სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი

სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი - სამხედრო სოციოლოგიაში ცნება სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი ნიშნავს იმ ნორმებისა და წესების, საქმეთწარმოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სამხედრო ძალები წარმოადგენდნენ პოლიტიკური მმართველობის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ინსტრუმენტს, რომლის ჯარისკაცები, პირველ რიგში, თავიანთი სამხედრო პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წყობილების ერთგული დამცველნი არიან.
სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანია ქვეყანაში სამხედრო ძალაუფლების დაქვემდებარება პოლიტიკური მმართველობისადმი. აღნიშნული კონტროლი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, რომელიც საზოგადოებას, მის პოლიტიკურ სისტემასა და სამხედრო ძალებს შორის არსებობს.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მთავარი პრინციპია პასუხისმგებლობის გადანაწილება სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროთა შორის, როცა სამხედროები მოქმედებენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ფარგლებში და ემორჩილებიან მხოლოდ კონსტიტუციურ ინტერესებს. კონტროლის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ სამხედროები არა მხოლოდ ფორმალურად აღიარებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, არამედ თავად ხდებიან ამ კულტურის მიმდევრები. საზოგადოებრივი აღიარება ჯარისკაცის თვითშეფასების აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, დემოკრატიულ საზოგადოებას არანაკლებ ესაჭიროება დემოკრატიის იდეალების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების აღიარება სამხედროთა მხრიდან. არმია თავის მოღვაწეობაში ანგარიშს უნდა უწევდეს მშობელი საზოგადოების ღირებულებათა სისტემას, თუნდაც რომ იგი ბოლომდე არ ეთანხმებოდეს პროფესიონალურ ეთიკას. ამასთან, საუბარი არ არის მხოლოდ სახელმწიფოში მოქმედ სამართლებრივ ნორმათა პატივისცემის საჭიროებაზე; საქმე ამ ნორმების უკან მდგომ კულტურას ეხება.
დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული სამხედრო მმართველობის ანალიზის შედეგად განისაზღვრება სამხედრო ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის ოთხი ძირითადი კრიტერიუმი:
პირველი კრიტერიუმი - სახელმწიფოში მკაფიოდ განსაზღვრული სამხედრო ძალების როლი, ფუნქცია და ამოცანები;
მეორე კრიტერიუმი - სამხედრო მმართველობის პოლიტიკურ მმართველობაზე დაქვემდებარება და შესაბამისი კომპეტენციები;
მესამე კრიტერიუმი -საპარლამენტო კონტროლი;
მეოთხე კრიტერიუმი - საზოგადოებრივი კონტროლი; სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობა.
//სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა