სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 


შედეგი: ნაპოვნია 27 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ბაალი ბაალი - ქანაანელთა უმაღლესი ღვთაება, ზევსისა და იუპიტერის მსგავსად, ზეციურ ძალთა მბრძანებელი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ბანკი ბანკი (ფრანგ. banque) - განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების ფულადი სახსრების თავმოყრას, კრედიტების გაცემას, ფულად ანგარიშსწორებას, საბანკო ანგარიშების გახსნას და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ ოპერაციებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. ბანკი - ,,ბანკი” ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებას, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების (ანაბრების) აკუმულირება და განსაზღვრული დროით მათი სესხის სახით გაცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ამას საჭიროებენ. ბანკი საწარმოებს, დაწესებულებებსა და ცალკეულ პირებს შორის ახორციელებს აგრეთვე საშუამავლო ფუნქციებს ურთიერთსაგადამხდელო და საანგარიშო ოპერაციების შესრულებისას. იგი არეგულირებს ქვეყანაში ფულის მიმოქცევას. ბანკის შემოსავალი წარმოიშობა გასესხებულ თანხებზე დარიცხული სარგებლით. ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობის, წესდების შესაბამისად და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატსა და სარევიზიო კომისიას. ბანკი - ბანკი ეს არის დაწესებულება, რომელიც დასაქმებულია ფულადი ანაბრების ან სხვა საგადასახადო საშუალებათა მოზიდვით, აგრეთვე, თავის ხარჯზე კრედიტების გაცემით დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფის და ვადიანობის პირობით. //ცოფურაშვილი მ. კომერციული ბანკი - ფუნქციები და მნიშვნელობა// ალმანახი Ή 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ბაპტისტები ბაპტისტები - სახელწოდების ძირი ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად - შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას (ბერძნ. ბაპტიძო ,,ვნათლავ წყლით’’). ამდენად, ბაპტისტების სულიერ ცხოვრებაში ყურადღება ძირითადად რწმენით ნათლისღებაზეა გადატანილი; იგი შთაფლვით უნდა შესრულდეს. რიტუალი, თუ მდინარეზე გასვლის საშუალება არ არის, სრულდება ბაპტისტერიაში ანუ ეკლესიის დარბაზში გაკეთებულ აუზში ხელდასხმული მსახურის (დიაკვნის, ხუცესის, ეპისკოპოსის) მიერ. ბაპტისტური ლიტურგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. იგი, რიგორც წესი, არეკლავს ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. ზოგადი თარგი ასეთია: შესავლისა და დასასრულის ლოცვები (რომლებიც ან სპონტანურია, ან წინდაწინ შედგენილი), რწმენის დამოწმება (მრწამსი), ,,სიტყვის ლიტურგია’’, ქადაგება, ევქარისტია, კურთხევა. ინათლებიან მხოლოდ მორწმუნენი, ე.ი. მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს ჩამოუყალიბდება ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის უნარი. //პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ბაჰაის სარწმუნოება ბაჰაის სარწმუნოება - ახალი ეპოქის ნაყოფია. მისი სამშობლო ირანია, დამაარსებელი - ბაჰა-ულა. სახელი არაბულია და ,,ღვთის დიდებას’’ ნიშნავს. //პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ბეილი პიერი ბეილი პიერი - (1647-1706 წ.წ.) პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ფრაგნული განმანათლებლობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ძირითადი თხზულებაა „ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონი“ (169-97); ბეილი ქადაგებდა რჯულშემწყნარებლობას. მისი რელიგიური ინდიფერენტულობის გამო თქვა ვოლტერმა: „მართალია, ბეილი ურწმუნო არ არის, მაგრამ იგი სხვებს აქცევს ურწმუნოებად.“ რუსო კარგად იცნობდა და იზიარებდა კიდეც ბეილის შეხედულებებს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ბენ ლადენ უსამა ბენ ლადენ უსამა - უსამა ბენ მოჰამედ ბენ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 1957 წელს. წარმოშობით მისი ოჯახი იემენიდან იყო. ბენ ლადენის მამა დაუახლოვდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და შესძლო სანავთობო და საამშენებლო ბიზნესის წყალობით დიდი კაპიტალის შეგროვება. მას ჰყავდა საკმაოდ ბევრი შვილი. ბენ ლადენი მას შეეძინა უძველესი არაბული წარმომავლობიდან გამოსული ერთ-ერთი მეუღლისაგან, რომელიც გამოირჩეოდა ისლამური ფანატიზმით. ბენ ლადენმა ქ. ჯიდადში დაამთავრა სამეფო სკოლა და უნივერსიტეტი. სწავლა გააგრძელა ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მან სააამშენებლო საოჯახო ბიზნესში გააკეთა 250 მლნ. დოლარი, მაგრამ მალევე დაანება ამ ხელობას თავი და მთლიანად გადავიდა პოლიტიკურ-რელიგიურ სარბიელზე. 1979-89 წ.წ. არაბ დაქირავებულ მებრძოლ რაზმთან ერთად, რომელიც მისივე დაფინანსებით შეიქმნა, ბენ ლადენი ჩავიდა ავღანეთში საბჭოთა ჯარებთან საბრძოლველად. იმავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა პაკისტანის და დასავლეთის სპეცსამსახურებთან (მ.შ. ამერიკულებთანაც), რომლებიც მას იარაღითა და ფულით ამარაგებდნენ. როგორც ჩანს, მათივე დავალებით 1985-86 წ.წ. გამოჩნდა მშობლიურ ქვეყანა - სამხრეთ იემენში, სადაც სამოქალაქო ომის შედეგად დამხობილ იქნა პროსაბჭოთა რეჟიმი. 1989 წელს ბენ ლადენი დაბრუნდა საუდის არაბეთში და გააგრძელა თავისი ბიზნესი, რითაც საკუთარი შემოსავალი გაზარდა 2-დან 5 მლრდ. აშშ დოლარამდე. ამის შემდეგ 1991 წელს გამოჩნდა ფუნდამენტალისტურ სუდანში, სადაც ბიზნესთან ერთად, ეწეოდა ისლამისტურ რადიკალური ორიენტაციის ტერორისტული დაჯგუფებათა აქტიურ დაფინანსებას, ძირითადად მაღრიბისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მას შემდეგ რაც ამერიკელებმა განახორციელეს ზეწოლა ერ-რიადის ხელისუფლებაზე, ბენ ლადენს ჩამოართვეს ქვეყნის მოქალაქეობა, გაუყინეს საბანკო აქტივების ნახევარი და ამის შემდეგ ის, თავისი ოჯახით, იძულებული შეიქმნა გადაბარგებულიყო ავღანეთში. ბენ ლდენი შეიქმნა მოძრაობა ,,თალიბანის” ერთ-ერთი ფინანსური სპონსორი. ადგილსამყოფელად ქ. ყანდაგარი შეარჩია, სადაც საკუთარი შტაბ-ბინა აღჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით (მაგალითად: თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო ქსელი და ა.შ.). 1994 წლიდან ბენ ლადენი გადავიდა აქტიურ ანტიამერიკულ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირებენ ისეთ ტერორისტულ აქტებს, როგორებიცაა ერ-რიადსა და ელ-ჰობარაში ჩატარებული აფეთქებები - მიმართული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საწინააღმდეგოდ, ეგვიპტის საელჩოს აფეთქება ისლამაბადში, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკზე წარუმატებელი თავდასხმა და ბოლოს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის აფეთქების ორგანიზება. მიუხედავად ასეთი ქმედებებისა ბენ ლადენთან კონფრონტაციას თავს არიდებენ პაკისტანის და საუდის არაბეთის ხელისუფალნი. 1997 წლის მაისში ბენ ლადენმა ამერიკელებს გამოუცხადა ჯიჰადი და რეალური ნაბიჯებიც გადადგა ამ მიმართულებით. კერძოდ, გასული წლის აგვისტოში კენიასა და ტანზანიაში განხორციელდა მძლავრი აფეთქებანი აშშ-ის საელჩოებში, რის შედეგადაც დაიღუპა რამოდენიმე ათეული ადამიანი (მ.შ. ამერიკელი მოქალაქეები). ამის საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმები ბენ ლადენის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე ავღანეთსა და სუდანში. დღეისათვის ეს პიროვნება მსოფლიო მასშტაბის ნომერ პირველ ტერორისტადაა გამოცხადებული. ბენ ლადენისა და მისი მომხრეების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უკანასკნელი გახმაურებული ტერორისტული აქტია - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედია. ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბენ ლადენის დაინტერესების ზონაში შევიდა კავკასიის რეგიონიც. დაუზუსტებელი მონაცემებით, ის რამოდენიმეჯერ ეწვია ჩრდილოეთ კავკასიას (უფრო ზუსტად ჩეჩნეთს). მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი საწვრთნელ-დივერსიული ბაზები სამხრეთ ევროპის, საშუალო და ახლო აღმოსავლეთის და მაღრიბის ქვეყნებში (მაგალითად: ალბანეთი, ავღანეთი, სუდანი, იემენი და ა.შ.). გამორიცხული არ არის, რომ მისი ემისრები და ინსტრუქტორები ახლო მომავალში გამოჩნდნენ სოფელ ავტურის ან ვედენოს საწვრთნელ ბაზებზე, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს დასაყრდენ ცენტრებად. //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
ბენეფიციარი ბენეფიციარი - ე. ი. ძირითადი მევალის კრედიტორი, რომელსაც გააჩნია თანხის მოთხოვნის უფლება გარანტისაგან იმ შემთხვევაში, როცა საგარანტიო პირობების დაცვისას ძირითადი მევალე არ ასრულებს თავის ვალდებულებას; (საბანკო საქმე რედ.) //გაბუნია დიმიტრი. საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში // ალმანახი Ή 11,– [სამოქალაქო სამართალი],–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–2003
ბერბერია ბერბერია - ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონების ძველი სახელწოდება. მის მკვიდრთა ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ბერგი დევიდი ბერგი დევიდი - ღვთის შვილთა გაერთიანების დამაარსებელი. იგი 1919 წელს დაიბადა მქადაგელთა ოჯახში. 40–იანი წლების შუა ხანებში იგი კურირებდა ერთ–ერთ ქრისტიანულ ჯგუფს არიზონაში, რომლის სახელი იყო „Christian and Missionary Alliance”, შემდეგ იგი ჩამოშორდა ამ ჯგუფს და გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც მან დაარსა ჯგუფი “Teens for Christ” და ამ გაერთიანებაში ბიბლიის სწავლებას ეწეოდა. როგორც ჩანს, დავიდ ბერგს იმთავითვე სჯეროდა, რომ იგი ღმერთის მიერ მოწოდებული იყო ესქატოლოგიური დროის წინასწარმეტყველად. 1968–69 წლებში მან საცხოვრებელი მანქანა – ფურგუნით შემოიარა ქვეყანა და ქადაგებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე, კაფეებსა და სკოლების წინ. ასე შემოიკრიბა მან ჰიპების ერთი ჯგუფი და მათთან ერთად სახეტიალოდ გაემართა კანადაში. ეს ჯგუფი თან დაჰყვებოდა მას და მართავდა საჩვენებელ წარმოდგენებს. ერთმა რეპორტიორმა მათ „Children of God“ შეარქვა. ჯგუფი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მთლიანად ემორჩილებოდა დევიდ ბერგსა და მის ოთხ ,,ბავშვს”. დევიდი აცხადებდა, რომ სიწმინდისა და ხსნის პოვნა მხოლოდ ღმერთის ნამდვილ წინასწარმეტყველთან, დევიდ ბერგთან და მის ოჯახში იყო შესაძლებელი. ამგვარ ქადაგებებს ისინი კონფლიკტურ სიტუაციაში შეჰყავდა ჰიპების დროის სხვა ჯგუფთან, რომელსაც ერქვა „Jesus-Peopal”. ცოტა მოგვიანებით მას რთული ურთიერთობა შექმნა აგრეთვე იმ ბავშვების მშობლებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ. ამ ბავშვებმა გაწყვიტეს სასწავლო პროცესი, კონტაქტი თავიანთ მშობლებთან და ყველაფერი, რაც გააჩნიათ გადასცეს დევიდ ბერგს, რომელიც იმჟამად MO-დ იწოდებოდა. //დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
ბიბლია ბიბლია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (,,ბიბლონ“- წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ეტიმოლოგიურად ,,ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის ,,პაპირუსის’’ (ქართულად ,,ჭილის’’) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ (,,ბიბლოს’’) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა. ბიბლიას, ,,საღვთო წერილისა’’ და ,,წმიდა წერილის’’ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ ,,წიგნთაწიგნი“, ,,თვითწიგნი“, მარტივად ,,წიგნი“, ,,წერილი“. როდესაც იტყვიან: ,,წიგნი გვაუწყებს’’, ,,წერილი გვაუწყებს’’, ,,წიგნის’’ ქვეშ ბიბლია იგულისხმება. ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა- იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა. წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან (,,აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და ,,დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. ,,კანონი’’ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება. //პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ბიოუსაფრთხოება ბიოუსაფრთხოება - გულისხმობს გარემოსა და ადამიანის დაცვას იმ საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებულმა ორგანიზმებმა გამოიწვიონ. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
ბიოუსაფრთხოების ოქმი ბიოუსაფრთხოების ოქმი - სათავეს ბიომრავალფეროვნების კონვენციიდან იღებს, რომელსაც 1992 წელს რიოს მსოფლიო სამიტზე 168 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და იგი, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, 1993 წელს შევიდა ძალაში. ამჟამად, 187 ქვეყანაა კონვენციის მხარე. საქართველო ბიომრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. ბიოუსაფრთხოების ოქმი წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც, „ითვალისწინებს რა ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“ მიზნად ისახავს „უზრუნველყოს სათანადო დონის დაცვა იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემის, მოპყრობისა და გამოყენების სფეროში, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით და შეუძლიათ მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე“. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
ბიუჯეტი ბიუჯეტი (ფრანგ. budget < ინგლ.) - სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა დროის გარკვეული მონაკვეთისათვის. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა. ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს, აგრეთვე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის ქვეყნის ბიუჯეტების ერთიანობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იურიდიულ ნორმებს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბოდენი ჟან ბოდენი ჟან - (1530-1596) ფრანგი ეკონომისტი, წერდა პოლიტიკაზეც. ავტორი თხზულებისა „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ“. ჟან ბოდენს სახელმწიფო გადატრიალების მთავარ მიზეზად ქონებრივი უთანასწორობა მიაჩნდა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ბოვუარი სიმონ დე ბოვუარი სიმონ დე - (1908-1986) ფრანგი მწერალი, ეგზისტენციალიზმის თეორეტიკოსი, პედაგოგი, გონკურის პრემიის ლაურეატი, რადიკალური ფემინიზმის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქალთა ემანსიპაციის გზაზე. დე ბოუარის აზრით, ქალობა ნიშნავს არა იმდენად ბიოლოგიური კატეგორიის კუთვნილებას, რამდენადაც განსაკუთრებული სოციო-ფსიქიკური რეალობისადმი, „ქალურიბისადმი“ მიკუთვნებას. მამაკაცის მსოფლმხედველური მოდელის კონტექსტში, ქალი პირველ რიგში, განიხილება როგორც არსება, რომელიც განიზომება მის მამაკაცთან მიმართებაში, როგორც გარკვეული „განსხვავებულობა“, როგორც „სხვაობა“. ეს სიტუაცია ერთდროულად ქმნის როგორც ქალის „გასაგნებას“, მისი თავისუფლების დაკარგვის, ასე მამაკაცის გარკვეული სექსუალურ-ქცევისეული და კულტურული უპირატესობის გაჩენასაც. დე ბოვუარის აზრით ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში ხარისხობრივად განსხვავდება მთლიანად კაცობრიობის მდგომარეობისაგან. რადგან მამაკაცების მიერ ფორმირებულ სამყაროში ქალი („სხვა“, განსხვავებული) განწირულია ითამაშოს მეორე ნახევრის როლი. დე ბოვუარი თვლის, რომ არა იმდენად ბიოლოგიამ, რამდენადაც ტრადიციულმა ქალურმა ემოციურობამ და მისმა თვითშეფასებამ განსაზღვრა და განაპირობა საზოგადოებაში სოციალურ როლთა განაწილების ამგვარი ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული გამოცდილებით დემონსტრირებულია ცხოვრებისეული პოზიციების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ქალების მიერ დაკავებული. არც ერთი რევოლუცია, არც ერთი განმათავისუფლებელი დოქტრინა არ აღმოჩნდა ძლევამოსილი უზრუნველეყო სქესთა რეალური თანასწორობა. ქალის და მამაკაცის უცილობელი თანასწორობის მიღწევა არ შეიძლება იყოს ნაწილობრივ: ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, შევსებული უნდა იყოს კულტურულ-ზნეობრივი გადატრიალებით. დე ბოვუარს მიაჩნდა, რომ მამაკაცთათვის დამახასიათებელი პრიორიტეტული სექსუალური ინსტინქტი, საბოლოო ჯამში ბიოლოგიური ენერგეტიკითა და ფსიქიკური მნიშვნელობით უთმობს ქალურ სიყვარულს, რომლის საზრისს წარმოადგენს ჰარმონიის დამყარება ერთი მხრივ, ქალურ ეროტიზმს და ნარცისიზმს, და მეორე მხრივ, შეყვარებული ქალების ღვთისმაძიებლობის მისტიკური ორიენტაციის განხორციელებას თავისი ტრფობის მიზეზში. დე ბოვუარი თვლიდა, რომ სექსუალური განსხვავებულობა მუდამ იქონიებს გავლენას სქესთა შორის ურთიერთობაზე. უნივერსალური ადამიანური ბუნების აღიარება როგორც ქალში, ასევე მამაკაცში - უნდა წერმოადგენდეს იმ კულტურული გადატრიალების საფუძველს, რომელიც მისი აზრით მოიტანს ქალთა ჭეშმაროტ ემანსიპაციას. ქალის ემანსიპაცია, დე ბოვუარის აზრით, ნიშნავს უარის თქმას იმაზე, რომ ქალი განიხილებოდეს მამაკაცთან მიმართებაში, იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაშინ ქალი იარსებებს მამაკაცისათვის. ქალის მხოლოდ თავისთავადი არსებობაა მნიშვნელოვანი, მამაკაცთან მიმართების გარეშე. როდესაც ორივე ერთმანეთს აღიარებს პიროვნულად, თოთოეული მათგანი მაინც დარჩება ერთმანეთისთვის „სხვა“, „განსხვავებული“. არ შეიძლება, რომ ქალი მუდამ რჩებოდეს კაცობრიობის მეორე ნახევრის როლში. ქალმა უნდა აღადგინოს თავისი ადამიანური ღირსება თავისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრების პროცესში. ისტორიულ პერსპექტივაში ქალს არ შეუძლია არ მოიპოვოს ჭეშმაროტი თავისუფლება და თაასწორობა. //ანთელავა ლ. კულტურა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ბონაიუტიმი ერნესტო ბონაიუტიმი ერნესტო - იტლიელი კათოლიკე მღვდელი. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ფაშიზმის პერიოდში, მკაცრად გააკრიტიკა ვატიკანის კურიას დამორჩილებული სტრუქტურები და კათოლიკური ეკლესიის ძირფესვიანი რეფორმა მოითხოვა. მაშინ მოქმედებდა პაპის, პიუს XI-ის მოთხოვნით ვატიკანსა და იტალიის სახელმწიფოს შორის 1929 წელს დადებულ ხელშეკრულებაში, ე.წ. კონკორდატში შეტანილი ერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საეკლესიო ცენზურის მიერ აკრძალული პირის საჯარო მოღვაწეობის შეზღუდვას. პიუს XI-მ ეს პუნქტი სწორედ ბონაიუტის წინააღმდეგ მოითხოვა. კონკორდატის ძალით დისიდენტი მღვდელი რომის უნივერსიტეტში არ შეუშვეს ლექციების წასაკითხად. ერნესტო ბონაიუტის მიერ შემოთავაზებული მრავალი იდეა ორმოცი წლის შემდეგ, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული. მაგრამ 1962 წლის 14 ივნისს მოწვეულმა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ ,,ბონაიუტის პუნქტის“ გაუქმებაზე გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. სამართლიანობის აღდგენას კიდევ ათი წელი დასჭირდა. //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
ბოფორის ჰერცოგი ბოფორის ჰერცოგი - ფრანსუა დე ბურბონი (1616-1669) მეფე ანრი IV-ის შვილიშვილი, „ფრონდას“ ერთ-ერთი მეთაური (ეს ამბოხება ლუი XIV-ის მეფობის დროს, 1648-52 წლებში მოხდა). //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ბრალდება ბრალდება - 1. სისხლის სამართლის პროცესში კანონით უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების საქმიანობა, მიმართული სისხლისსამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად. 2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, საბრალდებო დასკვნაში, სამართალში მიცემის დადგენილებაში (განჩინებაში) და გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული საბრალდებო თეზისის შინაარსი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბრალდებული ბრალდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც კანონით დადგენილი წესით გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს, რომელიც მიცემულია სამართალში, ეწოდება განსასჯელი, ხოლო რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - მსჯავრდებული. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბრალმდებელი ბრალმდებელი - პირი, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბრიფინგი ბრიფინგი - კონკრეტულ საკითხს ეძღვნება და ამა თუ იმ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. ბრიფინგი დროში უფრო შეზღუდული და გაცილებით ოპერატიულია, ვიდრე იგივე პრესკონფერენცია. ბრიფინგის ფორმას უფრო მაშინ მიმართავენ, როცა ინფორმაციის გავრცელება, ან მიმდინარე საკითხის ირგვლივ პოზიციის დაფიქსირება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ბრიფინგზე განცხადება შესაძლოა, გააკეთოს, როგორც უშუალოდ უწყების ხელმძღვანელმა, ასევე თავად პრესმოხელემაც. //პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
ბრძანება ბრძანება - 1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თუ დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც გამოიცემა კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად; 2. სამხედრო მეთაურის წერილობითი ან სიტყვიერი განკარგულება ხელქვეითის მიმართ, რომელიც მისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ ითვლება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბრძანებულება ბრძანებულება - სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ბუდა ბუდა - ცხოვრობდა VI ს-ში ქრისტემდე. იგი იყო ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების, უფლისწული, გაუტამას გვარიდან. მისმა დედამ - მაიამ (მაჰა-მაიამ ,,დიდმა მაიამ’’) შვილის დაბადებამდე სიზმარში თეთრი სპილო იხილა, რომელიც ფერდში შეუვიდა. სიდჰარტაც, ასე დაარქვეს ბავშვს, დედის ფერდიდან დაიბადა. დედა კი გარდაიცვალა. სასწაულებრივი შობა დამახასიათებელია განსაკუთრებული მომავლისა და დანიშნულების პიროვნებისათვის. ასეთი იყო სიდჰარტა, რაც ნიშნავს ,,მოწოდების აღმსრულებელს’’. მოგვებმაც უწინასწარმეტყველეს მამას: შენი შვილი მეფე გახდება, ოღონდ არა ამა ქვეყნისაო. მშობელი, ამის გამგონე, დაიზაფრა, რადგან არ სურდა, რომ მემკვიდრე რელიგიურ მოღვაწეობას შედგომოდა და ამქვეყნიურ დიდებაზე უარი ეთქვა. იგი შვილს ფუფუნებაში - საგანგებოდ მოწყობილ სასახლესა და ბაღნარში ზრდიდა, გარესამყაროსაგან იზოლირებით; ცდილობდა, მომავალ მეფეს ცხოვრების ჭირ - ვარამი და ჩრდილოვანი მხარეები არ ეხილა, წუთისოფლის ხმაურს მის ყურამდე არ მიეღწია, რომ მისგან განშორების სურვილი არ გასჩენოდა. მიუხედავად ამისა, სიდჰარტა თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. ხშირად განმარტოვდებოდა, დაჯდებოდა სადმე კუნჭულში და მიეცემოდა ფიქრებს. მამას არ ეამა ეს ფაქტი. იფიქრა: შვილი განდეგილად არ წავიდესო და სასწრაფოდ შერთო მშვენიერი ასული - იასიდორი. მაგრამ მოხდა საბედისწერო რამ: 29 წლის იყო უფლისწული, როცა ინება და მსახურთან ერთად სრა-სასახლის გალავანს გადააბიჯა. სიდჰარტამ ოთხი ,,სიახლე’’ იხილა, რამაც შეძრა იგი და შეცვალა მისი ცხოვრება. მას ჯერ საზარლად დაწყლულებული, სნეული ადამიანი შემოეყარა, მერე კი - წელში მოხრილი, ღრმად მოხუცი კაცი; ნახა შრომისაგან ილაჯგაწყვეტილი, მშიერი და დაგლახაკებული არსება; წააწყდა სამგლოვიარო პროცესიას, და ბოლოს დაინახა მძიმე ფიქრებში ჩაფლულ-ჩაძირული მოხეტიალე განდეგილი... ...დიდხანს ამაოდ უკირკიტებდა წმიდა წიგნებს ამ წუთისოფლის საიდუმლოს ამოსახსნელად. ასე უშედეგოდ გრძელდებოდა თვითგვემა... და, აი, ერთი მდინარის ნაპირას, ბოდჰის ხის ძირას, იგი გასხივოსნდა: გამოეცხადა ოთხი ჭეშმარიტება. აქ დაერქვა მას ბუდჰა (,,გასხივოსნებული’’). მისი პირველი ზრახვა იყო ხალხისათივის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც წამალი ტანჯვისა. მაგრამ ბოროტი სული, მარა, შეუჩნდა მას და ყოველმხრივ - ათასგვარი ხიბლებით, მუქარებით, დაშინებებით - ცდილობდა აეძულებინა სიდჰარტა უფლისწულყოფილი, აწ უკვე ბუდჰა ანუ ,,გასხივოსნებული’’, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე, იმ მოწოდებაზე, რისთვისაც მოევლინა იგი წუთისოფელს. ბუდამ დაძლია ცთუნებანი და შიშები, ავსულისაგან მოვლენილი, და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა (გავიხსენოთ მათეს სახარებიდან, როგორ გამოსცდიდა ეშმაკი იესოს უდაბნოში ორმოც დღეს, რათა დაებრკოლებინა იგი). მისი პირველი მსმენელები იყვნენ ხუთი ადამიანი და ორი ირემი. //პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ბუდიზმი ბუდიზმი - გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ მიმდევარნი თითქმის ყველა კონტინენტზე ჰყავს. წარმოიშვა ძვ.წ. VI-V სს-ში ჩრდილოეთ ინდოეთში. მისთვის ნიშანდობლივია ძველი და შემდგომდროინდელი სინკრეტიზაცია სხვადასხვა სისტემასთან - ბრაჰმანიზმ - ინდუიზმთან, დაოიზმთან, ძენიზმთან და ა.შ., რის გამოც ბუდიზმის თავდაპირველი სახე ადვილად გაითქვიფა ადგილობრივ კულტებში. უკანასკნელთ კი, თავის მხრივ, ახალი გეზი და ორიენტაცია მისცა. ასე მოხდა იმიტომ, რომ ბუდიზმს, როგორც სისტემას, არ ახასიათებს მონოლითურობა, დოგმატიზმი. არ გააჩნია წეს-განგების დადგენილი სახე ანუ ტიბიკონი. ვისაც ბუდისტურ ქვეყნებში უმოგზაურია, ამბობს, რომ არამცთუ ოლქებსა და ქალაქებს, არამედ სოფლებსა და უბნებსაც კი ერთმანეთისაგან შესამჩნევად განსხვავებული კულტმსახურების ტრადიცია აქვს. ასე რომ, ეს რელიგია, დღიდან დაარსებისა, განიცდის ცვალებადობას და ჩვენს დროში წარმოდგენილია ნაირგვარი ფორმით. მიუხედავად ამისა, მას აქვს ძირითადი და უცვალებელი იდეებიც. მათგან უმთავრესია ხსნის იდეა და მისი რეალიზაციის სპეციფიკური გზა. მართალია ბუდიზმი ინდოეთში წარმოიშვა, მაგრამ უფრო ფართო გავრცელება ამ ქვეყნის გარეთ ჰპოვა, განსაკუთრებით ჩინეთში, ჩინეთის გზით კი იაპონიაში, კორეაში, შორეული აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში. ბუდიზმის ძლიერი კერა არსებობდა ტიბეტში, სადაც ტიბეტურ ენაზე შეიქმნა უმდიდრესი ბუდისტური ლიტერატურა. ტიბეტის გავლენით ბუდიზმი მონღოლებს შორისაც გავრცელდა. ამ მოძღვრებით დაინტერესებული არიან თანამედროვე ანთროპოსოფები. მათი თეორია ძირითადად ეფუძნება რწმენას კარმასა და სამსარაზე. ბუდისტების საერთო რიცხვი დღეს 359 მილიონს აღწევს. ბუდიზმის დამაარსებელია ბუდა, ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების, უფლისწული, გაუტამას გვარიდან. //პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ბუნდესთაგი ბუნდესთაგი - Bundestag (გერ.) - გერმანიის პარლამენტი. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული - ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის იდეა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ბუნდესვერის შექმნის საწყის პერიოდში გაჩნდა. აღნიშნული ინსტიტუტის შექმნის საფუძველს წარმოადგენდა კონცეფცია “მოქალაქე სამხედრო ფორმაში” და ბუდნესვერის შიდა მართვის (Innere Fuhrung der Bundeswehr) დოკუმენტი, ხოლო მაგალითი აღებულ იქნა შვედური სამხედრო ომბუდსმენისგან, რომელიც უკვე 1915 წლიდან მოქმედებდა. უკვე 1956 წელს პირველად დაფიქსირდა გერმანიის ძირითად კანონში სამხედრო საპარლამენტო რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელიც რამდენიმე წელიწადში უკვე შესაბამისი კანონის საფუძველზე ამოქმედდა. სამხედრო რწმუნებულის შექმნის მიზანი ძირითად კანონშივე განისაზღვრა: “სამხედროთა ძირითადი უფლებების დაცვისა და, როგორც ბუნდესთაგის დამხმარე ორგანო, საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად შეიქმნას ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული.” ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული არ არის არც ბუნდესთაგის დეპუტატი და არც სახელმწიფო მოხელე, იგი საჯარო სამართლის პირია და გათანასწორებულია საპარლამენტო მდივნის სტატუსთან. იგი, თავდაცვის კომიტეტის ან რომელიმე ფრაქციის წარდგენის საფუძველზე, განხილვის გარეშე, აირჩევა ბუნდესთაგის მიერ ფარული კენჭისყრით. კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 35 წლის, მას რაიმე კონკრეტული განათლება და სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვება, მათ შორის მნიშვნელობა არ აქვს, მას სამხედრო სამსახური გავლილი აქვს თუ არა. პირი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის ბუნდესთაგის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმას დააგროვებს. მას არჩეულად აცხადებს ბუნდესთაგის პრეზიდენტი და მისი სამსახური იწყება ფიცის წარმოთქმის შემდეგ. სამსახურის ვადა განისაზღვრება 5 წლით, მაშასადამე ერთი წლის ვადით მეტხანს, ვიდრე ბუნდესთაგის წევრებისა. რწმუნებულის ხელახალი არჩევა დასაშვებია. მისი სამსახური სრულდება, ვადის გასვლის შემდეგ ახალი სამხედრო რწმუნებულის დანიშვნით, მისი გარდაცვალების გამო, ბუნდესთაგის მიერ უკან გამოთხოვის შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე. სამხედრო რწმუნებულის კონტროლის არეალში ექცევა ყველა სამხედრო უწყება, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები. სამხედრო რწმუნებულს თავისი საქმიანობის განხორციელების დროს აქვს შემდეგი უფლებები: 1. წინასწარი შეთანხმების გარეშე მოინახულოს ყველა ის სამსახური, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საკითხებთან, მათ შორის სამხედრო ნაწილები, შტაბები; 2. მიიღოს და გააცნოს თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს; 3. მოსთხოვოს ნებისმიერ სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომელსაც თავდაცვის საკითხებთან აქვს შეხება, ახსნა-განმარტება; 4. გაესაუბროს და მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი სამხედრო მოსამსაურისგან, მისი მეთაურის თანდასწრების გარეშეც; 5. ჩაერთოს დისციპლინარულ ან სასამართლო საქმის განხილვაში და გაეცნოს შესაბამის დოკუმენტაციას. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა