სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 6 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ჩარევა ჩარევა - ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი სახის პროცედურასა თუ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მიმდინარე პროცესის შეწყვეტის მასში ჩარევისა და/ან მისი შეცვლის მიზნით. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ - 1993 წელს ვენაში ჩატარდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვვედრა, რომლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს 1994 წელს მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ეს არის პირველი მრავალმხრივი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მთლიანობაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ითვალისწინებს. კონვენცია შეიცავს პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება საჭიროა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, აგრეთვე ცალკეულ პროგრამული ტიპის დებულებებსა და მიზნებს, რომელთა მიღწევა აუცილებელია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრული და ეფექტიანი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ჩარჩო კონვენციასთან (და მისი შესრულების კონტროლის მექანიზმებთან) ერთად, ხორციელდება აგრეთვე მთავრობათაშორისი სამუშაო პროგრამა და ერთობლივი პროგრამა სათაურით ,,ევროპის ეროვნული უმცირესობები.” პირველი პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ ექსპერტთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც მუშაობენ უმცირესობათა პრობლემებზე, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ან მისიების გაგზავნას, მათი საკანონმდებლო საქმიანობის შესწავლის მიზნით. მეორე პროგრამა თემატური ხასიათისაა და მის ჩარჩოებში ხორციელდება სუბრეგიონალური და ორმხრივი პროექტები (სემინარები, მრგვალი მაგიდები, კოლოკვიუმები და ა.შ.). ამ პროგრამის მიზანია უმცირესობათა უფრო ინტენსიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველომ 2000წ. 21 იანვარს მოაწერა ხელი ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. //ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი - შეიარაღებული ფორმირება (,,ჯამა ალ-ისლამი”), რომელიც ცნობილია, როგორც ,,კავკასიის ისლამური არმია”, ,,მუსლიმანური კავკასიის არმია”, ,,ურუს-მარტანის ჯამაათი”, წარმოადგენს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 1994-96 წ.წ. საომარი მოქმედებებისას არსებული შეიარაღებული ფორმირებების კონგლომერატს, რომლებიც შედიოდნენ ვაჰაბიტური სამხედრო რაზმების გავლენის ქვეშ, მაგრამ არ იმყოფებოდნენ იჩქერიისა და დაღესტნის ხალხების კონგრესის სტრუქტურაში. ეს დაჯგუფება წარმოადგენდა არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებას და მოქმედებდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ მასხადოვის მომხრე ოფიციალური სამხედრო ფორმირებები. ,,ჩეჩნეთის ისლამური ჯამაათი” რიცხობრივად მნიშვნელოვნად გაძლიერდა 1998 წლიდან, როდესაც ხელისუფლების მიერ დაშლილ იქნა სპეციალური დანიშნულების ისლამური პოლკი და შარიათის გვარდია. ძირითადი საველე მეთაურები: არბი ბარაევი (ჩეჩნეთის ისლამური რესპუბლიკის ამირი, რომელიც მოკლული იქნა 2001 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერალური ნაწილების მიერ), აბდულ-მალიკ მეჟიდოვი (ამირას მოადგილე, ნაიბ ალ-ამირა), ზელიმხან იანდარბიევი, არბი აპტაევი (ურუს-მარტანის ემირი), რამზან და უვაის ახმადოვები, აბუ საიდი (ბატალიონის მეთაური), შეიხი აბდურახმანი, შეიხი აბუ. ფორმირების საერთო რაოდენობა 1996 წლისთვის შეადგენდა 1000-ზე მეტ მებრძოლს ძირითადი მუდმივი შემადგენლობიდან (500-კაცამდე ბარაევის ხელძღვანელობით, 250 კაცი მეჟიდოვის ხელმძღვანელობით, 400-500 კაცი ძმები ახმედოვების მეთაურობით). მობილიზაციური პოტენციალი შედგენდა 5 ათასს მებრძოლს (ამას თან ერთვოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი ფარული მომხრეების რიცხვი). ამ ფორმირების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ისლამური სპეცდანიშნულების პოლკისა და შარიათული გვარდიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ობოლი მოზარდები და 15-20 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს სამხედრო და იდეოლოგიური კურსი ,,თალიბანის” სისტემის მიხედვით. პირადი შემადგენლობისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რელიგიური ფანატიზმის მაღალი დონე. მოხმარებული შეიარაღების ძირითადი კატეგორიები: ცეცხლსასროლი, ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმ-ფეთქებადი იარაღის ტიპები. რაოდენობა უცნობია. ბაზები და საოპერაციო რაიონები: დასახლებული პუნქტები - ურუს-მარტანი, ალხაზუროვო, სამაშკი, იშური, ჩერნორეჩიე, ერმოლოვსკი, აჩხოი-მარტან-ასინოვის სექტორი, ბამუტი, ავტური, შელკოვსკი, შატოი, მდინარე არგუნის ხეობა, ქ. გროზნოს სტაროპრომისლოვსკის რაიონი. მთავარი ობიექტები: გორდალი - რელიგიური სკოლა; ქ. გროზნო - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და 36-ე უბნის ტერიტორიაზე არსებული დაუდგენელი ობიექტები, რელიგიური სკოლა; გუდერმესი - ოთხამდე დაუდგენელი ხასიათის ობიექტი, აგრეთვე შტაბი; კურჩალოი - შარიათული გვარდიის ახალგაზრდების მოსამზადებელი ცენტრი; ურუს-მარტაანი - შტაბი (განთავსებული სამხედრო კომენდატურის შენობაში), მზვერავ-დივერსანტებისა და ამფეთქებლების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი (საკუთარი პოლიგონითა და საწყობებით), ფორმირების პირადი შემადგენლობის რელიგიური მომზადების ისლამური უნივერსიტეტი (მოქმედებდა საშუალო სკოლის შენობაში); სერჟენ-იურტი - ფორმირების საბაზისო ბანაკი (გამოიყენებოდა ,,იჩკერიისა და დაღესტნელი ხალხების კონგრესის” შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთობლოვად), რელიგიური სკოლა; ძველი ატაგები - დაუდგენელი ობიექტი, რომელსაც აკონტროლებდა ზელიმხან იანდარბიევი; ელისტანჯი - შარიათული გვარდიის ახალგაზრდობის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ჩვენება ჩვენება - სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დგინდება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ჩვენებას იძლევიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე. ჩვენების მიღება ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით დანაშაულია და ისჯება კანონით. დანაშაულია აგრეთვე მოწმისა და დაზარალებულის მიერ წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩრდილოვანი ეკონომიკა - ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს. სადღეისოდ, ძნელი სათქმელია, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში. ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას. //ნატროშვილი გიორგი. საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზები // ახალი აზრი, ¹ 7 (13),– ნოემბერი,–2003
ჩხრეკა ჩხრეკა - სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება იმ იარაღის, საგნის აღმოსაჩენად და ამოსაღებად, რასაც დანაშაულის კვალი ატყვია, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის, ფასეულობის, სხვა საგნისა და დოკუმენტის აღმოსაჩენად, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად, აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად. ჩხრეკა ტარდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩხრეკა ტარდება დამსწრეთა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მონაწილეობით. ჩხრეკის შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა