სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ეროვნული უსაფრთხოება

ეროვნული უსაფრთხოება - ცნების შინაარსი მოიცავს ერის, როგორც კულტურულ-პოლიტიკური ერთობის, ყველა იმ სასიცოცხლო პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად არსებობასა და განვითარებას. ტრადიციულად, ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმ ისტორიული რეალობის კონტექსტში, რის დროსაც მოხდა ეროვნული უსაფრთხოების, როგორც პოლიტიკური ლექსიკონის ტერმინის ჩამოყალიბება, მისი დამკვიდრებული გაგება ასახავდა მსოფლიოს ერების წინაშე იმ პერიოდში მდგარი უსაფრთხოების პრობლემის ძირითად შინარსს. ისტორიულად, ქვეყნის უსაფრთხოება გულისხმობდა მისი მოსახლეობისა და საარსებო სივრცის დაცვას. მიიჩნეოდა, რომ ქვეყანა არის უსაფრთხოდ, თუ გარეშე მოძალადეთა შემოტევის საფრთხე აცილებულია, ხოლო შინაგანი წესრიგის დამრღვევი დათრგუნვილი. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა წყდებოდა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისა და მათი ეფექტური ორგანიზაციის დონეზე. თანამედროვე პირობებში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება განიხილება არა მხოლოდ სამხედრო-პოლოტიკურ, არამედ ეკონომიკურ სისტემასთან მჭიდრო კავშირში.
//ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, №8 (14),– დეკემბერი

ეროვნული უსაფრთხოება - პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი ,,ეროვნული უსაფრთხოება” აშშ-ის 1901-1909 წლებში პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ს კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით. თ. რუზველტის დამსახურებაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტული გახდა.
მას შემდეგ ,,ეროვნული უსაფრთხოების” ცნება უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენტაუმ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ჩართო არა მარტო სამხედრო, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი. აშშ-ი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად მიიღო შესაბამისი კანონი (1947 წ.) და იმავე წელს შექმნა სპეციალური სტრუქტურა - ,,ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო”.
შემდგომ პერიოდში აღნიშნული პრობლემების მეცნიერული კვლევა მსოფლიოში კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა აშშ-ი ამ მხრივაც ლიდერად რჩებოდა. გამოქვეყნდა მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები (უ. ლიპმანის, ჯ. რენერის რ. კენანის და სხვ.), სადაც განხილული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ყველა სფეროს სადაც საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის საკითხები წყდება. ის მიიჩნევს, რომ თ. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ასაბუთებდა, რომ აშშ-ს ვალია გაავრცელოს საკუთარი გავლენა მთელს დედამიწაზე და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ააგოს ეროვნული ინტერესების კონცეფციის საფუძველზე. ასევე ცნობილი მეცნიერის და პოლიტიკური მოღვაწის ბჟეზინსკის აზრით კი, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია, არა მარტო სამხედრო ძლიერებაზე არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, მორალურ და სხვა სფეროებში სიძლიერეზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს მისი საფუძველია.
//ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, № 1 (15), – 2004
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა