სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

რელიგიათა კლასიფიკაცია

რელიგიათა კლასიფიკაცია - არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ უნდა მოხდეს რელიგიათა კლასიფიცირება; შეიძლება თუ არა ქრისტიანობისა და ჰარე კრიშნას მოძღვრების დახასიათებისას იდენტური ტერმინების გამოყენება?
საუკეთესო გამოსავალს ამ შემთხვევაში წარმოადგენს რელიგიათა კლასიფიცირება მათი მიმდევრების მიერ მინიჭებული სახელწოდებების შესაბამისად: პროტესტანტული, მართლმადიდებელი, კათოლიკური, იუდაისტური, მუსლიმური და ა. შ. თუმცა სოციოლოგიაში მიღებულია ასევე რელიგიათა კლასიფიცირების სისტემა პრიმიტიულიდან თანამედროვე მოძღვრებებამდე ევოლუციის მიხედვით. ეს სისტემა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში იგი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, სოციოლოგიაში კი აღიარება მოიპოვა რობერტ ბელახის მიერ წარმოდგენილმა ახალმა თეორიამ.
ბელახმა წარსულისა და თანამედროვე რელიგიათა კლასიფიცირებაში გამოყო ხუთი კატეგორია:
1) პრიმიტიული: მაგალითად, ავსტრალიური; სიმბოლოთა სისტემა — ადამიანთა და საგანთა საგვარეულო მითური გამოსახვა; რელიგიური ქცევა — იდენტიფიკაცია, საგვარეულო გამოსახულებებზე ისტორიათა “კვლავწარმოება”; რელიგიის ორგანიზაცია — ეკლესიის არარსებობა, რელიგიისა და საზოგადოების ერთიანობა; სოციალური მნიშვნელობა — სოციალური სოლიდარობის განმტკიცება.
2) არქაული: მაგალითად, პოლინეზიური და აფრიკული; სიმბოლოთა სისტემა — ძლევამოსილი მითური არსებები (ღმერთების მსგავსი); რელიგიური ქცევა — თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა; რელიგიის ორგანიზაცია — განსხვავებული კულტები; სოციალური მნიშვნელობა — სოციალური კონფორმიზმის მოთხოვნა.
3) ისტორიული: მაგალითად, ძველებრაული; სიმბოლოთა სისტემა — კავშირის გაწყვეტა ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის; რელიგიური ქცევა — სულის ხსნა კეთილი საქმეების საფუძველზე, თავისუფალი ნების კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია — ეკლესიები: რელიგიური ორგანიზაციების გამოყოფა საზოგადოების სხვა ასპექტებისგან; სოციალური მნიშვნელობა — დაძაბულობა რელიგიასა და საზოგადოებას შორის.
4) ადრეული მოდერნისტული: მაგალითად, რეფორმაციის ეპოქის პროტესტანტიზმი; სიმბოლოთა სისტემა — პირდაპირი კავშირი ზებუნებრივ ძალასა და ინდივიდს შორის; რელიგიური ქცევა — მთლიანად მოიცავს ცხოვრებას, რწმენის კონცეფცია; რელიგიის ორგანიზაცია — ნებაყოფლობითი წევრობა რელიგიურ ერთობაში; სოციალური მნიშვნელობა — ძირეული ცვლილება სოციალურ სისტემებში.
5) მოდერნისტული: მაგალითად, თანამედროვე რელიგიები; სიმბოლოთა სისტემა — პიროვნება და მისი ვალდებულება; რელიგიური ქცევა — პიროვნული ეთიკური პრინციპების ძიება; რელიგიის ორგანიზაცია — გარკვეულწილად ეკლესიის წევრობა, თუმცა უმთავრესად პირადი პასუხისმგებლობა; სოციალური მნიშვნელობა — საზოგადოების კულტურისა და პიროვნული ღირებულებების შესაძლო მუდმივი სრულყოფა.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა