სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ფედერალიზმი

ფედერალიზმი - სიტყვა „ფედერალიზმი” წარმოიშვა ლათინურისაგან “Foedus”, რაც ნიშნავს “ფედერაციას, კავშირს, შეთანხმებას». მე-18 საუკუნიდან დაწყებული, პირველ რიგში, მონტესკიეს წყალობით, ეს სიტყვა ხშირად იხმარებოდა რამდენიმე სახელმწიფოს სამართლებრივი გაერთიანების ორგანიზაციული პრინციპის აღსანიშნავად, სადაც განსაკუთრებით გამოსაყოფია მათი წევრების თვითგამორკვევა და სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. სიტყვა “ფედერალიზმმა» თავისი დღევანდელი მნიშვნელობა ჩრდილოეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ფედერალისტებსა და ანტიფედერალისტების მეტოქეობის დასრულების შემდეგ მოიპოვა. პარტიკულარიზმისა და სეპარატისტული ტენდენციებისაგან განსხვავებით, ამერიკული ფედერალიზმი, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ფედერალური ორგანოების გაძლიერებას, მაშინ, როცა ევროპული გაგებით ფედერალიზმი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი ცენტრალიზმის მუქარას ხედავდა და ამიტომ ხაზს უსვამდა ცალკეული წევრების დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობას.
ფედერალიზმი - ეს არის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის ავტონომიის უმაღლესი ფორმა.
ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ “სახელმწიფოებს” ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი:
1. სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობა (ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია არჩევნების მეშვეობით);
2. ავტონომიური კომპეტენციის არსებობა კონსტიტუციურ და საკანონმდებლო სფეროებში (იმ საკითხების გამოკლებით, რომლებიც ფედერაციის კომპეტენციას მიეკუთვნება), აგრეთვე, მართვის სფეროში;
3. იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ფინანსური რესურსებისა და ავტონომიური ბიუჯეტის ჩათვლით.
ფედერალიზმი სახელმწიფოს ისეთი მოწყობაა, როდესაც მმართველობითი ფუნქციები განაწილებულია ცენტრალურ და ფედერაციის სუბიექტებს (შტატები, მხარეები, მიწები, კანტონები და ა.შ.) შორის. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ვერტიკალური გრადაცია, რომელიც გარკვეულწილად ავსებს და სრულყოფს საყოველთაოდ აღიარებულ ხელისუფლების ჰორიზონტალურ განაწილებას.
ერთ-ერთი “მამა-დამფუძნებელი», თვალსაჩინო პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, თომას ჯეფერსონი, წერდა: “მთავრობა ხდება კარგი არა ხელისუფლების კონსოლიდაციით ან კონცენტრაციით, არამედ მისი სწორად განაწილების შედეგად.”
ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით ან ფედერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სახელმწიფო მართვის სფეროები და ელემენტები, რომლებშიც მეორე დონის ტერიტორიული ერთეულები (ფედერაციის სუბიექტები) სუვერენული არიან და მათ კომპეტენციაში ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება ვერ ჩაერევა და პირიქით, შტატებს არავითარ შემთხვევაში აქვთ უფლება ჩაერიონ მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც კონსტიტუციის (ან ფედერალური ხელშეკრულების) ძალით, მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება.
ფედერალიზმის პრინციპის შესაბამისად, ორი ან მეტი ხელისუფლება ახორციელებს ძალმოსილებას ერთი და იმავე ხალხის მიმართ და ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. შეერთებული შტატებისა და, მაგალითად, პენსილვენიის შტატის ხელისუფლებანი საზიაროდ ფლობენ ზოგიერთ უფლებამოსილებას (მაგ., გადასახადების აკრეფაზე), მაშინ, როცა სხვა უფლებამოსილებები ექსკლუზიურად განეკუთვნება ან ერთს, ან მეორეს. როგორც ჯეიმს მედისონი “ფედერალისტ 10”-ში წერდა: “ფედერალური კონსტიტუცია ქმნის დიდი საერთო ინტერესების იღბლიან კომბინაციას, რომელიც შტატების ხელისუფლებებს ეკუთვნის”. ასე მაგალითად, ფულის მოჭრა ეროვნული ხელისუფლების საქმეა, ოჯახის გაყრის უფლება კი შტატების პრეროგატივაა. ამის საპირისპიროდ, შტატების მილიცია ხანდახან ექვემდებარება ეროვნულ მთავრობას, თუმცა ძირითადად შტატების განკარგულებაშია.
//ამირანაშვილი გივი. ფედერაციული და უნიტარული (დეცენტრალიზებული) სახელმწიფოების კონსტიტუციურ - სამართლებრივი თავისებურებების დახასიათებე // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა