაში, ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითად, ზოგი მიიჩნევს. რომ წიგნიერება სტატიკური და აბსოლურურია. თუ თქვენ შეძელით საკუთარი სახელის დაწერა ან დაასრულეთ დაწყებითი სკოლა, წიგნიერად ჩაითვლებით. პედაგოგთა, მკვლევართა, ორგანიზაციათა უმრავლესობისათვის, წიგნიერება დინამიური და რელატიურია. მათი აზრით, წიგნიერება უნდა განისაზღვროს მოცემულ ფონქციონალური კონტექსტში, რომელიც განსხვავებული სხვადასხვა კულტურასა და დროში. ზოგიერთი განმარტების მიხედვით, წიგნიერება სხვა სააზროვნო უნარებსაც აერთიანებს, როგორიცაა ანგარიში ან პრობლემის გადაჭრა. //წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
წინასწარგანწყობა წინასწარგანწყობა - [ინგ. prejudice] 1) პირდაპირი მნიშვნელობით იგულისხმება „წინასწარგანსჯის“ აქტი; შეხედულების ჩამოყალიბება საკმარისი ინფორმაციის მოძიებამდე, წინარეკონცეფცია; მისი არსებობა შესაძლებელია ნებისმიერი საგნის, მოვლენის, პიროვნების, იდეისა და ა.შ. შესახებ. 2) ნეგატიური მოსაზრება გარკვეული პირების დაჯგუფების მიმართ, რაც დაფუძნებულია იმ ნეგატიურ მახასიათებლებზე, რომელიც ამ ჯგუფის მიერ მუდმივად გამოიხატება. 3) პიროვნებისადმი დამოკიდებულება, დაფუძნებული სტერეოტიპებზე იმ სოციალური ან რასობრივი ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის ეკუთვნის. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
წლიური გეგმა წლიური გეგმა - ანუ წლის განმავლობაში განხორციელებული მიზნებისა და ამიცანების გეგმიური მონახაზი. წლიური გეგმა თავისი არსით დიდად არ განსხვავდება სტრატეგიულისაგან, იგი უბრალოდ უფრო სპეციფიკური და დეტალურია. ამგვარი გეგმა მოიცავს ყოველ კონკრეტულ პროგრამას, ადამიანური რესურსების გეგმას და ლოჯისტიკას. //ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
წოდება წოდება - კანონით ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი სახელწოდება, რომელიც ადასტურებს ცალკეული მოქალაქისა თუ კოლექტივის დამსახურებას, პროფესიულ-სამსახურებრივ, სამეცნიერო ან სხვაგვარი კვალიფიკაციის ოფიციალურ აღიარებას. წოდებები არსებობს სამხედრო, სამეცნიერო, საპატიო და ა. შ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა