სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ტერორიზმი

ტერორიზმი - 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: ,,ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: ,,ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის ,,ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი - სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ“. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს:
● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.
● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;
● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ
● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ. (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი)
//რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა